მატჩის წინ "ჰიტის" დამრიგებელმა ერიკ სპოელსტრამ შემადგენლობაში გარკვეული გადაადგილებები მოახდინა. ასე მაგალითად, როგორც იქნა, სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა "მაიამის" საუკეთესო გამთამაშებელი მარიო ჩელმერსი, ფორმიდან ამოვარდნილი მაიკ ბიბი კი ღრმა რეზერვში გადაისროლეს. სათადარიგოთა სკამიდან კი მოედანზე ვეტერანი ედი ჰაუსი შედიოდა. როგორც აღმოჩნდა, ამ გადაადგილებებმა მხოლოდ სარგებლობა მოუტანა "ჰიტს".
პირველმა წუთებმა მასპინძელთა კარნახით ჩაიარა. წინა მატჩების ჩაგდებისთვის გვარიანად გაკრიტიკებულმა
თუმცა "დალასი" ამის გამო დიდად არ დანაღვლიანებულა. ბარეას შესანიშნავი თამაშით სტუმრებმა მეტოქეს შორს წასვლის საშუალება არ მისცეს, ცოტა ხანში კი წინ გასვლაც მოახერხეს. თავის მხრივ, უკან დახევას არც "მაიამი" აპირებდა. ტაიმ-აუტის შემდეგ მეოთხედის შუა ნაწილიდან მოყოლებული, "ჰიტი" უკანმოუხედავად გაიქცა. შესანიშნავი შეთამაშება აჩვენეს "დიდი ტრიოს" წევრებმა და ამან მასპინძლებს ცხრაქულიანი უპირატესობა მოუტანა. რიკ კარლაილმა მაშინვე უპასუხა - საუკეთესო სათადარიგო ჯეისონ ტერი შეუშვა მოედანზე. მცველი შესანიშნავად ჩაერთო თამაშში და რამდენიმე წუთში გაათანაბრა სიტუაცია. თუმცა სტუმრებს პრობლემები მრავლად ჰქონდათ. გარდა იმისა, რომ დირკ ნოვიცკიმ და ტაისონ ჩენდლერმა ორ-ორი სწრაფი ფოლი მიიღეს, გერმანელს სროლა საერთო არ მისდიოდა. პირველ ტაიმში "მავერიქსის" ლიდერმა თამაშიდან 12-ჯერ ისროლა და მხოლოდ ერთი ჩააგდო.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ტექსასელები პირველ შესვენებაზე ხუთქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე მეოთხედი "დალასის" შთამბეჭდავი გაქცევით დაიწყო. წარმოიდგინეთ - ჯერ კიდევ პირველი 12-წუთეულის მსვლელობისას კარლაილის შეგირდები ცხრა ქულას აგებდნენ, მეორე მეოთხედის პირველ წუთებში კი მათი უპირატესობა 12 ქულას შეადგენდა! როგორც ყოველთვის, სტუმრები შორეული ტყორცნებით აწუხებდნენ მეტოქეს, მთავარი სნაიპერი კი დეშოუნ სტივენსონი გახდა, რომელმაც მოკლე დროში სამი სამქულიანი მოათავსა კალათში.
თუმცა "ჰიტმა" მოიგერია შემოტევა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "მაიამიმ" კონტრდარტყმა მაშინ განახორციელა, როცა სპოელსტრამ სათადარიგოთა სკამზე დასვა ჯეიმსი. მის ნაცვლად შემოსული ედი ჰაუსი შესანიშნავად ჩაერთო გუნდურ თამაშში. მას კარგად გამოსდიოდა საფირმო სამქულიანები. გარდა ამისა, საუკეთესო თვისებები გამოავლინა კრის ბოშმა. თავის თანაგუნდელებს შორის მას ყველაზე კარგად მისდიოდა თამაში, მაგრამ მაინც ვერ გახდა თავისი გუნდის წარმატების მთავარი ფაქტორი. ამასობაში, ჰაუსის კიდევ ერთმა სამქულიანმა მასპინძლები წინ გაიყვანა. იქვე დეშოუნ სტივენსონმა ჩხუბი აუტეხა უდონის ჰასლემსა და მარიო ჩელმერსს. არბიტრებმა სამივეს ტექნიკური პერსონალურები ჩამოურიგა. პირველი ტაიმი "დალასის" მინიმალური უპირატესობით დასრულდა - 53:51.
დიდი შესვენების შემდეგ "ჰიტი" აგრძელებდა ზეწოლას ტექსასელებზე. თითქოს მასპინძლები დაცვაში ყველაფერს სწორად აკეთებდნენ, მაგრამ ბარეას ფანტასტიკური ტყორცნების გადამკიდე ანგარიშს ვერ ათანაბრებდნენ. თანაც გამოფხიზლდა ნოვიცკი. პირველი ტაიმის ჩაგდების შემდეგ გერმანელმა საჭირო რითმი დაიჭირა და ახლა არა მხოლოდ საჯარიმოს ხაზიდან, არამედ თამაშიდანაც ზუსტად ისროდა. ამავდროულად, ფლორიდელებს სერიოზული და ყოვლად აუხსნელი პრობლემები ჰქონდათ საჯარიმოების სროლისას. 33-დან 20 ზუსტი თავისუფალი ტყორცნა - შესაძლოა, სწორედ ეს ქულები არ ეყო "მაიამის" მატჩის მოსაგებად. საბოლოოდ, სტუმრებმა ბოლო მეოთხედის წინ ცხრაქულიან უპირატესობას მიაღწიეს.
ასეთი ჰანდიკაპის გასაბათილებლად "ჰიტს" აღმაფრენა სჭირდებოდა, მაგრამ ჯეისონ ტერის ორი სამქულიანის შემდეგ მასპინძლები საბოლოოდ დაიბნენ. ბრაიან კარდინალიც კი სასარგებლო იყო მოედანზე - ის პერსონალურებს იღებდა, რადგან იცოდა, რომ ჯარიმების ასეთი რეალიზაციით "მაიამის" მეტოქის დაწევის შანსი არ ექნებოდა. "ჰიტის" უნიათობის პიკი გახდა მეოთხედის შუა ნაწილი, როცა მასპინძლებმა რამდენჯერმე მიიღეს იოლი სამქულიანის შესრულების შანსი, მაგრამ სროლა ვერავინ გაბედა. ფლორიდელები იქვე დაისაჯნენ. თავიდან ტაისონ ჩენდლერმა მოიგო შეტევაში რამდენიმე მოხსნა, რის შემდეგაც დირკმა და კიდმა ზუსტი საშუალო ტყორცნებით საბოლოოდ მოუსპეს "მაიამის" მატჩის გადარჩენის შანსი.
ასე მოიგო თავისი პირველი ჩემპიონობა "დალასმა", მისი ლიდერი დირკ ნოვიცკი კი რჩეულთა რიგებში მოხვდა - მან ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი მოიგო. სხვათა შორის, დირკი მეორე ევროპელია ტონი პარკერის (2007) შემდეგ, ვინც ეს პრესტიჟული ტიტული მიიღო.
"დალასის" მფლობელმა მარკ ქიუბანმა მადლობა გადაუხადა თავის მოთამაშეებს ბედნიერი წამებისთვის, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეისონ ტერი საკუთარ ბიცეპსს კოცნიდა, რომელზეც ჯერ პლეი ოფის დაწყებამდე ამოასვირინგა საჩემპიონო თასი, 38 წლის ჯეისონ კიდი კი კარიერის დასრულების უკეთეს საშუალებას ვერ მოიფიქრებდა. რაც შეეხება ლებრონს, მან კინაღამ იტირა, ბოლოს კი დიდხანს პასუხობდა ჟურნალისტთა შეკითხვებს, რომელიც ძირითადად ასეთი ხასიათისა იყო - რა ემართება "მეფეს", როცა გადამწყვეტი მატჩების დრო დგება?!
ფინალი. VI მატჩი
მაიამი-დალასი 95:105
27:32, 24:21, 21:28, 15:13
მ: ჯეიმსი (21+6 პასი), ბოში (19+8 მოხსნა), ჩელმერსი (18+7 პასი+3 ჩაჭრა), უეიდი (17+8 მოხსნა+6 პასი+2 დაფარება), ჰასლემი (11+9 მოხსნა), ჰაუსი (9), ენტონი, ჰოვარდი, მილერი.
დ: ტერი (27), ნოვიცკი (21+11 მოხსნა), ბარეა (15), მერიონი (12+8 მოხსნა), კიდი (9+8 პასი), სტივენსონი (9), ჩენდლერი (5+8 მოხსნა), მაინმი (4), კარდინალი (3).
სერია: 2-4