NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დუეინ უეიდის გარეშე იოლია

AutoSharing Option
ფანტასტიკური სცენარის მატჩი გაიმართა 4 აპრილს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. ინდიანაპოლისში "ინდიანა პეისერსი" "ნიუ იორკ ნიქსს" მასპინძლობდა.

თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ ინიციატივა "ნიუ იორკმა" მოიპოვა და მესამე მეოთხედის ბოლოსკენ, პრაქტიკულად, გადაწყვიტა მატჩის ბედი. მესამე 12-წუთეულის დასრულებამდე წუთით ადრე "ნიქსი" 17 ქულით იყო წინ.

და ამის შემდეგ დაიწყო მატჩის ყველაზე საინტერესო ნაწილი. "ინდიანამ" მეოთხე მეოთხედი 8:2 გაქცევით დაიწყო და მასპინძლებს თამაშის გადარჩენის შანსი მიეცათ. "ნიქსმა" სასწრაფოდ ტაიმ-აუტი აიღო, მაგრამ პაუზამ ვერ უშველა - მორიგი 11:2 გაქცევის შემდეგ, რომელიც დენი გრეინჯერის სამქულიანით დასრულდა,
მატჩში ანგარიში გათანაბრდა - 91:91.

"ინდიანამ" მეტოქეს ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა და ინიციატივა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. საბოლოოდ, "პეისერსმა" ბოლო მეოთხედი 40:17 მოიგო და შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა - 112:104.

მატჩის გმირმა დენი გრეინჯერმა თავისი 27 ქულიდან 14 სწორედ მეოთხე მეოთხედში მიითვალა. მას მხარი აუბა პოლ ჯორჯმა, რომელმაც ბოლო 12 წუთში 12 ქულა ჩააგდო.

"ინდიანამ" ვერაფერი მოუხერხა "ნიქსის" ლიდერ კარმელო ენტონის, რომელმაც 39 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა შეხვედრა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გასამარჯვებლად.

"პეისერსმა" ამ მოგებით წინ წაიწია აღმოსავლეთის ცხრილში და ახლა მესამე გუნდია კონფერენციაში. "ნიუ იორკი" კი კვლავინდებურად მერვე პოზიციაზე იმყოფება.

* * *
დუეინ უეიდის გარეშე მოუწია "მაიამის" "ფილადელფიის" წინააღმდეგ თამაში. ასეთ პირობებში "დიდი ტრიოს" სხვა წევრებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, მით უმეტეს, რომ მეტოქედ დივიზიონის ჩემპიონობისთვის მებრძოლი "ფილადელფია" ჰყავდა. კრის ბოშმა ერთპიროვნული ლიდერის როლი ვერ იტვირთა, ლებრონ ჯეიმსი კი წარმატებით გაუძღვა წინ პარტნიორებს. "მეფემ" 41 ქულა დააგროვა, რაც ოდნავ ჩამორჩებოდა დანარჩენი გუნდის საერთო მონაგარს.

მაგრამ ლებრონის წარმატებებმა ვერ გატეხა მეტოქე. დიდი ხანი "სიქსერზი" თანაბრად იბრძოდა - იქამდე, სანამ მესამე მეოთხედში არ მოხდა ძალიან უსიამოვნო ეპიზოდი. ჩელმერსმა უნებლიეთ თვალში ჩაარტყა თითი იგუოდალას. ეს უკანასკნელი გარკვეული ხანი მოედანზე იწვა, შემდეგ გასახდელში გაიყვანეს.

ამის შემდეგ "ფილადელფიის" ლიდერი თამაშში აღარ დაბრუნებულა. რა თქმა უნდა, თავისი ლიდერის გარეშეც "სიქსერზი" აგრძელებდა ბრძოლას. ასე მაგალითად, საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე სხვაობა მხოლოდ ოთხ ქულას შეადგენდა, მაგრამ დარჩენილ დროში მარტო ლებრონ ჯეისმა დააგროვა იმდენი ქულა, რამდენიც "ფილადელფიის" ყველა მოთამაშემ ერთად აღებულმა.

"მაიამიმ" ოფიციალურად მოიპოვა პლეი ოფის საგზური. აღსანიშნავია, რომ "ჰიტმა" უეიდის გარეშე მეათე მატჩი ჩაატარა და მეცხრედ მოიგო.

* * *
ქება დაიმსახურა "ნიუ ჯერსიმ" ლოს ანჯელესის "სტეიპლს ცენტრში" "ლეიკერსის" წინააღმდეგ მატჩში ნაჩვენები თამაშისთვის. სტუმრებს საქმე გაუმარტივა იმან, რომ არ თამაშობდა ტრავმირებული ბინუმი. სხვათა შორის, სასტარტოში მისმა შემცვლელმა მაკრობერტსმა პირველი მეოთხედის ბოლო წამზე ფანტასტიკური დრიბლინგით ულამაზესი ბურთი ჩააგდო. აგრეთვე მატჩში საუკეთესო იყო "პლუს/მინუსის" სისტემით ("+10").

"ნიუ ჯერსისთვის" ცუდი ის იყო, რომ თამაშს იმ დროს მოუმატა, როცა "ლეიკერსი" 17 ქულით იყო დაწინაურებული. სტუმრებს უფრო ადრე რომ დაეწყოთ თამაშში დაბრუნება, შესაძლოა, ბოლოსკენ არ დასჭირვებოდათ მსაჯთან კამათი, რომელმაც სირენამდე 10 წამით ადრე ("ლეიკერსი" მხოლოდ ერთ ქულას იგებდა) შეტევის უფლება მეტოქეს მისცა. არადა, ბურთმა მოედანი ბარნსის ხელიდან დატოვა. თამაშის განახლების შემდეგ კობი ბრაიანტმა სამქულიანი ისროლა, ბურთი ფარს მოხვდა, ჰაერში ავარდა და ისე ჩაეშვა ფარში. გამარჯვებულის საკითხი მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან.

"ნეტსისთვის" ეს მარცხი იმითაც არის დასანანი, რომ მხოლოდ ექვსი შეცდომა დაუშვა ("ლეიკერსს" 16 დაკარგვა ჰქონდა) და 11 პერსონალურით შემოიფარგლა.

კლივლენდი-სან ანტონიო 90:125
18:32, 23:28, 22:30, 27:35
კ: ჯეიმისონი (15), ირვინგი (13+5 პასი), ჰადსონი (12), ერდენი (11), კასპი (11), ტომპსონი (10), პარკერი (10).
ს-ა: მილზი (20), გრინი (19), პარკერი (19+5 პასი), სპლიტერი (11+5 მოხსნა), ნილი (11), ბლეირი (10).

ტორონტო-შარლოტი 92:87
24:22, 29:24, 18:18, 21:23
ტ: ბარნიანი (30), დეროზანი (20), კლეიზა (18+5 მოხსნა), კალდერონი (1+11 პასი+3 ჩაჭრა).
შ: მალენსი (20+14 მოხსნა), ოგუსტინი (18+7 პასი), ბრაუნი (12+6 მოხსნა), უოკერი (10+7 პასი).

მაიამი-ფილადელფია 99:93
29:27, 22:27, 25:16, 23:23
მ: ჯეიმსი (41+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჩელმერსი (19+6 მოხსნა), ბოში (17+5 მოხსნა), ჰალსემი (6+11 მოხსნა).
ფ: ტერნერი (26+8 მოხსნა), უილიამსი (18+5 პასი+5 მოხსნა), ჰაუსი (12+5 მოხსნა), იგუოდალა (11+5 მოხსნა).

საკრამენტო-ფინიქსი 100:109
18:29, 33:30, 27:20, 22:30
ს: კაზინსი (41+12 მოხსნა), ტომასი (25+7 პასი), უილიამსი (16+6 მოხსნა+5 პასი).
ფ: გორტატი (20+10 მოხსნა), ნეში (18+12 პასი+6 მოხსნა), დადლი (15+6 მოხსნა), ფრაი (15+6 მოხსნა+3 დაფარება), რედი (16), ბრაუნი (12+5 მოხსნა).

ინდიანა-ნიუ იორკი 112:104
31:31, 20:28, 21:28, 40:17
ი: გრეინჯერი (27+7 მოხსნა), ჯორჯი (18+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბარბოზა (12), ჯონსი (12+6 მოხსნა), ჰიბერტი (10+5 მოხსნა).
ნ-ი: ენტონი (39+10 მოხსნა), ფილდზი (15), ჩენდლერი (12+14 მოხსნა), სმიტი (11+9 მოხსნა).

დეტროიტი-ორლანდო 102:95
27:25, 23:22, 24:27, 28:21
დ: მონრო (22+11 მოხსნა), გორდონი (18+7 პასი+6 მოხსნა), პრინსი (15+6 მოხსნა), მაქსიელი (15+7 მოხსნა), ჟერებკო (13+5 მოხსნა), ნაითი (11).
ო: დევისი (31+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), თურქოლგუ (16), დუჰონი (13+5 პასი), ჯ. რიჩარდსონი (10).

მემფისი-გ. სტეიტი 98:94
20:24, 30:26, 20:29, 28:15
მ: მაიო (19), კონლი (18+5 მოხსნა), კანინგემი (13+5 მოხსნა), გასოლი (12+6 პასი+4 დაფარება), გეი (11), არენასი (10).
გ-ს: ლი (22+13 მოხსნა), რობინსონი (18+5 პასი), რაში (13), ტაილერი (9+11 მოხსნა).

ლეიკერსი-ნიუ ჯერსი 91:87
32:23, 26:22, 20:21, 13:21
ლ: ბრაიანტი (24+7 მოხსნა), გასოლი (22+12 მოხსნა), სეშენსი (19+11 პასი+6 მოხსნა), ბარნსი (4+10 მოხსნა).
ნ-ჯ: უილიამსი (20+6 პასი), უოლასი (19+5 პასი), ჰემფრიზი (18+15 მოხსნა), გრინი (13+6 მოხსნა).

რას აირჩევს დერონი?
დერონ უილიამსი მზად არის, წელს თავისუფალი აგენტი გახდეს, მაგრამ არც "ნიუ ჯერსისთან" თანამშრომლობას გამორიცხავს. ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი ღიად აცხადებს, რომ მზად არის "ნეტსში" კარიერის დასასრულებლად, ოღონდ თუ მას პარტნიორად გვერდში დუაიტ ჰოვარდს დაუყენებენ.

"ნიუ ჯერსის" ხელმძღვანელობა საშუალებას აძლევს დერონს, მონაწილეობა მიიღოს შემადგენლობის ფორმირებაში. კლუბის გენერალური მენეჯერი ბილი კინგი ამბობს: "ჯერ კიდევ დეკემბერში ჩვენ ერთად ვიმუშავეთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტზე. საწვრთნელ ბანაკში ის ყოველი ვარჯიშის შემდეგ ჩემს ოფისში იყო. დერონი საკუთარ თავს გენერალური მენეჯერის თანაშემწეს უწოდებს".

როუზი დღეს ბრუნდება
თუ "ჩიკაგოს" გენერალურ მენეჯერს, გერი ფორმენს დავუჯერებთ, "ბულზის" ლიდერმა დერიკ როუზმა სამშაბათს გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა და მალე დაუბრუნდება მოედანს. ეს ნანატრი მოვლენა, შესაძლოა, დღევანდელ ტურში მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ საზარდულის ტრავმის გამო როუზმა ბოლო 11 მატჩი გამოტოვა. ამ სეზონში დერეკი საშუალოდ 22.8 ქულასა და 8.0 შედეგიან პასს აგროვებს.

"ორლანდო მეჯიქის" ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა კლუბის მთავარი მწვრთნელის, სტენ ვან განდის განთავისუფლება მოითხოვა. ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ლიგის საუკეთესო ცენტრმა "ორლანდოს" მფლობელს თავისი სურვილის შესახებ გამოუცხადა.

თუმცა თავად ცენტრი და კლუბის ხელმძღვანელები უარყოფენ ამ ჭორებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული