შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდებისთვის დამახასიათებელ სწრაფ ტემპში დაიწყო. "მავერიქსს" ძალიან დამაჯერებელი სასტარტო გაქცევა გამოუვიდა - 8:2, თუმცა მოედანზე ასეთ მდგომარეობას არ შეურიგდა რასელ უესტბრუკი. მან კევინ დურანტთან ერთად ჩამორჩენა გააბათილა, მოედანზე ჯეიმს ჰარდენის გამოსვლის შემდეგ კი მასპინძლებმა წინ გასვლაც მოახერხეს.
პირველ ტაიმში რეზერვისტთა თამაში მნიშვნელოვანი ფაქტორი გახ
მესამე მეოთხედში თანაბარი თამაში იყო - თითოეულ მინი-სპურტს მეტოქე საკუთარი სპურტით პასუხობდა. ბოლოსკენ სულელური ტექნიკური პერსონალურით გაბრაზებულმა უესტბრუკმა ფანტასტიკური გარღვევა განახორციელა და დროებით "დალასის" დაცვის პრობლემები გამოაჩინა. სხვათა შორის, მთელი მეოთხედი დირკ ნოვიცკი ცენტრის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა ამ სქემას მასპინძლებისთვის განსაკუთრებული დივიდენდები არ მოუტანია. სამაგიეროდ, "დალასმა" მაქსიმალურად შეინარჩუნა ძირითადი ცენტრი ტაისონ ჩენდლერი, რომელსაც ოთხი პერსონალური ჰქონდა.
ბოლო მეოთხედის პირველი ნახევარი იმაზე მიანიშნებდა, რომ "კოვბოებს" ოკლაჰომაში მოუწევდათ გამგზავრება მეექვსე მატჩის სათამაშოდ. დურანტი და კომპანია სტაბილურად ინარჩუნებდა 6-8-ქულიან უპირატესობას. საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე "თანდერის" ჰანდიკაპი 7 ქულას შეადგენდა. მასპინძლები მორიგი მატჩის გადასარჩენად მოემზადნენ. ამჯერად ბოლო ხუთ წუთში არა 15, არამედ შვიდი ქულა იყო "დასაქაჩი", რაც შედარებით ამარტივებდა ამოცანას. მხსნელის როლი კი ისევ ნოვიცკიმ მოირგო. და როგორც ყოველთვის, დირკის წინააღმდეგ "ოკლაჰომას" დაცვა ან შედეგს არ იძლეოდა, ან მსაჯები ჯარიმებს უსტვენდნენ, რომლებსაც ნოვიცკი ისევ 100-პროცენტიანი სიზუსტით ესროდა (ამ პლეი ოფში დირკს ჯარიმების რეალიზაციის საუკეთესო პროცენტი აქვს - 92.4).
გერმანელს მერიონის თავგანწირული თამაშიც დაეხმარა და საბოლოოდ, რიკ კარლაილის შეგირდებმა შეძლეს სხვაობის გაბათილება. ყველაზე დაძაბულ წუთებში სტუმრებს ნერვებმა უმტყუნეს. თავიდან უესტბრუკმა ისე დაივიწყა პარტნიორები, ზედიზედ ორი შეცდომა დაუშვა და ნოვიცკიმ მეორე ცდიდან მეტად საჭირო სამქულიანი ჩააგდო. შემდეგ, ყოვლად გაუგებარი მიზეზით მატჩის ბოლო წუთზე, როცა ბრძოლის ბედი ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, "გმირობანას" თამაში გადაწყვიტა ერიკ მეინორმა - მან საშუალო მანძილიდან ააცილა, რასაც "დალასის" სწრაფი გარღვევა და მერიონის ორქულიანი მოჰყვა. ბოლო წამებზე ჰარდენისა და დურანტის სამქულიანებმა შედეგი ვერ მოიტანეს და "ოკლაჰომამ" უკვე მერამდენედ წააგო მეოთხე მეოთხედი, მასთან ერთად მატჩი და სერია.
პირველად 2006 წლის შემდეგ და მეორედ არსებობის ისტორიაში "დალასი" NBA-ის ფინალში ითამაშებს. საინტერესოა, რომ თუ "მაიამი" ასევე 4:1-ს მოუგებს "ჩიკაგოს", პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ფინალური სერია მაისში დაიწყება - პირველი მატჩი 31-ში გაიმართება. თუ აღმოსავლეთში სერია გაიწელა, ფინალის სტარტი 2 ივნისს შედგება.
დასავლეთი
დალასი-ოკლაჰომა 100:96
26:27, 26:28, 20:21, 28:20
დ: ნოვიცკი (26+9 მოხსნა), მერიონი (26+8 მოხსნა+3 პასი+3 დაფარება), ბარეა (14+5 პასი), ტერი (12), ჩენდლერი (9+9 მოხსნა+2 დაფარება), ჰეივუდი (7), სტოიაკოვიჩი (3), კიდი (2+10 პასი+7 მოხსნა), სტივენსონი (1).
ო: უესტბრუკი (31+8 მოხსნა+5 პასი), დურანტი (23+9 მოხსნა), ჰარდენი (23+6 პასი+5 მოხსნა), კოლისონი (12+12 მოხსნა+2 დაფარება), მეინორი (5), იბაკა (2), პერკინსი (0+8 მოხსნა).
სერია: 4-1