ვინ რას აპირებს

AutoSharing Option
ლოკაუტის გამოცხადების შემდეგ ყველაზე აქტუალურ საკითხად NBA-ის მოთამაშეთა მომავალი კარიერა და ზაფხულში მათი სავარჯიშო პირობები იქცა.

საზაფხულო ბანაკები გაუქმებულია, ევროპის ჩემპიონატების დაწყებამდე კი ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, თანაც ბევრს არ აქვს "ბებერ კონტინენტზე" გადმობარგების სურვილი. რამდენიმე ცნობილი კალათბურთელი ლოკალურ საზაფხულო ლიგებში გაქცევას აპირებს: Yahoo! Sports იტყობინება, რომ კევინ დურანტი, რონ არტესტი, მაიკლ ბიზლი და ჯეი არ სმიტი ლოს ანჯელესში Drew League-ის მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.

უკვე გამოჩდნენ ევროპაში წამსვლელი პირველი მერცხლები. ლიტველი დარიუს სონგაილა, რომელმაც შარშანდელი სეზონი "ფილადელფიას" სათადარიგოთა სკამზე
გაატარა, "ლეტუვოს რიტასში" ჩაირიცხა. შეიძლება თამამად ვივარაუდოთ, რომ 33 წლის კალათბურთელი NBA-ში აღარ დაბრუნდება.

კობი ბრაიანტს მეორე სამშობლოში - იტალიაში თამაშს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა "ლეიკერსის" ვარსკვლავმა ლოკაუტის დროს ჩინეთში წასვლა გადაწყვიტა. მასთან ერთად იქნებიან ვეტერანი თანაგუნდელი დერეკ ფიშერი და 2011 წლის დრაფტის მეორე ნომერი დერიკ უილიამსი. საქმე ისაა, რომ სამივეს ერთი აგენტი ჰყავთ - რობ პელინკი. ჩინელებს კი გრანდიოზული გეგმები აქვთ: თავდაპირველად მათ NBA-ის რამდენიმე ვარსკვლავის ტურნე აქვთ ჩაფიქრებული, შემდეგ კი მათი გუნდებში გადანაწილება და ეროვნულ ჩემპიონატში ჩართვა.

მოკლედ კიდევ რამდენიმე ვარსკვლავზე: პაუ გასოლს გაფიცვის დროს სამშობლოში სურს თამაში, თუმცა ალტერნატიულ ვარიანტად აქაც ჩინეთი სახლდება, დირკ ნოვიცკის აქტიურად ეპატიჟებიან მიუნხენის "ბაიერნში", ლუის სკოლა კი არ აპირებს არგენტინაში დაბრუნებას.

* * *
თუმცა გუშინ, 3 ივლისს თავად დირკმა უარყო უახლოეს ხანში ევროპაში დაბრუნება. "იმედი მაქვს, ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებას გააფორმებენ და სეზონი ჩატარდება. "დალასში" კიდევ სამი-ოთხი წელი ვაპირებ თამაშს", - განაცხადა გერმანელმა ვარსკვლავმა.

გარდა ამისა, ნოვიცკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევრობასკეტზე თამაშის სურვილი: "ვფიქრობ, ლიტვაში მიხილავთ. მინდა, ჩემს ნაკრებს ოლიმპიადაზე მოხვედრაში დავეხმარო. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შემიშალოს, ჯანმრთელობის მდგომარეობაა. უკვე ერთი კვირაა ვირუსული ინფექცია მაწუხებს. თუ ასი პროცენტით არ ვიქნები მზად, მოედანზე არ გავალ".

დირკმა ჟურნალისტების წინაშე დაიტრაბახა, რომ "დალასის" გაჩემპიონების შემდეგ ლეგენდარულმა მუჰამედ ალიმ მას მოკრივის ხელთათმანი გაუგზავნა წარწერით - "შენ უდიადესი ხარ".

ნოვიცკი ვალში არ დარჩენილა და კრივის ლეგენდას იგივე წარწერით საკალათბურთო ბურთი აჩუქა.

* * *
ბრაიანტის შესახებ კიდევ ერთი, მეტად უცნაური ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ამერიკული გაზეთი წერს იმის შესახებ, რომ ოჰაიოელი ქალბატონი, ვინმე სელინა მილერი სასამართლოში უჩივის კობის იმის გამო, რომ მან პირობა არ შეასრულა და მასზე არ იქორწინა! ინფორმაციაში არ წერია, კარგა ხნის დაქორწინებულ ბრაიანტს როგორ უნდა მოეყვანა მეორე ცოლი. არც ის არის ცნობილი, როგორ შეიძლება არ იცოდე NBA-ის უპირველესი ვარსკვლავის ოჯახური მდგომარეობის შესახებ.

* * *
გაზეთ "დენვერ პოსტის" ცნობით, ბრაზილიელმა ცენტრმა ნენე ილარიომ "დენვერში" დარჩენა გადაწყვიტა. ლოკაუტის დასრულების შემდეგ ის "ნაგეტსთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ოღონდ გასარკვევი ის არის, ეს ლოკაუტი როდის დამთავრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული