პოლი თითქმის კალიფორნიელია, გასოლი ჰიუსტონელი...

AutoSharing Option
გაზეთ "ლოს ანჯელეს თაიმსის" ინფორმაციით NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი კრის პოლი ახლოა "ნიუ ორლეანიდან" "ლოს ანჯელეს კლიპერსში" გადასვლასთან. კალიფორნიული კლუბი "ჰორნეტს" უთმობს სამ კალათბურთელს - კრის კამანს, ალ-ფარუქ ამინსა და ერიკ ბლედსოუს, აგრეთვე 2012 წლის დრაფტის პირველ რაუნდში სასურველი კალათბურთელის არჩევას. როგორც იტყობინებიან, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და უახლოეს ხანში ამ ტრეიდის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებენ.

"კლიპერსს" ლიგის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ გუნდს უწოდებენ. მის შემადგენლობაში გამოდის 2010 წლის დრაფტის პირველი ნომერი ბლეიკ გრიფინი (22 წლის), სნაიპერი ერიკ გორდონი (22 წლის) და ცენტრი
დეანდრე ჯორდანი (23 წლის).

* * *
"ნიუ იორკ ნიქსმა" კონტრაქტები გააფორმა თავისუფალ აგენტებთან - მაიკ ბიბისთან და ჯარედ ჯეფრიზთან, აგრეთვე წლევანდელი დრაფტის პირველ რაუნდში არჩეულ ორ ახალბედასთან - მცველ იმან შუმპერტთან და ცენტრ ჯოშ ჰარელსონთან.

ბიბის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 13 სეზონი აქვს გატარებული და საშუალოდ 15.2 ქულას აგროვებდა, მაგრამ შარშან, "მაიამის" რიგებში მისი შედეგიანობა მხოლოდ 3.6 ქულა იყო. სავარაუდოდ, ვეტერანი "ნიქსში" ტონი დუგლასის შემცვლელი იქნება.

* * *
თავისუფალმა აგენტმა დევიდ უესტმა "ინდიანა პეისერსის" წინადადება მიიღო. კონტრაქტის მიხედვით ორი წლის განმავლობაში ფორვარდი 20 მილიონ დოლარს მიიღებს.
უესტის ხელში ჩაგდებაზე სხვა პრეტენდენტი იყო "ბოსტონ სელტიქსი".

31 წლის კალათბურთელმა წინა რვა სეზონი "ნიუ ორლეანში" ჩაატარა და საშუალოდ 16.4 ქულას, 7.3 მოხსნასა და 2.0 შედეგიანი გადაცემას აგროვებდა.

* * *
ლიგის ყველაზე ასაკოვანმა კალათბურთელმა, 39 წლის ცენტრმა კურტ ტომასმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსთან".

შარშანდელ სეზონში ვეტერანი "ჩიკაგო ბულზის" ღირსებას იცავდა და საშუალოდ თავის გუნდს 4.1 ქულით, 5.8 მოხსნითა და 1.2 შედეგიანი პასით ეხმარებოდა.

* * *
საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ესპანელი მარკ გასოლის მომავალ კარიერასთან დაკავშირებით. "მემფის გრიზლისის" ცენტრი "ჰიუსტონ როკეტსში" გადასვლის რეალური კანდიდატი გახდა.

"ჰიუსტონმა" უმცროს გასოლს მაქსიმალური კონტრაქტი შესთავაზა - 4 წელიწადში 55 მილიონი დოლარი. მარკი შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ "მემფისი" იგივე წინადადებით მიმართავს გასოლს, მაშინ ესპანელი თავის ამჟამინდელ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

როგორც Yahoo sports წერს, "მემფისი" სწორედ ასეთი ტაქტიკით აპირებს მოქმედებას. კლუბს სამი დღე აქვს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

* * *
როგორც უკვე ვწერდით, ვეტერანი გამთამაშებელი ჩონსი ბილაპსი შემადგენლობიდან დაითხოვა "ნიუ იორკ ნიქსმა", რის შემდეგაც გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ყოფილი დეტროიტელი და დენვერელი მცველი კარიერის დასრულებას აპირებდა.

მაგრამ გუშინ ბილაპსთან დაკავშირებით დამაიმედებელი ინფორმაცია მივიღეთ. ჩონსი დღეიდან შეუზღუდავი უფლებების აგენტი გახდება და შეძლებს კონტრაქტის გაფორმებას გუნდთან, რომელიც ჩემპიონობაზე აცხადებს პრეტენზიას. yahoo sports-ის ინფორმაციით, ვეტერანი პლეიმეკერით "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" და "მაიამი" არიან დაინტერესებული.

დღეისთვის ბილაპსი მშობლიურ დენვერში იმყოფება და დამოუკიდებლად ვარჯიშობს.

* * *
ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფება 29 წლის მცველი გილბერტ არენასი, რომელიც "ორლანდო მეჯიქმა" ე. წ. "ამნისტიის" წესით დაითხოვა შემადგენლობიდან. NBA-ის ყოფილ ვარსკვლავს იმედი აქვს, რომ "მაიამიში" გააგრძელებს კარიერას.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ "ორლანდოს" ლიდერი, დუაიტ ჰოვარდი ტრეიდით სხვა კლუბში გადავა, არენასი, შესაძლოა, თავის ყოფილ თანაგუნდელს შეუერთდეს.
გასულ სეზონში არენასი საშუალოდ 8 ქულას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული