NBA-ს სეზონი გადარჩენილია

AutoSharing Option
ხუთთვიანი გაუთავებელი მოლაპარაკებების, დავის, მუქარისა და ნერვიული ფონის შემდეგ მოთამაშთა პროფკავშირმა და კლუბების მფლობელებმა შეძლეს მოლაპარაკება ახალი კოლექტიური ხელშეკრულების შესახებ და გადაარჩინეს NBA-ში 2011-12 წლების სეზონი.

ნიუ იორკში 16-საათიანმა მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო. მიღწეულია წინასწარი შეთანხმება და მალე ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდება, სეზონი კი სტარტს შობაზე - 25 დეკემბერს აიღებს.

მხარეებს არ გაუმხელიათ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების დეტალები, მაგრამ მთავარი ფრაზა NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა
წარმოთქვა: "ჩვენ გვინდა კალათბურთის თამაში".

ახალი კალენდრის თანახმად, 66-ე რეგულარულ ჩემპიონატში თითო გუნდი 66 შეხვედრას ჩაატარებს. სეზონი სამი
მატჩით გაიხსნება: თავდაპირველად "ბოსტონი" უმასპინძლებს "ნიუ იორკს", შემდეგ ერთმანეთს შეხვდებიან გასული სეზონის ფინალისტები - "მაიამი" და "დალასი", დესერტად კი შარშანდელი MVP-ის დერიკ როუზის "ჩიკაგო" კობი ბრაიანტის "ლეიკერსს" უმასპინძლებს. შესანიშნავი დასაწყისია!

არადა, სულ რაღაც 12 დღე გავიდა ბოლო ჩაშლილი მოლაპარაკებიდან, რომლის შემდეგაც სტერნმა "ბირთვული ზამთრის" შესახებ გამოაცხადა. ახლა კი ხელი ჩამოართა პროფკავშირების აღმასრულებელ დირექტორს ბილი ჰანტერს და ლოკაუტის დასრულება მიულოცა მას.

"სეროიზულად დავფიქრდით იმაზე, რომ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო. აუცილებლად უნდა გადაგვერჩინა კალათბურთი და ტრადიციულად უმაღლესი ხარისხის სანახაობა შეგვეთავაზებინა მაყურებლისთვის, რომელთანაც ვალში ვართ", - განაცხადა ჰანტერმა.

ხელშეკრულების ოფიციალურად დადასტურებისთვის მხარეთა ხმების უმრავლესობაა საჭირო: 29 კლუბის მფლობელისგან ("ნიუ ორლეანი" ლიგას ეკუთვნის) 15 ხმა, ხოლო პროფკავშირისგან ელემენტარული უმრავლესობა. მაგრამ ეს პროცედურა რთულდება დესერტიფიკაციის გამო. სანამ ხმის მიცემა გაიმართება, მოთამაშეებს მოუწევთ პროფკავშირის დაშლა და შემდეგ მისი სხვა სახით აღდგენა.

"ძალიან გვიხარია, რომ შევძელით წინასწარი შეთანხმების მიღწევა, - განაცხადა შტერნმა. - მაგრამ წინ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი". ბოლო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა თავად კომისარი, მისი ასისტენტი ადამ სილვერი, "სან ანტონიოს" მფლობელი პიტერ ჰოლტი... მოთამაშეებს წარმოადგენდნენ ბილი ჰანტერი, დერეკ ფიშერი, პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი მორის ევანსი...

* * *
მოგვიანებით, ამერიკულმა პრესამ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების დეტალების დადგენა დაიწყო და რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მოიპოვა.
- ხელშეკრულება ათი წლით გაფორმდება, თუმცა შესაძლებელი იქნება ექვსი წლის შემდეგ რომელიმე მხარის მიერ მისი გაწყვეტა;
- ყბადაღებული პრობლემა - ლიგის შემოსავლების განაწილება შემდეგნაირად გადაწყდა: კალათბურთელებს 50 პროცენტზე მეტი ერგოთ, თუმცა მათი წილი 51 პროცენტზე ნაკლებია.
- ხელშეკრულების თანახმად გაიზრდება NBA-ის მოთამაშეთა მინიმალური ასაკი. თუ ძველი წესის შესაბამისად, კალათბურთელს მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში 19 წლის ასაკში შეეძლო მოხვედრა, ახლა, NBA-ში ვერ ვნახავთ 20 წლამდე მოთამაშეს;
- დადგინდა რამდენიმე თარიღი, რომელიც NBA-ის ახალი სეზონის სტარტს უკავშირდება:
1 დეკემბერი - კონტრაქტების გაფორმება თავისუფალ აგენტებთან.
9 დეკემბერი - საწვრთნელი ბანაკების გახსნა.
17-22 დეკემბერი - წინასასეზონო მატჩები.
25 დეკემბერი - სეზონის გახსნა.
- ყველას აინტერესებდა, შემოკლებული სეზონის პირობებში მოესწრებოდა თუ არა "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ჩატარება. როგორც ირკვევა, "ოლ სტარი" ქალაქ ორლანდოში დათქმულ ვადაში (26 თებერვალი) გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
auuuuuuuuuuuuuuuuuu vinmem xo ar icit amerikis drois
12:00
2:30
5:00
chveni droit romeli saatebia?
12:00 ბოსტონი-ნიუ იორკი
2:30 მაიამი-დალასი
5:00 ჩიკაგო-ლეიკერსი
ჩემი აზრით ბოსტონი მაიამი და ჩიკაგო მოიგებს
dato_miami
21:56 29-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული