საკალათბურთო ამბები

AutoSharing Option
30 ოქტომბერს დაიწყება მსოფლიოს ტურნე NBA-ის რამდენიმე ვარსკვლავის მონაწილეობით. 18 მიწვეული კალათბურთელიდან 14-მა თანხმობა განაცხადა სამოგზაუროდ გაემგზავროს პუერტო-რიკოში, მაკაოში, ლონდონსა და ავსტრალიაში. ისინი ჯამში ექვს საჩვენებელ შეხვედრას ჩაატარებენ.

ცნობილი კალათბურთელებიდან ტურნეში მონაწილეობას მიიღებენ დერიკ როუზი, კობი ბრაიანტი, ლებრონ ჯეიმსი და დუეინ უეიდი.

* * *
ტურნეში გამოსვლის სურვილი გამოთქვა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ესპანელმა ლეგიონერმა პაუ გასოლმა: "თუ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება, სიხარულით შევეურთდები სხვა მოთამაშეებს მსოფლიო ტურნეში".

სხვათა შორის ძმები - მარკ და პაუ გასოლები ესპანეთიდან აშშ-ში დაბრუნდნენ და იქ გააგრძელებენ 
ახალი სეზონისთვის მზადებას. შეგახსენებთ, რომ ძმები ფორმის შესანარჩუნებლად 20 დღის განმავლობაში "ბარსელონას" შემადგენლობაში ვარჯიშობდნენ.

* * *
მსოფლიო ტურნემდე ასოციაციის ვარსკვლავებმა ოკლაჰომაში მორიგი საჩვენებელი მატჩი ჩაატარეს. კევინ დურანტის 42 ქულამ და 26 მოხსნამ ამ კალათბურთელის გუნდს ანგარიშით 176:171 გამარჯვების საშუალება მისცა. მატჩი ოვერტაიმში დასრულდა.

დურანტის გარდა, მაყურებელმა მოედანზე იხილა კრის პოლი, ლებრონ ჯეიმსი, კარმელო ენტონი და ჯეიმს ჰარდენი.

"NBA-ის მოთამაშეები მომავალშიც აპირებენ საგამოფენო მატჩების ორგანიზებას, რათა დაუმტკიცონ გულშემატკივრებს, რომ ძალიან გვიყვარს ეს თამაში. იმედია, შევძლებთ მიმდინარე კონფლიქტში კონსენსუსის მიღწევას", - ამბობს დურანტი.

* * *
რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ლოკაუტის თემას. NBA-ის კომისრის თანაშემწემ ადამ სილვერმა კომენტარი გაუკეთა "პორტლენდის" მფლობელის პოლ ალენის პოზიციას, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: მოთამაშეებმა არ უნდა მიიღონ ლიგის საერთო შემოსავლის 40 პროცენტზე მეტი.

"პოლი იმავე პოზიციაზეა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. მას სურს არსებობდეს სისტემა, რომლის მიხედვითაც თითოეული გუნდი იბრძოლებს ტიტულისთვის და სწორი მართვის შემთხვევაში ფინანსურ მოგებასაც ნახავს", - ამბობს სილვერი NBC-თვის ინტერვიუში.

"ოკლაჰომას" მცველი ჯეიმს ჰარდენი კი ამბობს, რომ მოთამაშეები არ აპირებენ ფინანსური მოგების საკითხში დათმობაზე წასვლას.

"ჩვენ არ ვეთანხმდებით მოგების თანაბრად განაწილებას. ისედაც შევამცირეთ ჩვენი მოთხოვნები, მაგრამ ახლა 53 პროცენტზე დაბლა არ ჩამოვალთ", - განაცხადა ჰარდენმა სააგენტო AP-სთან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული