სერია მაიამიში დასრულდება

AutoSharing Option
შინ პირველივე მატჩში დამარცხების შემდეგ "დალასს" მეოთხე შეხვედრაში წაგების უფლება აღარ ჰქონდა. ეს იცოდა "მავერიქსის" დამრიგებელმა რიკ კარლაილმა და მან პირველი მოულოდნელი ნაბიჯი მატჩის წინ გააკეთა: სასტარტო ხუთეულში დეშოუნ სტივენსონი ხოსე ბარეათი შეცვალა.

თუმცა რა ცვლილებებიც არ უნდა განახორციელოს "კოვბოების" დამრიგებელმა, "დალასის" მთავარი იარაღი მაინც დირკ ნოვიცკის შედეგიანობაა. გერმანელმა ფორვარდმა თავისი გუნდის პირველი ექვსი ქულა მიითვალა და მასპინძლები 6:0 გავიდნენ წინ. თუმცა "დალასს" ხეირიანი გაქცევა მაინც არ გამოუვი
და და პირველ ხუთ წუთში ქულა აღარ აუღია. ორჯერ ააცილა ნოვიცკიმ, თითოჯერ ბარეამ და მერიონმა, კიდმა ორჯერ დაკარგა ბურთი და შედეგად, კრის ბოშის ექვსი ქულით ანგარიში გათანაბრდა - 6:6.

მართალია, "ჰიტი" დებიუტში ცუდად ისროდა, მაგრამ თამაში მაინც თანაბარი იყო. პირველად ფლორიდელები წინ პირველი მეოთხედის დასრულებამდე 19 წამით ადრე გავიდნენ - ლებრონ ჯეიმსმა თეატრალურად გააფორმა ბრენდან ჰეივუდთან შეხება, რამაც კარლაილის აღშფოთება გამოიწვია და მწვრთნელმა ამის გამო ტექნიკური პერსონალური მიიღო.

მეორე მეოთხედი "ჰიტმა" 7:0 გაქცევით დაიწყო, რასაც "მავერიქსის" ტაიმ-აუტი მოჰყვა. ამის შემდეგ სტივენსონმა ორი სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ მის გარდა მასპინლებიდან ვერავინ ისროდა ზუსტად, თანაც "დალასს" დაცვაც არ უვარგოდა, რისი მაჩვენებელიცაა პირველი 16 წუთის განმავლობაში "მაიამის" მიერ შეტევაში მოხსნილი 10 ბურთი.

"მავერიქსი" მიხვდა ამ ნაკლს და მკვეთრად მოუმატა დაცვაში თამაშს - "მაიამის" ზედიზედ რამდენიმე შეტევა უშედეგოდ დასრულდა. შედეგად "დალასმა" 9:0 სპურტი გამოაცხო და სპოელსტრას ტაიმ-აუტის აღება მოუწია. პაუზა დროული იყო - მისმა შეგირდებმა შეაჩერეს მეტოქე და დიდ შესვენებამდე უპირატესობაც შეინარჩუნეს, ოღონდ ის მხოლოდ ორ ქულას შეადგენდა.

მესამე მეოთხედში გუნდები ერთმანეთს ეფექტური შეტევებით პასუხობდნენ. მაქსიმალურმა სხვაობამ 5 ქულა შეადგინა სტუმრების სასარგებლოდ. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში კი "ჰიტმა" მატჩში ყველაზე დიდი სხვაობით წაიყვანა ანგარიში - უდონის ჰასლემის ზუსტი საშუალო ტყორცნის შემდეგ ანგარიში გახდა 74:65. კარლაილმა იგრძნო, რომ საქმე მეორე საშინაო წაგებამდე მიდიოდა და ტაიმ-აუტი აიღო.

"დალასის" გადარჩენის ოპერაცია ტერიმ დაიწყო, რომელმაც ზედიზედ ორჯერ ჩააგდო. მასპინძლებმა მაქსიმალურად აგრესიულად დაიწყეს დაცვაში თამაში, რითაც სულ მალე ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირეს. ამის შემდეგ ნოვიცკის დრო დადგა. წინა ორ მატჩში გერმანელი თავისი გუნდის ბოლო 9 და 12 ქულას აგროვებდა, ამიტომაც "მაიამი" სწორედ აქედან ელოდა საფრთხე.

მაგრამ სხვაობა მინიმუმამდე სხვა კალათბურთელმა შეამცირა - ტერის აცილების შემდეგ შეტევაში მოხსნა ჩენდლერმა და ორქულიანი ჩააგდო - საფინალო სირენამდე 5 წუთითა და 43 წამით ადრე ანგარიში გახდა - 77:78.

შემდეგ შეტევაში ბოშმა ბურთი დაკარგა და გაქცეულმა ტერიმ უკვე წინ გაიყვანა თავისი გუნდი. სპოელსტრამ ტაიმ-აუტი არ აიღო და იქვე მისმა შეგირდებმა მორიგი შეცდომა დაუშვეს. ჩენდლერმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და "მაიამის" მწვრთნელს მოუწია პაუზის აღება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლოსკენ დირკი სულ უფრო ხშირად იღებდა ბურთს, მაგრამ ამჯერად ტყორცნები არ მისდიოდა. თუმცა მატჩის დასრულებამდე 2 წუთითა და 16 წამით ადრე სწორედ მან აიყვანა "დალასის" უპირატესობა 4 ქულამდე - 82:78. ხუთნახევარი წუთით "ჩაძინებული" სტუმრები გამოფხიზლდნენ, ჯერ 82:80 გახადეს ანგარიში, შემდეგ კი დუეინ უეიდმა ერთი საჯარიმო გამოიყენა და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.

ტაიმ-აუტის შემდეგ ტექსასელებმა პროგნოზისამებრ ბურთი ნოვიცკის მიაწოდეს. მან პაუზა გააკეთა, ფარქვეშ შევიდა და ჰასლემის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ზუსტად ისროლა - 84:81. რჩებოდა 14.4 წამი.

სტუმრებმა ხუთ წამში ისევ ერთ ქულამდე შეამცირეს სხვაობა - ფარქვეშ შესულ უეიდს წინააღმდეგობა არავინ გაუწია. ამის შემდეგ ლებრონმა შეგნებული ჯარიმა აიღო ტერიზე. ვეტერანმა მასპინძლები არ დააღალატა - ორივე საჯარიმო ჩააგდო და სამქულიანი სხვაობა აღადგინა - 86:83. სპოელსტრამ ბოლო ტაიმ-აუტი აიღო. ცხადი გახლდათ, რომ დარჩენილ 6.7 წამში "მაიამის" მხოლოდ სამქულიანი თუ უშველიდა. გვერდითი ხაზიდან ბურთი მაიკ მილერმა შემოიტანა. თითქოს კარგი პასი გაუკეთა უეიდს, მაგრამ ამ უკანასკნელს მოულოდნელად დაჭერილი ბურთი ხელიდან გაუვარდა. მართალია, უეიდმა შეძლო "ჰიტის" ნახევრისკენ გაგორებული ბურთის აღება და მილერისთვის პასის მიცემა, მაგრამ ხარისხიანი სროლისთვის დრო აღარ იყო და მაიკს უმისამართო ტყორცნა გამოუვიდა.

სერიაში ანგარიში გათანაბრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალში მინიმუმ ორ მატჩს კიდევ ვნახავთ. სერია ნებისმიერ შემთხვევაში მაიამიში დასრულდება.

დალასი-მაიამი 86:83
21:21, 24:26, 20:22, 21:14
დ: ნოვიცკი (21+11 მოხსნა), ტერი (17+3 პასი+3 ჩაჭრა), მერიონი (16), ჩენდლერი (13+16 მოხსნა), სტივენსონი (11), ბარეა (8+4 პასი), კიდი (0+3 პასი+3 ჩაჭრა), სტოიაკოვიჩი, კარდინალი, ჰეივუდი, ბრიუერი.
მ: უეიდი (32+6 მოხსნა+2 დაფარება), ბოში (24+6 მოხსნა), ჯეიმსი (8+8 მოხსნა+7 პასი), მილერი (6), ჩელმერსი (5+6 პასი+3 ჩაჭრა), ჰასლემი (4), ენტონი (4+8 მრხსნა), ჰოვარდი, ბიბი.
სერია: 2-2
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული