NBA-ს უკაშკაშეს ვარსკვლავთაგანნი, "დენვერ ნაგითსის" ფორვარდი კარმელო ენტონი და "ორლანდო მეჯიქის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი ძალებს კინემატოგრაფში მოსინჯავენ. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის შესახებ ფილმს ჩინელი რეჟისორი იღებს, ხოლო მაყურებელი მზა პროდუქციას მომავალ ზაფხულში იხილავს.
ფილმის სიუჟეტი სამ ქალაქში ვითარდება – ნიუ იორკში, პეკინსა და შანხაიში. მთავარ როლს აზიის ერთ-ერთი უპოპულარულესი მსახიობი შეასრულებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ NBA-ს კლუბებს ჩინურ ბაზართან აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს. მაგალითად, "ნიუ ჯერსი ნეთსი" და "ჰიუსტონ როკითსი" პეკინსა და გუანჭოუში წინასასეზონო მატჩებს გამართავენ. ეს კლუბები მულტიმილიარდიან ჩინეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ
– ეს ხომ ჩინელი ვარსკვლავების გუნდებია. იი ძიანლიანმა "ბადეების" რიგებში ბოლო ორი სეზონი ჩაატარა, ხოლო სახელგანთქმული იაო მინი "რაკეტების" ღირსებას 2002 წლიდან იცავს.