NBA: რეჯი მილერი დიადი გახდება

AutoSharing Option
"ვარსკვლავური უქმეების" წინ გამოცხადდა დიდების დარბაზის წევრობის 12-კაციანი სია.

ნომინანტთა სიაში ოთხი ისეთი წარმომადგენელია, რომლებიც პირველად წარადგინეს დიდების დარბაზის წევრობაზე: რეჯი მილერი - ლეგენდარული სნაიპერი და "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ხუთგზის მონაწილე, რომელმაც მთელი პროფესიული კარიერა "ინდიანაში" გაატარა; რიკ პიტინო - მწვრთნელი, რომელმაც თავისი სტუდენტური გუნდები ხუთჯერ გაიყვანა NCAA-ის ლიგის ფინალში, აგრეთვე ავარჯიშებდა NBA-ის კლუბებს - "ნიქსსა" და "სელტიქსს"; 77 წლის ბილ ფიტჩი - მან NBA-ში მწვრთნელის რანგში 25 წელი გაატარა და ორჯერ გახდა სეზონის საუკეთესო მწვრთნელი; და კატრინა მაკლეინი -
სეულისა და ატლანტის ოლიმპიადების ჩემპიონი.

მათ შორის, ვინც წარდგენილი იყო პრიზზე, მაგრამ დიდების დარბაზის მიღმა დარჩა, შემდეგ პიროვნებებს ვხედავთ: მორის ჩიქსი, ბერნარდ კინგი, დიკ მოტა, დონ ნელსონი, ჰენკ ნიკოლსი, რალფ სემპსონი, ჯამაალ უილქსი და "ოლ-ამერიკენ რედ ჰედზი" (ერთ-ერთი პირველი ქალთა გუნდი ისტორიაში, რომელიც 1936 წელს შეიქმნა).

საბოლოო სიას აპრილში, NCAA-ის ლიგის "ოთხთა ფინალის" დროს გამოაცხადებენ.

პოლი: გაისადაც კლიპერსში
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" ლიდერმა კრის პოლმა მოქმედ კონტრაქტში არსებული პუნქტის გამოყენება გადაწყვიტა და გააგრძელა ხელშეკრულება კალიფორნიულ კლუბთან.

ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი უნდა გამხდარიყო, მაგრამ 2012-13 წლების სეზონის ბოლომდე "კლიპერსის" რიგებში დარჩენა გადაწყვიტა. მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეძლებს პოლი უფრო ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დაწყებას.

ამ სეზონში პოლის საშუალო სტატისტიკა 19.2 ქულასა და 8.6 შედეგიანი პასს შეადგენს.

185 მილიონი როუზისთვის
"ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელი დერიკ როუზი საკუთარ ბიუჯეტს მნიშვნელოვანი თანხით შეავსებს.

გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეს ახალი კონტრაქტი გააფორმა სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანია "ადიდასთან".

ხელშეკრულების მოქმედების ვადაა - 13 წელი, რომლის დროსაც როუზი ჯამში 185 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ხოლო თუ ბონუსებსაც გავითვალისწინებთ, ეს თანხა, შესაძლოა, 200 მილიონამდე გაიზარდოს.

რაშიდს ლეიკერსში უშვებენ
ამერიკული პრესა ამტკიცებს, რომ სულ მალე ვეტერანი ფორვარდი რაშიდ უოლასი დიდ სპორტში დაბრუნდება და კონტრაქტს გააფორმებს "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან".

"რა თქმა უნდა, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა რაშიდი სასტარტო ხუთეულის დონის მოთამაშე იყო. ეს მასაც კარგად ესმის და "ლეიკერსსაც", - ამბობს ანონიმური წყარო. - მიუხედავად ამისა, მთელი ამ დროის განმავლობაში უოლასი სპორტულ ფორმას ინარჩუნებდა და შეუძლია გუნდის გაძლიერება".

შეგახსენებთ, რომ სკანდალებით განთქმულმა კალათბურთელმა კარიერა 2009-10 წლების სეზონში დაასრულა.

ხუთი სპარინგი ლონდონამდე
აშშ-ის კალათბურთის ფედერაციამ გამოაცხადა 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ქვეყნის ეროვნული ნაკრების მზადების გრაფიკი.

12 ივლისს ამერიკელები ლას ვეგასში შეხვდებიან დომინიკის რესპუბლიკას, 16 ივლისს ვაშინგტონში დაუპირისპირდებიან ბრაზილიას. შემდეგ ევროპაში გაემგზავრებიან, სადაც ოლიმპიადის დაწყებამდე სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ: 19 ივლისს მანჩესტერში შეხვდებიან ბრიტანეთს, 22 ივლისს არგენტინას და 24 ივლისს - ესპანეთს (ორივე - ბარსელონაში).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული