არ შედგა ესპანელი მარკ გასოლის ტრანსფერი "ჰიუსტონში". როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, "როკეტსმა" შეზღუდული უფლებების თავისუფალ აგენტს მაქსიმალური კონტრაქტი შესთავაზა. მაგრამ თუ 26 წლის ცენტრს თავისი ამჟამინდელი კლუბი - "მემფისი" იგივე წინადადებით მიმართავდა, უმცროსი გასოლი სწორედ მას დარჩებოდა.
საბოლოოდ, მარკმა და "გრიზლისმა" ახალი კონტრაქტის დეტალებზე მოილაპარაკეს: ოთხწლიანი ხელშეკრულების თანახმად ესპანელი 58 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
"ამაყად შემიძლია გამცნოთ, რომ "მემფისთან" შეთანხმებას მივაღწიე. მოუთმენლად ველი მოედანზე გასვლას ჩემს ძველ პარტნიორებთან ერთად", - დაწერა თავის "ტვიტერზე" გასოლმა.
ეს არ იყო ერთადერთი გარიგება, რომელიც იმ
დღეს "მემფისმა" გააფორმა. მან "ინდიანაში" ტრეიდით გაუშვა მცველი ო ჯეი მაიო, სანაცვლოდ კი ფორვარდი ჯოშ მაკრობერტსი და მცველი ბრენდონ რაში მიიღო. "გრიზლისი" და "პეისერსი" ამგვარ გაცვლას ზაფხულშიც გეგმავდნენ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოლაპარაკება ვერ შეძლეს.
გასულ სეზონში მაიო საშუალოდ 11.3 ქულას აგროვებდა, მაკრობერტსისა და რაშის საშუალო შედეგიანობა, შესაბამისად, 7.4 და 9.1 ქულას უდრიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"