NBA: რეგულარული ჩემპიონატი: "ოკლაჰომამ" მეშვიდედ გაიმარჯვა

AutoSharing Option
პირველად ბოლო რვა წლის განმავლობაში "ოკლაჰომამ" შეძლო სტუმრად "ორლანდოს" დამარცხება. კევინ დურანტმა და კომპანიამ ამ სეზონში ორივე შეხვედრა მოუგეს "მეჯიქს", რითაც მიმდინარე გამარჯვებათა სერია შვიდამდე აიყვანეს.

ეს ზედიზედ მეორე შეხვედრა იყო სტუმრად, როცა მატჩის ბედი ბოლო წუთებზე დურანტის სნაიპერულმა თვისებებმა გადაწყვიტეს.

თამაშის სურათი სწორედ მეოთხე მეოთხედში შეიცვალა. სტუმრებმა თამაშიდან 15-დან 10 ტყორცნა გამოიყენეს, დურანტმა კი ამ 12 წუთში 18 ქულა დააგროვა. მანამდე, მესამე მეოთხედში დუაიტ ჰოვარდის 16 ქულით "ორლანდომ" 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. როგორც მიმდინარე სეზონის პრაქტიკა გვიჩვენებს, ასეთი ჩამორჩენა "ოკლაჰომასთვის"
არაფერია. დურანტი მთლიანად ჩაერთო თამაშში. ბოლო მეოთხედის 9-წუთიანი მონაკვეთში სტუმრები 23:8 გაიქცნენ.

ბოლოსკენ არ იმუშავა "ორლანდოს" მთავარმა იარაღმა - სამქულიანმა ტყორცნებმა. აივისა და დურანტის ზედიზედ სამ შორეულ ტყორცნას მხოლოდ ჯამირ ნელსონის სამქულიანით უპასუხა. ხოლო რიჩარდსონმა და ანდერსონმა მაშინ ჩააგდეს შორიდან, როცა ამ გასროლებისგან დიდი სარგებლობა აღარ იყო.

* * *
"მაიამიმ" ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე დაამარცხა სტუმრად "პორტლენდი". უკვე დიდი შესვენებისთვის "ბლეიზერსის" ჩამორჩენა კატასტროფული იყო - "მინუს 18". თანაც "მაიამის" არ ჰყავდა კრის ბოში, რომელმაც ნათესავის გარდაცვალების გამო დატოვა გუნდი.

გასაგებია, ვისი დამსახურებაა ეს იოლი გამარჯვება: ლებრონ ჯეიმსს 38 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი, 5 ჩაჭრა და ერთი დაფარება ჰქონდა, თანაც არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. დუეინ უეიდმა კი 33 ქულა, 10 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა აქტივში. ამას ემატება ჰასლემის ორმაგი დუბლი. "ჰიტმა" მხოლოდ 9 შეცდომა დაუშვა, მოიგო ფარი (41-36) და გასაქანი არ მისცა ბატუმსა და კროუფორდს (ამ წყვილზე რვიდან შვიდი აცილებული სამქულიანი მოდის).

* * *
"კლიპერსმა" მხოლოდ ბოლო მეოთხედში მიაღწია საკრამენტოში გადამწყვეტ უპირატესობას, როცა შორეული ტყორცნები წაუვიდა მო უილიამსს. სტუმრებმა ამ დღეს 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლეს შორიდან (23-დან 12), გააკეთეს 30 (!) შედეგიანი გადაცემა და უშეცდომოდ შეასრულეს საჯარიმოები. შეცდომებიც მინიმალური იყო
- მარტო ევანსმა და ტომასმა ერთად უფრო მეტი შეცდომა დაუშვეს, ვიდრე მთელმა "კლიპერსმა".

მართალია, საბოლოო სხვაობა მხოლოდ რვა ქულა იყო, მაგრამ ეს კალიფორნიელთა მოდუნების გამო მოხდა - სირენამდე 2 წუთითა და 46 წამით ადრე "კლიპერსის" უპირატესობა 21 ქულას აღწევდა.

* * *
დამსახურებულად წააგო "მინესოტამ" ფინიქსში. "მგლებმა" 13-დან მხოლოდ ერთი სამქულიან მოათავსეს კალათში. ის კევინ ლავის ანგარიშზეა, რომელიც თავის გუნდში 23 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო, მაგრამ ეს მატჩში მის აქტივში ვერ ჩაიწერება იმის გამო, რომ 17-ჯერ ააცილა, 5 პერსონალური მიიღო და 4-ჯერ დაკარგა ბურთი.

მასზე უარესად მხოლოდ ბიზლი და უილიამსი გამოიყურებოდნენ, რომლებმაც 15-დან 12 სროლა და 5 საჯარიმო ააცილეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუბიო თითქმის არ ჩანდა, გამოცანად რჩება, როგორ მოიგო "მინესოტამ" პირველი ტაიმი.

მაგრამ მეორე ტაიმში სამართლიანობამ იზეიმა. ნეშის უნარიანი გადაცემებით ჰილმა, დადლიმ და ფრაიმ საკუთარ გუნდს ლიდერობა დაუბრუნეს. უპირატესობის დაკარგვა რთული ჩანდა, რადგან სტუმრებმა მომდევნო 583 წამის განმავლობაში თამაშიდან მხოლოდ ორჯერ ჩააგდეს.

ორლანდო-ოკლაჰომა 102:105
23:20, 30:30, 28:20, 21:35
ორლ: ჰოვარდი (33+9 მოხსნა), რიჩარდსონი (16+6 მოხსნა), ნელსონი (15+6 მოხსნა+9 პასი), ანდერსონი (15), თურქოგლუ (11).
ოკლ: დურანტი (38+8 მოხსნა), უესტბრუკი (29+10 პასი), ჰარდენი (13+5 მოხსნა+5 პასი), პერკინსი (4+11 მოხსნა).

ფინიქსი-მინესოტა 104:95
22:23, 24:28, 31:23, 27:21
ფ: ჰილი (20+5 მოხსნა), გორტატი (17+6 მოხსნა), ფრაი (14+5 მოხსნა), ნეში (13+8 მოხსნა+17 პასი), დადლი (12+7 მოხსნა), ბრაუნი (12).
მ: ლავი (23+10 მოხსნა), რიდნური (15+8 პასი+3 ჩაჭრა), პეკოვიჩი (14+9 მოხსნა), რუბიო (13), ჯონსონი (12+5 მოხსნა).

საკრამენტო-კლიპერსი 100:108
25:28, 32:29, 22:28, 21:23
ს: კაზინსი (23+10 მოხსნა+3 დაფარება), ტორნტონი (18), ევანსი (18+5 მოხსნა+3 დაფარება), ფრედეტე (11), ტომასი (10+5 მოხსნა).
კ: პოლი (22+9 პასი), უილიამსი (18+5 პასი+3 ჩაჭრა), ფოიე (16+5 პასი), გრიფინი (14+9 მოხსნა), ბატლერი (13), სიმონდსი (13).

პორტლენდი-მაიამი 93:107
24:32, 18:28, 27:27, 24:20
პ: ოლდრიჯი (20+6 მოხსნა), კროუფორდი (18), ბატუმი (17+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), მეტიუზი (15+7 მოხსნა), უოლასი (12).
მ: ჯეიმსი (38+11 მოხსნა+6 პასი+5 ჩაჭრა), უეიდი (33+10 პასი+3 ჩაჭრა), ჩელმერსი (12), ჰასლემი (11+14 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული