ბრძოლა სუპერმენისთვის

AutoSharing Option
ლოკაუტის მიუხედავად, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მაინც მიდის მზადება ტრანსფერებისთვის. ამერიკული პრესის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა ტრეიდი, რომელსაც "ნიუ ჯერსი" ამზადებს და ის ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება იქნება.

"ნეტსი" "ორლანდოდან" დუაიტ ჰოვარდის გადაბირებას აპირებს, თანაც ეს "სუპერმენის" მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე უნდა მოხდეს. მაგრამ თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ კალათბურთელი მომავალ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა კლუბში, ოღონდ ამას წინასწარი მოლაპარაკები სჭირდება.

"ნეტსი" ჰოვარდის მოხიბვლას გამთამაშებელ დერონ უილიამსით აპირებს, რომელიც გასული სეზონის მსვლელობისას "იუტადან" გადაიბირა. "ნიუ ჯერსის" ჰოვ
არდით დაინტერესება ახალი არ არის, გასარკვევი ისაა, რა გუნდები იქნებიან მისი კონკურენტები. "ლეიკერსიც" და "ბოსტონიც" აპირებენ აქტიურობას ჰოვარდთან მიმართებაში, რადგან კარგად ესმით, რომ მომავალი 5-7 წლის განმავლობაში ის ლიგის საუკეთესო ცენტრი იქნება.

* * *
ჩემპიონი "დალასი" და "ნიუ იორკი" ერთმანეთს შეებრძოლებიან "ორლანდოს" მცველ ჯეისონ რიჩარდსონისთვის. ეს კალათბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება და თუ სურს რომელიმე ამ კლუბში გადასვლა, ხელფასის სერიოზულ შემცირებას უნდა დათანხმდეს, თორემ ვერც "მავერიქსი" და ვერც "ნიქსი" უბრალოდ ვერ შეწვდებიან მაქსიმალურად გაზრდილ კონტრაქტს.

სავარაუდოდ, ეს ახალი ამბავი არ გაახარებს კერონ ბატლერს, რომელმაც სეზონის მეორე ნახევარი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა. როგორც ჩანს, "დალასის" დაინტერესება რიჩარდსონით იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონი არ აპირებს ბატლერთან ურთიერთობის გაგრძელებას.

* * *
"დენვერის" იტალიელმა ფორვარდმა დანილო გალინარიმ განაცხადა, რომ ლოკაუტის გაგრძელების შემთხვევაში უარს არ იტყვის სამშობლოში დაბრუნებაზე. ამასთან, "ნაგეტსის" სნაიპერს მხოლოდ "მილანში" გადასვლა სურს, რადგან ამ გუნდის ახალ მწვრთნელთან სერჯო სკარიოლოსთან მუშაობის პერსპექტივით არის მოხიბლული.

* * *
ამასობაში, "ინდიანა პეისერსმა" ოფიციალურად გაახანგრძლივა ურთიერთობა მწვრთნელ ფრენკ ფოლელთან, - წერს Yahoo! Sports. ახალი კონტრაქტი ორ წელიწადზეა გათვლილი და მასში არის ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი. ეს კარგი ამბავია გუნდისთვის, რადგან "პეისერსმა" პროგრესი სწორედ ამ სპეციალისტის წყალობით დაიწყო და წელს პლეი ოფში გავიდა. ჭორების მიხედვით, ფოგელის შეცვლას "ლეიკერსის" ყოფილი მწვრთნელის ფილ ჯექსონის ასისტენტით ბრაიან შოუთი აპირებდნენ, მაგრამ ჭორი არ დადასტურდა. ახლა შოუ და ფოგელი "პეისერსში" ტანდემში იმუშავებენ.

* * *
როგორც იცით, ლოკაუტის დროს NBA-ის ხელმძღვანელობა კრძალავს მოთამაშეებისა და კლუბების წარმომადგენლებს შორის ყოველგვარ ურთიერთობას. ამის გამო, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას "ნიუ ორლეანის" ვარსკვლავს კრის პოლს, რომელმაც საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა, რომ თავის მეგობარ რენდი გრინაპთან ერთად ივახშმა. თითქოს არაფერი, მაგრამ გრინაპი "ჰორნეტსის" დაცვის სამსახურის თანამშრომელია და მასთან ერთად რესტორანში ვახშამი პოლს, შესაძლოა, მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმად დაუჯდეს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული