პლეი ოფიდან პირველივე წრეში სამარცხვინოდ გავარდნის შემდეგ ჰოვარდის კარიერის სამომავლო გეგმებზე ბევრი ჭორი დადის. ამის მიზეზი თავად "სუპერმენის" საქციელი იყო - დუაიტმა უარი თქვა "ორლანდოსთან" კონტრაქტის გაფორმებაზე. მიმდინარე ხელშეკრულება 2012 წლის ზაფხულში იწურება.
"ყველამ იცის, რომ დუაიტს "ლეიკერსში" თამაში სურს, - ამბობს უცნობი წყარო. - ის არ აპირებს ფლორიდაში გაჩერებას, რადგან საჩემპიონო ამბიციების გუნდში გადასვლა აქვს ჩაფიქრებული".
პრესა ჰოვარდზე სავარაუდო პრეტენდენტებად
* * *
ასევე უამრავი ჭორი ვრცელდება "ფილადელფია სიქსერზის" ლიდერ ანდრე იგუოდალაზე. წერენ, რომ კალათბურთელს თავისი ამჟამინდელის კლუბის დატოვება სურს.
ამერიკელმა ჟურნალისტებმა უკვე აიტაცეს ეს თემა და მოასწრეს იგუოდალას გაცვლა "მემფისის" ლიდერ რუდი გეიში. რაც მთავარია, ეს ჭორი რეალობასთან ახლოსაა, რადგან "სიქსერზთან" დაახლოებული წყაროს ცნობით, "ფილადელფიას" ბოსები მართლაც აპირებენ ამ ზაფხულს "მემფისთან" ტრეიდის შესახებ მოლაპარაკებას.
* * *
საბერძნეთის "ოლიმპიაკოსის" ცენტრმა იოანის ბურუსისმა, შესაძლოა, NBA-ში გააგრძელოს კარიერა. 27 წლის კალათბურთელით "ოკლაჰომა-სიტია" დაინტერესებული, ტრანსფერის გაჩარხვას კი სკაუტი დევიდ ვანტერპული ცდილობს - თავის დროზე ევროპულ კლუბებში ნათამაშები აგენტი ამჟამად "თანდერთან" თანამშრომლობს.
ბურუსისი NBA-ის დრაფტის მონაწილე არასოდეს ყოფილა, მაგრამ მის კონტრაქტში, რომელიც 2012 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მკაფიოდ არის მითითებული თანხა, რომლის სანაცვლოდაც ის შეიძლება NBA-ში მოხვდეს - მილიონი ევრო.
ბერძნული პრესის ცნობით, თავად კალათბურთელი ითვალისწინებს NBA-ში მოსალოდნელ ლოკაუტს და არ სურს "ოლიმპიაკოსთან" კონტრაქტის გაწყვეტა.
ამ სეზონში ბურუსისი ევროლიგაზე საშუალოდ 10.7 ქულასა და 6.6 მოხსნას აგროვებდა.