"ბოსტონის" ფანტასტიკური გადარჩენა

AutoSharing Option
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს “ბოსტონი” და “ორლანდო”. ბოსტონში სამარცხვინო წაგების შემდეგ (“მეჯიქმა” მხოლოდ 56 ქულა დააგროვა), სტენ ვან განდის შეგირდები რევანშის ასაღებად იყვნენ განწყობილი, რაც შეძლეს კიდევ პირველ ტაიმში, მაგრამ...

საოცარი ის არის, რომ “ორლანდომ” მეტოქის განადგურება მაშინ დაიწყო, როცა ორი პერსონალური მიიღო დუაიტ ჰოვარდმა და ის დასასვენებლად სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა. ამას მოჰყვა მასპინძლების ფანტასტიკური გაქცევა - 30:8.

ამის შემდეგ მეორე მეოთხედმა მშვიდ რითმში ჩაიარა და თამაშის სურათი პირველი ნახევრის დასრულამდე ოთხი წუთით ადრე შეიცვალა, როცა “მეჯიქმა”
მორიგი სპურტი გამოიწყო და 27-ქულიანი უპირატესობა გაიფორმა. მაგრამ პირსმა და პიეტრუსმა გაიბრძოლეს და დიდი შესვენებისთვის სხვაობა 21 ქულამდე შეამცირეს.

21-ქულიანი სხვაობა მესამე მეოთხედის შუამდე იყო ძალაში, შემდეგ კი “ბოსტონმა” მეტოქის თამაშში მოდუნება იგრძნო და პოლ პირსის აქტიურობით სხვაობა ცხრა ქულამდე შემცირდა. მეოთხე მეოთხედის სტარტზე კი იმავე პირსმა, გარნეტმა და დებიუტანტმა მურმა 15:1 გაქცევა მოაწყვეს და ასეთი შოკისგან გამოსვლა “ორლანდოსთვის” ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. 27-ქულიანი ჩამორჩენა არა მარტო გაბათილდა, არამედ “ბოსტონი” წინ გავიდა.

“ორლანდომ” მეოთხე მეოთხედში მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო თამაშიდან და ზედიზედ მეორედ სამარცხვინოდ წააგო გუნდთან, რომელსაც სასტარტო ხუთეულის ორი წევრი აკლია.

“ბოსტონმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, “ჯადოქრები” კი შინ მეორე მატჩი დათმეს.

* * *
მოკლე სათამაშო დღის მეორე მატჩში “კლიპერსმა” ბოლოსკენ გატეხა “მემფისის” წინააღმდეგობა. “დათვებმა” ჩააგდეს პირველი მეოთხედი, სამაგიეროდ, ისარგებლეს კრის პოლის დასვენებით და შვიდ წუთში 17-ქულიანი ჩამორჩენა თითქმის ბოლომდე გააბათილეს.

ამის შემდეგ დიდი ხანი ქულა ქულაში თამაში მიდიოდა - სულ მატჩში ლიდერი 19-ჯერ შეიცვალა და 14-ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე საყაიმო ანგარიში.

გარდატეხა დასკვნით მეოთხედში მოხდა, როცა მიზანი გაუფუჭდათ მაიოსა და კონლის, რუდი გეი და მარკ გასოლი კი მარტო ვერ ახერხებდნენ მასპინძლებთან ღირსეულ ბრძოლას. "დათვებმა" 22-დან მხოლოდ ოთხი ტყორცნა მოათავსეს კალათში. როგორც ჩანს, ძალები მათ მეორე მეოთხედში თამაშის გადარჩენასა და მესამე მეოთხედში მეტოქის შეტევების მოგერიებას მოანდომეს.

გარდა ამისა, ზედიზედ მეხუთე შესანიშნავი თამაში ჩაატარა მო უილიამსმა. "კლიპესის" მცველმა 9 ქულა ბოლო მეოთხედში დააგროვა და თუ ასე გააგრძელებს, სეზონის საუკეთესო მეექვსე მოთამაშის პრიზის რეალური მაძიებელი იქნება.

"კლიპერსმა" შინ 11-დან მეცხრე მატჩი მოიგო. თებერვალი კალიფორნიელებს რთული ექნებათ, რადგან უფრო ხშირად სტუმრად უწევთ თამაში.

ორლანდო-ბოსტონი 83:91
32:16, 26:21, 17:27, 8:27
ო: ჰოვარდი (16+16 მოხსნა), რიჩარდსონი (13), ანდერსონი (12), ნელსონი (11+5 მოხსნა+5 პასი), თურქოგლუ (10+5 მოხსნა+7 პასი).
ბ: პირსი (24+6 მოხსნა+10 პასი), მური (16), პიეტრუსი (12), გარნეტი (12+10 მოხსნა+3 ჩაჭრა+4 დაფარება), ბასი (10+5 მოხსნა).

კლიპერსი-მემფისი 98:91
29:17, 16:27, 29:28, 24:19
კ: გრიფინი (20+9 მოხსნა+8 პასი), პოლი (18+7 მოხსნა+7 პასი), უილიამსი (18+4 ჩაჭრა), ბატლერი (17), ჯორდანი (9+9 მოხსნა+3 დაფარება).
მ: გეი (24+7 მოხსნა), მ. გასოლი (18+11 მოხსნა+6 პასი), ალენი (14), მაიო (14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული