NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ნაკლული ტრიოს ტრიუმფი

AutoSharing Option
"ჩიკაგოსთან" ბოლო ორი შეხვედრა "მაიამისთვის" მარცხით დასრულდა, მაგრამ ამჯერად ფლორიდელებს სერიოზულად ჰქონდათ განზრახული ამ წარუმატებელი სერიის შეწყვეტა, ოღონდ ეს ტრავმირებული კრის ბოშის გარეშე უნდა გაეკეთებინა.

"ჩიკაგოს" უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა აკლდა - მკურნალობას აგრძელებს დერიკ როუზი.

წაგების შემთხვევაში, "მაიამი" კარგავდა აღმოსავლეთში პირველობის შანსს. ერიკ სპოელსტრას შეგირდებს ეს შესანიშნავად ესმოდათ, ამიტომაც დიდი ბრძოლა გაუმართეს მეტოქეს. იყო ბევრი ტექნიკური ჯარიმა, "ჰიტის" მცველი ჯეიმს ჯონსი კი ჟოაკიმ ნოას წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს.

სტუმრებს ვერ უშველა გამოჯანმრთელებული ლუოლ დენგის დაბრუნებამ, "ჩიკაგოს" მთავარ მწვრთნელს ტომ ტიბოდოს
კი, ალბათ, დიდი თავსატეხი გაუჩინა იმან, რომ "მაიამიმ" “ხარების” მთავარი იარაღის - დაცვის წყალობით შეძლო გამარჯვება.

დარჩენილი თამაშების კალენდარი ვერ იძლევა დარწმუნებით იმის თქმის საშუალებას, ამ ორიდან რომელი გუნდი გაინაღდებს აღმოსავლეთში ჩემპიონის ტიტულს, ასე რომ, ფლორიდელებმა მართლაც უმნიშვნელოვანეს მატჩში გაიმარჯვეს.

"მაიამიმ" მოიგო ფარი, კარგად დაკეტა "ბულზის" მცველების წყვილი (უოტსონი-ჰემილტონი) და მეტოქეს საშინელი პროცენტით ასროლინა (თამაშიდან - 35.7%, სამქულიანები - 12.5).

* * *
"კლიპერსი" ფავორიტის რანგში ჩავიდა ფინიქსში: კალიფორნიელებმა ბოლო 15 მატჩში მხოლოდ ორჯერ წააგეს, ბოლო ხუთი კი თავის სასარგებლოდ დაასრულეს. ვინი დელ ნეგროს შეგირდები ბოლო დროს მართლაც კარგად გამოიყურებიან, კრის პოლმა კი ფანტასტიკური ფორმა აკრიფა.

თავის მხრივ, "სანზმა" იცის, როგორ მოუგოს "კლიპერსს" - თავის მოედანზე ზედიზედ ცხრაჯერ ჰყავდა დამარცხებული ლოს ანჯელესის მეორე გუნდი, თანაც "ფინიქსს" მოგება ძალიან სჭირდებოდა, რადგან ჯერ დაკარგული არ არის პლეი ოფში გასვლის შანსი.

საბოლოოდ, მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა და 48 წუთის განმავლობაში ლიდერი 24-ჯერ შეიცვალა.

ბრწყინვალე ვეტერანმა სტივ ნეშმა ბოლო ხუთ წუთში ორჯერ გაათანაბრა ანგარიში, სირენამდე 25 წამით ადრე კი ორი საჯარიმო გამოიყენა და 91:90 დააწინაურა თავისი გუნდი. სტუმრებს ერთი შეტევისთვის რჩებოდათ დრო და მათ ორჯერ მოასწრეს სროლა: თავიდან პოლის ტყორცნა დაბლოკა ტელფეირმა, შემდეგ კი მო უილიამსის ნაჩქარევი სამქულიანი ასცდა მიზანს.

ამას მოჰყვა ჩენინგ ფრაის ორი ზუსტი სამქულიანი და კალიფორნიელებს ორი წამი დარჩათ თამაშის გადასარჩენად. ბლეიკ გრიფინის შორეული ცდა ყველაზე არასასურველი ვარიანტი იყო გადამწყვეტი ტყორცნისთვის.

* * *
სამი სრული სეზონი დასჭირდა "მინესოტას" იმისთვის, რომ აპრილში მოეგო რეგულარული ჩემპიონატის მატჩი. ზედიზედ 27 წაგება გაზაფხულის მეორე თვეში - ეს უნიკალური სერია ისტორიას ჩაბარდა. ტრავმებით გაწამებულმა "მგლებმა" დიდი ხანია დაკარგეს პლეი ოფში მოხვედრის შანსი, დეტროიტში კი 11-მატჩიანი წაგებათა სერიით ჩავიდნენ.

თუმცა "მინესოტას" კალათბურთელებს "პისტონზთან" მატჩში თითქმის ყველაფერი გამოსდიოდათ: ხოსე ბარეას ოთხი მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე, ნიკო პეკოვიჩმა 17-დან 10 ტყორცნა მოათავსა კალათში და 9 მოხსნაც დააგროვა, ენტონი რენდოლფმა კი ამ კვირაში მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა. სირენამდე 7.45 წუთით ადრე მასპინძლები 23 ქულას აგებდნენ და განწირულები იყვნენ. "დეტროიტის" 19:3 გაქცევა უკვე დაგვიანებული იყო.

* * *
"ინდიანამ" პრაქტიკულად დაიბევა პლეი ოფის პირველ რაუნდში საკუთარი მოედნის უპირატესობა და თან ფაქტობრივად ნაადრევ შვებულებაში გაუშვა "მილუოკი".

"პეისერსის" სასტარტო ხუთეულის წევრებმა ფანტასტიკური თამაში აჩვენეს - თითოეულმა მათგანმა 10-ქულიანი ზღვარი გადალახა, ერთად კი სარგებლიანობის შესანიშნავი კოეფიციენტი დააფიქსირეს: "+91". შედარებისთვის, "ბაქსის" ძირითადი შემადგენლობის ანალოგიური მაჩვენებელი იყო - "-89".

"მილუოკის" მცველთა ვარსკვლავურმა წყვილმა – ჯენინგსმა და ელისმა სრული კრახი განიცადა: 37-დან 13 ზუსტი ტყორცნა, შვიდი შეცდომა და მხოლოდ ცხრა შედეგიანი პასი. მაგრამ ეს არ იყო მთლად უარესი ვარიანტი. მაგალითად, სასტარტოს კიდევ ერთ წევრს კარლოს დელფინოს გენიალური კოლექცია ჰქონდა: 0 ქულა, 0 მოხსნა, 0 პასი, 0 ჩაჭრა და 1 შეცდომა.

ინდიანა-მილუოკი 118:109
34:29, 22:21, 33:28, 29:31
ი: გრეინჯერი (29+5 მოხსნა), ჰილი (22+5 მოხსნა+8 პასი), უესტი (21+14 მოხსნა+7 პასი), ჯორჯი (14+5 პასი+3 ჩაჭრა), ჰიბერტი (12+5 მოხსნა), ბარბოზა (10).
მ: ჯენინგსი (27+5 მოხსნა), დანლივი (23+8 მოხსნა), მბა ა მუტე (16+11 მოხსნა), გუდენი (15+7 მოხსნა), ელისი (12+7 პასი).

ნიუ ორლეანი-ჰიუსტონი 105:99 (ო)
22:29, 21:22, 26:13, 18:23, 18:12
ნ-ო: გორდონი (27+5 პასი+3 ჩაჭრა), ლენდრი (20+10 მოხსნა), ამინუ (17+8 მოხსნა), ბელინელი (13), ეიონი (9+10 მოხსნა).
ჰ: დრაგიჩი (23+5 მოხსნა+8 პასი), ბადინგერი (22+6 მოხსნა), ლი (15), კემბი (14+7 მოხსნა), სკოლა (11+8 მოხსნა).

ფინიქსი-კლიპერსი 93:90
27:29, 19:16, 23:26, 24:19
ფ: დადლი (18), ფრაი (16+5 მოხსნა), გორტატი (14+14 მოხსნა), ნეში (13+6 პასი), ტელფეირი (13).
კ: პოლი (19+10 პასი), ბატლერი (17+5 მოხსნა), გრიფინი (16+11 მოხსნა), ფოიე (11).

დეტროიტი-მინესოტა 80:91
16:24, 15:25, 17:19, 32:23
დ: პრინსი (18+5 მოხსნა), ბინუმი (17), გორდონი (14), ვილანუევა (6+12 მოხსნა).
მ: პეკოვიჩი (23+9 მოხსნა), რენდოლფი (15+10 მოხსნა+3 დაფარება), ბარეა (13+6 მოხსნა+12 პასი), ბიზლი (13+7 მოხსნა), უილიამსი (11).

მაიამი-ჩიკაგო 84:73
27:23, 15:17, 24:21, 18:12
მ: ჯეიმსი (27+11 მოხსნა+6 პასი), უეიდი (18+5 პასი+3 ჩაჭრა), ჩელმერსი (16), ჰასლემი (6+10 მოხსნა).
ჩ: ლუკასი (16+6 მოხსნა), ნოა (15+10 მოხსნა), დენგი (11), ბუზერი (10+5 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული