ბანაკები არ გაიხსნება

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციისა და მოთამაშეთა პროფკავშირების მორიგმა ხუთსაათიანმა შეხვედრამ კვლავ ვერ მოიტანა შედეგი.

შესაბამისად, NBA-ის შეფობამ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ოკეანის გაღმა დროულად ვეღარ გაიხსნება საწვრთნელი ბანაკები და არ დაიწყება საჩვენებელი მატჩები.

პირველი საკონტროლო შეხვედრები 9 ოქტომბრისთვის იყო დანიშნული, მაგრამ კოლექტიური ხელშეკრულების გარეშე ვერც ერთი კალათბურთელი მოედანზე ვერ გავა. საწვრთნელი ბანაკების გახსნა კი ორშაბათისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს თარიღიც გაურკვეველი ვადით არის გადატანილი.

იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების განახლება დაგეგმილი არ არის, დღევანდელი უთანხმოება სულ მალე რეალური საფრთხის წინაშე
დააყენებს NBA-ის კლუბების მონაწილეობას 2011-12 წლების სეზონში.

სექტემბერში ჩატარებული რამდენიმე შეხვედრა ბოლო იმედი იყო იმისა, რომ დამდეგი სეზონი დროულად დაიწყებოდა. მაგრამ ახლა ამის შანსი მინიმალურია. ეს აღიარა კიდეც გუშინ NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა. მისი თქმით, დღეიდან კალენდარი აღარ არის ლიგის მოკავშირე (სეზონი პირველ ნოემბერს უნდა გახსნილიყო NBA-ის ჩემპიონის "დალასისა" და რეგულარულის ჩემპიონის "ჩიკაგოს" მატჩით). გუშინდელი მოლაპარაკებების შესახებ სტერნს სხვა კომენტარი არ გაუკეთებია.

პროფკავშირის პრეზიდენტმა დერეკ ფიშერმა ასევე მიანიშნა ყველას, რომ დღევანდელი კალენდრის პირობებში რთული იქნება შეთანხმებამდე დროულად მისვლა.

"ცხადია, რომ კალენდარი ჩვენს მხარეს არ არის, მაგრამ ამის გამო უკან დახევას არ ვაპირებთ", - ამბობს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვეტერანი მცველი და მოთამაშეთა ლიდერი.

პროფკავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ ჰატერმა კი თქვა, რომ ლიგასთან ბოლოდროინდელი დამაიმედებელი შეხვედრების შემდეგ, მოთამაშეები მოლაპარაკებებისას შესამჩნევ დათმობებზე წასვლას გეგმავდნენ. მაგრამ მოწინააღმდეგე მხარემ პრინციპულობა გამოიჩინა და უარი თქვა ამ ახალ შეთავაზებებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული