კრის პოლი "კლიპერსში" წავიდა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციიის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი კრის პოლი “ნიუ ორლეანიდან” “ლოს ანჯელეს კლიპერსში” გადავიდა.

გუნდებს შორის განხორციელებული ტრეიდის თანახმად, “ჰორნეტსი” პოლის სანაცვლოდ მცველ ერიკ გორდონს, ფორვარდ ალ-ფარუქ ამინს, ცენტრ კრის კამანსა და 2012 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანის უფლებას მიიღებს.

ამ მომენტისთვის “ნიუ ორლეანი” NBA-ის ეკუთვნის, ამიტომაც გარიგებას ასოციაციის კომისრის დევიდ სტერნის მხრიდან თანხმობა სჭირდებოდა. მან განაცხადა, რომ პოლის წასვლის შემდეგ “ჰორნეტსის” პერსპექტივები გაუმჯობესდა. ასეთივე აზრი გამოთქვა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა დელ დემპსიმ.

უფრო ადრე NBA-მ დაბლოკა 26 წლის გამთამაშებლის ტრეიდი
“ლოს ანჯელეს ლეიკერსში”. ამერიკული პრესა წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, სხვა კლუბების მფლობელთა პოზიციას უკავშირდებოდა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ გარიგება ძალიან მომგებიანი იქნებოდა “ლეიკერსისთვის”.

პოლი ოთხჯერ მონაწილეობდა “ყველა ვარსკვლავის მატჩში”. 2010-11 წლების რეგულარულში მცველმა 80 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 15.8 ქულა, 9.9 შედეგიანი პასი და 4.6 მოხსნა დააგროვა. ამერიკის ნაკრების შემადგენობაში პოლი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.

გასულ სეზონში 22 წლის გორდონის სტატისტიკა 22.3 ქულას უდრიდა, 21 წლის ამინი საშუალოდ 5.6 ქულასა და 3.3 მოხსნას აგროვებდა, ხოლო 29 წლის კამანი 12.4 ქულითა და 7.0 მოხსნით გამოირჩა, თუმცა ტრავმის გამო რეგულარულში მხოლოდ 32 მატჩი ჩაატარა.

“კლიპერსი” მრავალი წელია ლიგის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდად მიიჩნევა. 1993 წლიდან მოყოლებული, კალიფორნიული კლუბი მხოლოდ ორჯერ (1996-97, 2005-06) გავიდა პლეი ოფში. შარშან, “კლიპერსმა” დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული