რისკი ისევ მაღალია

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა მორიგი ინტერვიუ მისცა ამერიკულ პრესას, რომლის ფრაგმენტებსაც ახლა გთავაზობთ.

"სამწუხაროა ამის აღიარება, მაგრამ არსებობს რისკი, რომ სეზონი არ ჩატარდება", - ამბობს სტერნი.

"მთავარი პრობლემა, რომელიც მოლაპარაკებებისას უნდა გადავწყვიტოთ, არა ფული, არამედ ასოციაციის დანახარჯებისა და შემოსავლების განაწილებაა. ფულზე ლაპარაკი არ არის".

"ნეგატიური ფონი შემოაქვთ მოთამაშეების აგენტებს, რომლებიც თავიანთი ზოგიერთი მოქმედებითა და სიტყვებით ხელს უშლიან მოლაპარაკებების პროცესს. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, არ ვკარგავ იმედს და მჯერა, რომ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას".

* * *
მიმდინარე ლოკაუტთან დაკავშირებით
კომენტარებს აკეთებენ NBA-ის ვარსკვლავები. მაგალითად, "ოკლაჰომა-სიტის" ლიდერი კევინ დურანტი კლუბების მფლობელებს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათ არ სურთ თანამშრომლობა.

"რაღაც კომპრომისამდე უნდა მივიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოკაუტი არ დასრულდება, - ამბობს დურანტი. - მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მფლობელებს არ სურთ გაგვეხმარონ ამ პრობლემის მოგვარებაში".

კევინის სიტყვებით, "მოთამაშეებმა უკვე ისედაც ბევრი მსხვერპლი გაიღეს", მაგრამ ამან მფლობელებზე არ იმოქმედა.

"მათ ძალიან ნელა მიჰყავთ მოლაპარაკებები, აშკარად წელავენ ამ პროცესს. მოთამაშეებმა უკვე ისედაც დიდი ფული დაკარგეს, მარამ შეთანხმება დღემდე არ არის. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მალე მივალთ შეთანხმებამდე. მაგრამ იმის იმედად ნუ იქნებიან, რომ მოთამაშეები რაღაცას დათმობენ - ჩვენ ერთად ვიქნებით", - ამბობს დურანტი.

საკუთარი აზრი გამოთქვა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით "ჩიკაგოს" ლიდერმა დერიკ როუზმა.

"ის, რაც ამჟამად ხდება, ძალიან ნაღვლიანი საყურებელია. მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არ არის. ყველაფერი მოთამაშეებზე რომ იყოს დამოკიდებული, უკვე დიდი ხანია კალათბურთს ვითამაშებდით და არა კაბინეტებს შორის ვირბენდით", - ამბობს დერიკი.

"მიმაჩნია, რომ მფლობელები ყველაფერს ხვდებიან და მათ რომ სურდეთ, ყველა საკითხი გადაწყვეტილი ექნებოდათ. მაგრამ ასეთი რამ არ ხდება. და ვინ არის ამაში დამნაშავე? ვფიქრობ, პასუხი ცხადია".

* * *
ამასობაში, მომავალ კვირას NBA-ის ვარსკვლავებმა მორიგი საჩვენებელი მატჩი დაგეგმეს. გადაწყვეტილია, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 2010-11 წლების სეზონის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" 7 მონაწილე: რასელ უესტბრუკი, ბლეიკ გრიფინი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, კარმელო ენტონი, ამარე სტაუდმაიერი და კრის პოლი.

ვარაუდობენ, რომ ამ შვიდეულს შეუერთდებიან ჯონ უოლი, რუდი გეი და ჯეფ გრინი.
მატჩის ორგანიზატორია NBA-ის ყოფილი მოთამაშე დესმონდ მეისონი.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები 29-189 დოლარი ეღირება. თავად თამაშს კი ასეთი სახელი მოუძებნეს - "ბრძოლა ოკლაჰომაში მისტერ კალათბურთის ტიტულისთვის". მისთვის კევინ დურანტი და ბლეიკ გრიფინი იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული