გუშინ, გვიან ღამით იწურებოდა ლიგის ხელმძღვანელთა ულტიმატუმის ვადა. მოთამაშეთა პროფკავშირი უნდა დათანხმებულიყო საერთო შემოსავლიდან 51-პროცენტიან წილს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბების მფლობელთა მომავალი პოზიცია მაქსიმალურად გამკაცრდება და მოთამაშეებს 47-პროცენტიანი წილის იმედი თუ ექნებათ. ეს კი, თავის მხრივ, მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლასა და მომავალი სეზონის მთლიანად გაუქმებას გამოიწვევს.
და ბოლო ინფორმაციების თანახმად, როგორც ჩანს, ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდის. მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის წინ,
შეხვედრის შემდეგ პროფკავშირების ლიდერებმა დერეკ ფიშერმა და ბილი ჰანტერმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გამოაცხადეს, რომ მათ კალათბურთელებისგან მკაფიო მითითება მიიღეს - არ დათანხმდნენ კლუბების მფლობელთა ახალ წინადადებას. ამასთან, მოთამაშეებს სურთ დასკვნითი მოლაპარაკებების წინ, კიდევ ერთი შეხვედრა გამართონ NBA-ის კომისართან დევიდ სტერნთან.
თავის მხრივ, სტერნი მაშინვე გამოეხმაურა პროფკავშირების ბოლო განცხადებას:
"ვფიქრობ, მფლობელების ბოლო წინადადება სავსებით დამაკმაყოფილებელია. და თუ მოთამაშეებს რაციონალურად აზროვნება შეუძლიათ, მაშინ უარი არ უნდა თქვან ამაზე. მათი მხრიდან სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ გაწელილი მოლაპარაკებები რაიმე დივიდენდებს მოუტანს მათ მხარეს - ყოველდღიურად სიტუაცია სულ უფრო და უფრო უარესი ხდება".
* * *
მანამდე კი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავებმა მემფისში მორიგი საჩვენებელი შეხვედრა გამართეს, რომელიც "გრიზლისის" ლიდერის რუდი გეის მიერ იყო ორგანიზებული. ლებრონ ჯეიმსის გუნდმა 158:151 დაამარცხა გეის გუნდი.
თავად რუდიმ 45 ქულა დააგროვა, ლებრონის ანგარიშზე კი 43 ქულა მოდის. მატჩში მონაწილეობა მიიღეს ჯოშ სელბიმ, კევინ დურანტმა, ტერიკო უაიტმა, ტაირიკ ევანსმა, კაილ ლოურიმ, რონი ბრიუერმა, ჯარეტ ჯეკმა და ლიგის სხვა კალათბურთელებმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"