"ვფიქრობ, ეს ძალიან მალე მოხდება. ამჟამად საჭირო არ არის ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შაკი დაასრულებს კარიერას", - ამბობს ეინჯი ESPN-თვის მიცემულ კომენტარში.
ამ ვარაუდის გაზიარება სავსებით შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ პირველი თებერვლის შემდეგ ო'ნილს მხოლოდ სამ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, რისი მიზეზიც აქილევსის მყესის ტრავმა გახლავთ.
* * *
პრობლემები აქვს შაკის
"ჯერმეინმა სრულფასოვანი სეზონი ვერ ჩაატარა. მარჯვენა ხელი მუდმივად აწუხებდა და ამან გავლენა იქონია მის სათამაშო ფორმაზე. მართალია, მოტეხილობა თავიდან აიცილა, მაგრამ ოპერაცია მაინც აუცილებელია", - განაცხადა დენი ეინჯმა.
"სელტიქსის" კიდევ ერთ მოთამაშეს რაჟონ რონდოს გაუმართლა - იდაყვის ტრავმა იმდენად სერიოზული არ აღმოჩნდა, რომ მცველს ოპერაციისთვის მიემართა.
* * *
სანამ ბოსტონელი კალათბურთელები ტრავმებს იმკურნალებენ, კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელის საკითხი დადებითად მოაგვარა. "მაიამისთან" წაგებული სერიის შემდეგ "კელტების" დამრიგებელმა დოკ რივერსმა გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა და კლუბის ბოსებმა მაშინვე შემხვედრი ნაბიჯი გადადგეს.
მხარეებმა უკვე გააფორმეს ხუთწლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც რივერსი ჯამში 35 მილიონ დოლარს მიიღებს. ამ ხელშეკრულების მიხედვით დოკი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება. აქამდე, NBA-ში ყველაზე მაღალი ხელფასები "სან ანტონიოსა" და "ნიუ იორკის" დამრიგებლებს - გრეგ პოპოვიჩსა და მაიკ დ'ანტონის ჰქონდათ. მათი წლიური ჯამაგირი დაახლოებით 6 მილიონი დოლარი გახლავთ.