NBA: დიდი ფინალი დაიწყო

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით დილის ხუთ საათზე დაიწყო ფინალური სერია "მაიამი ჰიტსა" და "დალას მავერქისს" შორის. ეს არის 2006 წლის ფინალის გამეორება. მაშინ "ჰიტმა" საკმაოდ იოლად მოიგო სერია, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან 0:2 ჩამორჩა. ამჯერადაც ფავორიტად "მაიამი" მიიჩნევა, თუმცა რეგულარულ ჩემპიონატში "დალასმა" ორივეჯერ მოუგო თავის დღევანდელ მეტოქეს.

ხუთი წლის წინანდელი ფინალის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თითოეულ გუნდში იმ დაპირისპირებიდან ორ-ორი კალათბურთელი შემორჩა: "მაიამიში" დუეინ უეიდი და უდონის ჰასლემი, "დალასიდან" - დირკ ნოვიცკი და ჯეისონ ტერი. თუ უეიდი ყოველ მატჩში სულ უფრო
უარესად თამაშობს, გერმანელი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

თუმცა "ჰიტს" ჰყავს ლებრონ ჯეიმსი. ასეთი კადრი "მავერიქსის" შემადგენლობაში არ მოიძებნება, სამაგიეროდ ტექსასელებს გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვთ. სწორედ ეს არის "დალასის" კოზირი და მთავარი საკითხი მომავალ დაპირისპირებაში: შეძლებს თუ არა "დიდი ტრიო" არ ჩაიკარგოს "დალასის" ღრმა რეზერვში?

პლეი ოფის მატჩებში უეიდს, ჯეიმსსა და კრის ბოშს შეტევაში მხარდაჭერა თითქმის არ აქვთ. მაიკ ბიბი, მაიკ მილერი და ჯეიმს ჯონსი იერიშებისას დიდად ვერ ბრწყინავენ. განსაკუთრებით ცუდად არის საქმე სამქულიანების მხრივ. თუ რეგულარულ ჩემპიონატში ჯონსი საშუალოდ მატჩში ოთხ შორეულ ტყორცნას ათავსებდა კალათში, პლეი ოფში ეს მაჩვენებელი ორსაც ვერ აღწევს. იმის გათვალისწინებით, რომ "დალასი" შესანიშნავად ისვრის შორიდან, ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს ფინალურ სერიაში.

"მაიამის" კოზირებზე ლაპარაკისას უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი - აუცილებლად გასათვალისწინებელია ლებრონ ჯეიმსის ფაქტორი. "მეფე გვირგვინის გარეშე" - ეს კომპლექსი ყოველწლიურად სულ უფრო მძიმე ხდება ლებრონისთვის. "მაიამიში" სწორედ ჩემპიონობის მოსაგებად მოვედი, - აღიარა "დალასთან" სერიის წინ ჯეიმსმა. - სეზონის დასაწყისში ბევრი რამ არ გამოგვდიოდა, მაგრამ ახლა შეთამაშებულები ვართ და კარგად გვესმის ერთმანეთის. არ ვცდილობ ყოველ მატჩში 30 ქულის დაგროვებას. პირადი სტატისტიკა არ მაინტერესებს. ერთადერთი, რაც მინდა - საჩემპიონო ბეჭედია".

სწორედ კარიერაში ამ ერთადერთ ნაკლს ახსენებენ ლებრონს მისი არაკეთილისმსურველები. როგორ შეიძლება მაიკლ ჯორდანთან შედარება, თუ ამ უკანასკნელმა "ჩიკაგო" ექვსჯერ მიიყვანა ჩემპიონობამდე, ჯეიმსის გუნდები კი საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ფინალამდე აღწევდნენ?

პროგნოზებზე მსჯელობისას უმრავლესობა უპირატესობას "მაიამის" ანიჭებს. მაგრამ შეძლებს კი "ჰიტი" ამ მოლოდინის გამართლებას? სხვათა შორის, წლევანდელ რეგულარულში "მაიამის" ერთხელაც არ მოუგია "დალასისთვის". ერთი საინტერესო დეტალი: "მავერიქსის" საუკეთესო სათადარიგო მოთამაშემ ჯეისონ ტერიმ სეზონის მსვლელობისას ახალი ტატუ გაიკეთა - საჩემპიონო თასი. და ის არ აპირებს სხეულიდან ამ ნახატის წაშლას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული