მოსალაპარაკებელი 5 პროცენტი დარჩა

AutoSharing Option
ამერიკელმა ჟურნალისტებმა ლოკაუტთან დაკავშირებული ბოლო შეხვედრის დეტალები გაარკვიეს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბების მფლობელთა და მოთამაშეთა პროფკავშირის ბოლო მოლაპარაკება ისევ კომპრომისის გარეშე დასრულდა, მაინც დამაიმედებლად მოსჩანს ინფორმაცია, რომელიც გუშინ ამერიკულ პრესაში გაჩნდა.

როგორც გაზეთი "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას საკამათო საკითხების 95 პროცენტზე. ერთადერთი მოუგვარებელი პრობლემაა ლიგის საერთო შემოსავლის გაყოფა. ლიგას სურს 50 პროცენტი მისცეს მოთამაშეებს, პროფკავშირი კი 52.5 პროცენტს ითხოვს. თანხობრივად, მხარეები ერთმანეთს 100 მილიონი დოლარით არიან დაშორებულნი.

აქვე გთავაზობთ რამდენიმე პუნქტს, რომელშიც მხარეებმა კომპრომისის მიღწევა შეძლეს:

- კლუბებს ბიუჯეტის ფარგლებს გარეთ დახარჯულ თითო დოლარზე 1.5 დოლარის გადახდა მოუწევთ. ყოველი ზედმეტად დახარჯული 5 მილიონის შემთხვევაში გადასახადი იზრდება. ასე რომ, თუ გადასახადი გადაცდება 5 მილიონს, მაგრამ 10 მილიონზე ნაკლები იქნება, მფლობელები თითო დოლარზე 1.75 დოლარს გადაიხდიან; 10 მილიონიდან 15 მილიონამდე - 2.25 დოლარს, ხოლო თუ გადაცჟენა 15 მილიონზე მეტი იქნება, კლუბი ერთი დოლარში სამი დოლარს გადაიხდის.

- მაქსიმალური კონტრაქტის ვადა ერთი წლით შემცირდება და ხუთ წელს შეადგენს იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც ერთ კლუბში მინიმუმ სამი სეზონი გამოდიან. დანარჩენებისთვის კონტრაქტის ხანგრძლივობა ოთხი წელი იქნება.

* * *
როგორც ვთქვით, ერთადერთი გადაუჭრელი საკითხი საერთო შემოსავლის გაყოფაა. ESPN იტყობინება, რომ "ლეიკერსის" ვარსკვლავი კობი ბრაიანტი ეთანხმება კლუბების მფლობელთა შემოთავაზებულ პირობებს, ანუ მზად არის დათანხმდეს საერთო მოგების თანაბრად განაწილებას. სხვათა შორის იგივე პოზიციაზეა ბრაიანტის თანაგუნდელი დერეკ ფიშერი, რომელიც მოთამაშეთა პროფკავშირების პრეზიდენტი გახლავთ.

ამბობენ, რომ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების თანაბარ პირობებში გაფორმებას ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან "ბოსტონ სელტიქსის" ლიდერები - პოლ პირსი და კევინ გარნეტი.

* * *

ყველას აინტერესებს, ჩატარდება თუ არა სრული სეზონი. შეგახსენებთ, რომ ბოლო ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა განაცხადა, რომ ახლა უკვე გამორიცხულია რეგულარული ჩემპიონატის სრულად ჩატარება. მაგრამ, როგორც New-York Post წერს, თუ ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებას ამ კვირას მოეწერება ხელი, გუნდები ჩემპიონატში 82-ის ნაცვლად 78 მატჩს ჩაატარებენ. ამ ოთხ გაუქმებულ შეხვედრაში მოხვდება გუნდების მატჩები საპირისპირო კონფერენციის წარმომადგენლებთან.

* * *

ამასობაში, NBC-მ შეადგინა NBA-ის შვიდი კლუბის რეიტინგი, რომლებიც სეზონის გაუქმების შემთხვევაში ფინანსურად ყველაზე მეტად დაზარალდებიან. როგორც ირკვევა, ყველაზე დიდ წაგებაში "ნიუ იორკ ნიქსი" იქნება.

1. ნიუ იორკი
2. საკრამენტო
3. ლეიკერსი
4. ნიუ ჯერსი
5. მაიამი
6. დალასი
7. გოლდენ სტეიტი

* * *

დაბოლოს, საინტერესოა როდის განახლდება მოლაპარაკებები. ინტერნეტგვერდი Hoopsworld წერს, რომ კლუბების მფლობელები და მოთამაშეთა პროფკავშირის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში მიუსხდებიან მოლაპარაკებათა მაგიდას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული