ფავორიტმა მაინც იძალა

AutoSharing Option
"ოკლაჰომა-სიტიმ" კევინ დურანტის 39 ქულისა და რასელ უესტბრუკის სამმაგი დუბლის (14 ქულა, 14 პასი, 10 მოხსნა) წყალობით გაანადგურა "მემფისი" და დასავლეთი კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც "დალასთან" სერია ელის.

სხვათა შორის, ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი სერია ამ პლეი ოფში, რომელშიც ურთიერთობა შვიდ მატჩამდე გაიწელა. ფავორიტის დასახელება ყველას უჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ "ოკლაჰომა" შინ თამაშობდა, "მემფისისგან" ყველა მიეჩვია სიუპრიზებს და ამ მატჩშიც ზაკ რენდოლფის გუნდისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი.

ოკლაჰომელი ფანების აქტიურობამ არ დააფრთხო "მემფისი", რომელმაც პირველი მეოთხედის შუაში ხუთქულიანი უპირატესობის მიღება მოახერხა.
ამის შემდეგ მასპინძელთა დამრიგებელმა სკოტ ბრუქსმა მოედანზე ნიკ კოლისონი შეუშვა და სწორედ ამ ფორვარდმა ითამაშა ყველაზე კარგად რენდოლფის წინააღმდეგ.

მეოთხედის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ნიკმა ორჯერ ბრწყინვალედ ითამაშა დაცვაში - რენდოლფს მოუმზადებლად ასროლინა და ცოტა ხანში კონლის დაუფარა. უესტბრუკის გარღვევის შემდეგ ანგარიში 14:15 გახდა და ამჯერად ტაიმ-აუტის აღება ჰოლინზს მოუწია.
პირველი მეოთხედის ბოლო და მეორეს დასაწყისი ნაკლებად შედეგიანი იყო. ორივე გუნდი სამი წუთი ვერ ახერხებდა ბურთის ჩაგდებას, სანამ მეინორმა არ მოათავსა სამქულიანი კალათში. ცოტა ხანში იგივე დურანტმა გააკეთა, პერკინსმა კი ხუთი მეტრიდან ჩააგდო და მასპინძლების უპირატესობა 10 ქულამდე ავიდა.

ამ პერიოდში "მემფისი" ძალიან ცუდად გამოიყურებოდა შეტევაში, მაგრამ დაბალი რეალიზაციის მიუხედავად, სტუმრებმა მოახერხეს პირველი ტაიმის რვაქულიანი ჩამორჩენით დასრულება, რითაც მატჩის გადარჩენის შანსი დაიტოვეს.

ეს შანსი მესამე მეოთხედის შუაში გაჩნდა, როცა "გაიღვიძა" რენდოლფმა და ზედიზედ რამდენიმე ბურთი ჩააგდო, ამას ერთი ზუსტი ტყორცნა ტონი ალენმაც დაუმატა და სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდა. სწორედ ამ დროს გამოვიდა სცენაზე დურანტი. მისი სოლო უესტბურკის პასის შემდეგ შესრულებული ჩატენვით დაიწყო და ორი სამქულიანით დასრულდა, რომელთა შორის ერთი საშუალო მანძილიდან ჩაგდებული ბურთიც იყო. ორი შორეული ტყორცნა ჰარდენმაც მიითვალა - სამ წუთში ოთხმა სამქულიანმა გატეხა "მემფისის" წინააღმდეგობა, მით უმეტეს, რომ მესამე მეოთხედის ბოლოს იმავე ჰარდენმა კიდევ ერთხელ გაისროლა შორი მანძილიდან - 72:58 და მატჩის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო.

მეოთხე მეოთხედის ერთადერთი ინტრიგა შემდეგში მდგომარეობდა - შეძლებდა თუ არა უესტბრუკი სამმაგი დუბლის შესრულება. ტრიპლ-დაბლი შედგა, რის შემდეგაც შეხვედრას რეზერვისტები ასრულებდნენ - 105:90.

დასავლეთი
ოკლაჰომა-მემფისი 105:90
21:17, 21:17, 30:24, 33:32
ო: დურანტი (39+9 მოხსნა+3 დაფარება), ჰარდენი (17+4 მოხსნა+4 ჩაჭრა+3 პასი), უესტბრუკი (14+14 პასი+10 მოხსნა), კოლისონი (8+12 მოხსნა), მოჰამედი (6), რობინსონი (5), პერკინსი (4+2 დაფარება), სეფოლოშა (4), ივეი (3), მეინორი (3), იბაკა (2).
მ: კონლი (18+6 პასი+5 მოხსნა), რენდოლფი (17+10 მოხსნა), მაიო (14+5 მოხსნა), გასოლი (12+7 მოხსნა+2 დაფარება), ალენი (7+4 ჩაჭრა), არტური (5), ვასკესი (5), ბატიე (4), პოუ (2), ჰადადი (2).
სერია: 4-3

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული