ჩემპიონი უფსკრულის პირას

AutoSharing Option
ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ წელს NBA-ის ახალ ჩემპიონს გავიცნობთ. "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო "დალასთან" და ყველამ კარგად იცის, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფში არავის გადაურჩენია სერია 0:3-ის შემდეგ. ასეთი შემთხვევა ისტორიაში 98-ჯერ დაფიქსირდა და ყოველთვის გამარჯვებული დაწინაურებული გუნდი გამოდიოდა.

აღმოსავლეთი
ბოსტონი-მაიამი 97:81
27:21, 17:25, 28:15, 25:20
ბ: გარნეტი (28+18 მოხსნა), პირსი (27+5 მოხსნა+5 პასი), ალენი (15+4 პასი), უესტი (11+3 პასი), რონდო (6+11 პასი), გრინი (6), ჯ. ო'ნილი (2+3 დაფარება), შ. ო'ნილი (2).
მ: უეიდი (23+7 პასი+6 მოხსნა), ჩელმერსი (17+3
პასი+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (15+7 მოხსნა+5 დაფარება+4 პასი), ენტონი (12+11 მოხსნა), ბოში (6+5 მოხსნა), ჯონსი (6), ილგაუსკასი (2).
სერია: 1-2

"ბოსტონმა" აღმავლობით ჩაატარა სერიის მესამე მატჩი და დაამტკიცა, რომ ამ დაპირისპირებაში ინტრიგა არ მომკვდარა და "მაიამის" წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რეი ალენის, კევინ გარნეტისა და პოლ პირსის ტრიომ "ბოსტონის" პირველი 23 ქულა თავის ანგარიშზე ჩაიწერა. პირველი მეოთხედის ბოლოს ღირსშესანიშნავ მომენტს ჰქონდა ადგილი - "კელტების" რიგებში დაბრუნდა შაკილ ო'ნილი. ვეტერან ცენტრს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია - 2 ქულა, ერთი შედეგიანი პასი, მაგრამ მისი გამოჩენა მაინც მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

შაკი დაბრუნდა, სამაგიეროდ, მესამე მეოთხედში "ბოსტონმა" კინაღამ დაკარგა ძირითადი გამთამაშებელი რაჟონ რონდო. მცველმა დუეინ უეიდთან შეჯახებისას სერიოზულად დაიზიანა იდაყვი და ის სხვების დახმარებით გაემართა გასახდელში. თუ რას ნიშნავს რონდო "ბოსტონისთვის", ამ სტატისტიკური მონაცემითაც კარგად ჩანს - როცა რაჟონი თამაშშია, ალენი და პირსი საშუალოდ 20.5 და 20.2 ქულას აგროვებენ, როცა რონდო ისვენებს, ეს მაჩვენებლები 9.4 და 17.7 ქულამდე ეცემა. სხვათა შორის, გუშინდელი 15 ქულა ალენმა მაშინ მიითვალა, როცა რონდო მოედანზე იყო. ერთადერთი, ვისი სტატისტიკაც არ ზარალდება, გარნეტია, რომელიც ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.

და მაინც, მთავარი გმირი არა გარნეტი ან პირსი, არამედ რონდო გახდა. ტრავმის მიუხედავად, ის მოედანზე დაბრუნდა, "ცალხელამ" გააგრძელა თამაში და ასეთ სიტუაციაში პასების დარიგებაც მოახერხა, ჩაჭრაც და ბურთის ჩატენვაც!

თუნდაც ამ თავდადების გამო არ ჰქონდა "ბოსტონს" ამ მატჩის წაგების უფლება, მით უმეტეს, რომ მასპინძლებს მეტოქეც დაეხმარა - "ჰიტმა" სამქულიანები 21-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა და კრის ბოშმა თამაშიდან ჯამში 7 ბურთი ჩააგდეს (22-დან).

"ბოსტონმა" ისევ არ წააგო "მაიამისათან" საკუთარ მოედანზე (მანამდე იყო ორი მოგება რეგულარულში) და თუ იგივეს შემდეგ მატჩშიც გააკეთებს, ფსიქოლოგიური უპირატესობა მის მხარეს გადავა. როგორც ჩანს, წინ ხანგრძლივი სერია გველოდება.


ატლანტი-ჩიკაგო 82:99
23:29, 20:27, 20:24, 19:19
ა: ტიგი (21+3 პასი), სმიტი (17+13 მოხსნა+4 პასი+4 დაფარება), ჰორფორდი (10+8 მოხსნა), ჯონსონი (10+3 პასი), უილიამსი (10), კროუფორდი (7+3 პასი), უილკინსი (4), არმსტრონგი (1), ფაჩულია (1), საი (1).
ჩ: როუზი (44+7 პასი+5 მოხსნა), გიბსონი (13+11 მოხსნა+3 დაფარება), კორვერი (11), უოტსონი (8), დენგი (7+6 მოხსნა), ბუზერი (6+6 მოხსნა), ბოგანსი (6), ნოა (2+15 მოხსნა+5 დაფარება+3 პასი), ბრიუერი (2).
სერია: 1-2


დასავლეთი
დალასი-ლეიკერსი 98:92
29:27, 18:24, 19:21, 32:20
დ: ნოვიცკი (32+9 მოხსნა), ტერი (23), სტოიაკოვიჩი (15), კიდი (11+9 პასი), ჩენდლერი (8+5 მოხსნა), ბარეა (4+5 პასი), სტივენსონი (3), მერიონი (2+8 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), ჰეივუდი (0+7 მოხსნა).
ლ: ბინუმი (21+10 მოხსნა), ოდომი (18+6 მოხსნა+3 პასი), ბრაიანტი (17+6 პასი), პ. გასოლი (12+8 მოხსნა), ბრაუნი (10), ფიშერი (9+5 პასი), ბლეიკი (5).
სერია: 3-0

მესამე მატჩში "ლეიკერსის" მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იყო, რადგან, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ტოვებდა რონ არტესტი. მისი ადგილი სასტარტოში ლამარ ოდომმა დაიკავა.

კალიფორნიელთა მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა აქცენტი მაღლებზე გააკეთა, მაგრამ ვერც ბინუმმა, ვერც გასოლმა და ვერც ოდომმა ვერ გაამართლეს ლეგენდარული სპეციალისტის იმედები. დირკ ნოვიცკიმ ისე ითამაშა, თითქოს მას არავინ იჭერდა. გასოლი ძალიან პრიმიტიულად უტევდა და დაცვაშიც არ ვარგოდა, რის გამოც ფილ ჯექსონმა ერთხელ სამართლიანად უბიძგა მკერდში ხელი. და კიდევ, სტუმრებმა ფარქვეშ ბრძოლაც წააგო - 37:39.

უცნაურია, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე სტუმრების უპირატესობა რვა ქულას შეადგენდა. "დალასი" შორეული ტყორცნების ტაქტიკაზე გადავიდა და ამან გაამართლა. სტოიაკოვიჩის ორმა სამქულიანმა, ნოვიცკისა და ტერის ზუსტმა სროლებმა, იმავე დირკისა და კიდის იდეალურმა სიზუსტემ საჯარიმოების შესრულებისას თამაშს ინტრიგა დაუბრუნა - 91:91 საფინალო სირენამდე 99 წამით ადრე.

ამის შემდეგ ნოვიცკიმ ურთულესი ბურთი ჩააგდო ორი მეტოქის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ოდომმა ააცილა, ტერიმ კი შეტევაში მოხსნა ბურთი და ფიშერის პერსონალურის შემდეგ ორი საჯარიმო ჩააგდო. "დალასი" ოთხი ქულით გავიდა წინ და ეს გამარჯვებას ნიშნავდა, რადგან დარჩენილ დროში სტუმრებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს - ფიშერის არაზუსტი პასი, კიდის ბლოკი კობიზე და გასოლის ერთი აცილებული საჯარიმო...

მემფისი-ოკლაჰომა 101:93 (ო)
22:20, 21:31, 20:25, 23:10, 15:7
მ: რენდოლფი (21+21 მოხსნა), კონლი (18+5 მოხსნა+4 პასი), მაიო (18+6 მოხსნა+4 პასი), მ. გასოლი (16+7 მოხსნა+3 დაფარება), ალენი (10), ჰადადი (5), არტური (5), იანგი (4), ვასკესი (2), ბატიე (2).
ო: უესტბრუკი (23+12 პასი+6 მოხსნა), დურანტი (22+12 მოხსნა), იბაკა (14+8 მოხსნა+6 დაფარება), ჰარდენი (12+5 მოხსნა), პერკინსი (6+13 მოხსნა), სეფოლოშა (6), კოლისონი (6), მოჰამედი (2), მეინორი (2).
სერია: 2-1

"მემფისი" აღარ ხუმრობს - დასავლეთი კონფერენციის მერვე გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება დასავლეთი კონფერენციის ფინალს, გზად კი ისეთ სასწაულებს სჩადის, რომ პლეი ოფში მისი გამოსვლა სამუდამოდ შევა ისტორიაში.

ამჯერად მასპინძლებმა სასწაულებრივ შემოაბრუნეს თითქმის წაგებული მატჩი - მესამე მეოთხედის ბოლოს "მემფისის" ჩამორჩენა 16 ქულას შეადგენდა, მაგრამ ამის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ "დათვები" ვალდებულნი იყვნენ ძირითად დროში მოეპოვებინათ გამარჯვება. საქმე ისაა, რომ ბოლო მეოთხედში "ოკლაჰომამ" მხოლოდ ათი ქულა მოიპოვა, თანაც ძირითადი დროის ბოლო 328 ზამის განმავლობაში თამაშიდან ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდო და შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა უესტბრუკის ზუსტი საჯარიმოებით მოახერხა.

მაგრამ დამატებით დროში სტუმრებს უარესი დღე დაადგათ. "მემფისი" 6:0 გაიქცა და ახლოს აღარ მიუშვა მეტოქე. საბოლოოდ ისე გამოვიდა, ბოლო 13 წუთის განმავლობაში (ოვერტაიმის" ჩათვლით) "ოკლაჰომამ" 11 (!) ქულა დააგროვა მეტოქის 30 ქულის წინააღმდეგ. ამიტომაცაა, რომ სერიაში არა ფავორიტი, არამედ პლეი ოფის სენსაციად მონათლული "მემფისი" დაწინაურდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული