ოვერტაიმების დღე

AutoSharing Option
"მაიამიმ" მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კონფერენციის ფინალისკენ - დარჩენილი სამი მატჩიდან ორს "ჰიტი" საკუთარ მოედანზე ჩაატარებს და წესით უნდა მოახერხოს ერთი გამარჯვების მოპოვება.

შეხვედრა "ბოსტონის" ზეწოლით დაიწყო - სტუმრებმა უბრალოდ ფეხი ვერ აუწყვეს "კელტების" ტემპს და უკვე მეორე წუთისთვის 2:9-ს აგებდნენ. ფლორიდელები არ დაბნეულან - ალენისა და რონდოს ორმა შეცდომამ და ჯერმეინ ო'ნილის ტექნიკურმა ჯარიმამ "მაიამის" ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა - 11:11.

მიუხედავად ამისა, კარგა ხანი "ბოსტონის" უპირატესობა თვალშისაცემი იყო. ერთ მომენტში სტუმრებმა ოთხი წუთი მოპოვებული ქულის გარეშე ჩაატარეს და მხოლოდ
ლებრონ ჯეიმსის მონდომების ხარჯზე შეძლეს ბრძოლაში დარჩენა. მეორე მეოთხედში გუნდებმა უფრო მეტი ყურადღება დაცვას დაუთმეს, თუმცა ეს საქმე "ბოსტონს" უკეთ გამოუვიდა და მასპინძლები ისევ წინ გაიჭრნენ - 42:31, მაგრამ იქვე უეიდმა და ჯეიმსმა არათუ აღადგინეს თანაფარდობა, დიდ შესვენებამდე სამი წუთით ადრე "მაიამი" პირველად გაიყვანეს წინ.

ამის შემდეგ ქულა ქულაში თამაში ძირითადი დროის ბოლომდე გაგრძელდა. 48 წამით ადრე ლებრონმა ურთულესი ბურთი ჩააგდო და "მაიამი" წინ გავიდა - 86:84. მაგრამ პირსმა დაახლოებით ასეთივე სტილში მოათავსა ბურთი კალათში - 86:86, შემდეგ კი მასვე შეეძლო გამარჯვება მოეტანა "ბოსტონისთვის". ჯეიმსის შეცდომის შემდეგ პირსმა მოიპოვა ბურთი და ხუთი მეტრიდან სროლა მოასწრო. ბურთმა კალათის თავზე იტრიალა, მაგრამ არ ჩავარდა. როგორც აღმოჩნდა, პოლის ეს აცილებული ტყორცნა საბედისწერო აღმოჩნდა მასპინძელი გუნდისთვის.

ოვერტაიმში "მაიამის" უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევდა. თავიდან თითქმის წაქცეულმა ლებრონმა მოახერხა ორქულიანის ჩაგდება, შემდეგ უეიდმა და ჯეიმსმა იდეალური კომბინაცია გაითამაშეს და უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბოშს ჩააგდებინეს, უეიდის შორეული ტყორცნის შემდეგ კი სხვაობა 7 ქულამდე ავიდა. "კელტებს" გადარჩენის შანსი თითქმის აღარ ჰქონდათ. პირსი მარტო იბრძოდა და მისი მონდომება სხვაობის სამ ქულამდე შემცირებისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ეს არ მოეწონათ ბოშსა და უეიდს და იქვე აღადგინეს კომფორტული უპირატესობა. საბოლოოდ, 98:90 და როგორც გითხარით, "მაიამის" კონფერენციის ფინალში გასასვლელად ერთი ნაბიჯის გადადგმა დარჩა.
აღსანიშნავია, ფლორიდელთა "დიდი ტრიოს" შედეგიანობა - გუნდური 98 ქულიდან ლებრონის, უეიდისა და ბოშის ანგარიშზე 83 (!) ქულა მოდის.

აღმოსავლეთი
ბოსტონი-მაიამი 90:98 (ო)
31:28, 22:22, 20:19, 13:17, 4:12
ბ: პირსი (27+8 მოხსნა+3 პასი), ალენი (17), რონდო (10+5 პასი), უესტი (10+3 ჩაჭრა), ჯ. ო'ნილი (8), გარნეტი (7+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), გრინი(7), დევისი (4).
მ: ჯეიმსი (35+14 მოხსნა+3 პასი+3 ჩაჭრა), უეიდი (28+9 მოხსნა+4 პასი), ბოში (20+12 მოხსნა), ენტონი (4+2 დაფარება), ბიბი (4), ჩელმერსი (3), ილგაუსკასი (2), ჯონსი (2).
სერია: 1-3

"ოკლაჰომამ" უესტბრუკისა და დურანტის ბრწყინვალე თამაშით მესამე ოვერტაიმში გამოსტაცა გამარჯვება "მემფისს", სერიაში ანგარიში გაათანაბრა და დაიბრუნა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

არადა, თამაშის დასაწყისი ისეთი იყო, რომელიც "მემფისს" არანაირ გართულებას არ უქადდა. მარკ გასოლისა და ტონი ალენის აქტიურობით, აგრეთვე პერკინსის, იბაკასა და უესტბრუკის შეცდომებით მასპინძლებმა 8:0-ით დაიწყეს თამაში. "გრიზლისი" ამით არ დაკმაყოფილდა და მორიგი სპურტის წყალობით (19:6) მეორე მეოთხედის დასაწყისისთვის უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა. ეს არც იყო გასაკვირი - 483 წამში "ოკლაჰომამ" თამაშიდან შვიდივე ტყორცნა ააცილა, სამჯერ დაკარგა ბურთი და ექვსი ჯარიმიდან მხოლოდ 4 გამოიყენა.

მაგრამ როგორც კი მოედანზე დურანტი და უესტბრუკი დაბრუნდნენ, "თანდერის" საქმეები კარგად წავიდა, თუმცა საპასუხო სპურტს საფუძველი არა მათ, არამედ ჰარდენმა და კუკმა ჩაუყარეს. ამ დუეტის დაწყებული საქმე სხვებმა გააგრძელეს და "დათვების" უპირატესობისგან მხოლოდ ოთხი ქულა დარჩა.

თითქმის თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა მესამე მეოთხედმა - რენდოლფის მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა მორიგი გაქცევის ორგანიზებისთვის. უფრო მეტიც, მოულოდნელად გააქტიურებული ნაზრ მოჰამედის მონდომებით, აგრეთვე დურანტისა და მეინორის სამქულიანებით სტუმრები 83:78 დაწინაურდნენ.

ორი წუთის შემდეგ კი მატჩმა კინაღამ საბოლოოდ დაკარგა ინტრიგა - უესტბრუკმა ერთ შეტევაში სამი ქულა დააგროვა და საფინალო სირენამდე 5 წუთითა და 24 წამით ადრე სხვაობამ 10 ქულას მიაღწია. ამის შემდეგ "მემფისმა" მეტოქის შეცდომები გამოიყენა და "თანდერის" უპირატესობა 3 ქულამდე დავიდა, თუმცა უესტბრუკმა და დურანტმა იქვე სხვაობა 7 ქულამდე აიყვანეს - თამაშის დასრულებამდე წუთი და 55 წამი რჩებოდა.

საოცარია, მაგრამ ისევე როგორც სერიის მესამე მატჩში, "ოკლაჰომამ" ამჯერადაც გაფლანგა ეს კომფორტული უპირატესობა. ყველაფერი უნდა დაესრულებინა კენდრიკ პერკინსს, მაგრამ "+3"-ზე ორი ჯარიმა ვერ გამოიყენა, ამას მაიკ კონლის სამქულიანი მოჰყვა და ძირითადი დრო 96:96 დასრულდა.

პირველ ოვერტაიმში მასპინძლები ისევ რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ - სხვაობა კვლავ შვიდი ქულა გახდა და კვლავ შეძლო გადარჩენა "მემფისმა". მაიომ ორჯერ შორიდან ჩააგდო, რენდოლფმა ორი საჯარიმო გამოიყენა, ვასკესმა კი რვა მეტრიდან ფანტასტიკური ბურთი მოათავსა კალათში და გუნდებმა ისევ ყველაფერი თავიდან დაიწყეს.

მეორე ოვერტაიმში უფრო დასამახსოვრებელი იყო რენდოლფისა და კოლისონის წაკინკლავება. საინტერესოა, რომ ზედიზედ მესამედ ბოლო შეტევის უფლება "ოკლაჰომამ" მიიღო და კვლავ ვერ გამოიყენა ეს შანსი - უესტბრუკმა კარგად ჩამოიცილა მეურვე, მაგრამ მთავარი არ გამოუვიდა - ვერ ჩააგდო. ბურთი ოდნავ შეეხო კალათს და მოედანზე დავარდა - 119:119.

მესამე ოვერტაიმში კი ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, "მემფისს" მონდომება, ძალა და რესურსი აღარ ეყო. ზედმეტი პერსონალურების გამო მოედანი დატოვეს მაიომ და კონლიმ და მათ გარეშე ბრძოლა ძალიან გართულდა. ყველაფერი მაშინ გადაწყდა, როცა "მინუს 2"-ზე რენდოლფმა და ვასკესმა მარტივი ბურთები ააცილეს, ხოლო 49 წამით ადრე იმავე რენდოლფის შეცდომამ მასპინძელთა იმედები საბოლოოდ დაასამარა.


დასავლეთი
მემფისი-ოკლაჰომა 123:133 3ო
28:16, 25:33, 19:22, 24:25, 13:13, 10:10, 4:14
მ: რენდოლფი (34+16 მოხსნა+3 პასი), მ. გასოლი (26+21 მოხსნა+3 პასი), მაიო (18+5 მოხსნა+5 პასი), კონლი (16+5 პასი), ვასკესი (14), ბატიე (7+3 პასი+2 დაფარება), ალენი (6), არტური (2), ჰადადი (0+2 დაფარება).
ო: უესტბრუკი (40+5 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა+2 დაფარება), დურანტი (35+13 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჰარდენი (19+7 მოხსნა+7 პასი+3 დაფარება), კუკი (10), იბაკა (7), მოჰამედი (7+2 დაფარება), პერკინსი (4+8 მოხსნა), სეფოლოშა (4), კოლისონი (4), მეინორი (3).
სერია: 2-2
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული