კრის ბოში: მაიამი 73 მატჩს მოიგებს

AutoSharing Option

მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულდა და საკალათბურთო სამყარო თანდათან ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მომავალ სეზონზე გადაერთო. ისევ ატყდა აჟიოტაჟი "მაიამი ჰიტის" სუპერტრიოს - ლებრონ ჯეიმსის, დუეინ უიედისა და კრის ბოშის გარშემო. ლებრონის ტრანსფერმა ისეთი ხმაური გამოიწვია, რომ ბოში ერთგვარად ჩრდილში მოექცა, თუმცა რთული დღეების გადატანა მასაც მოუხდა, რადგან "ტორონტო რეპტორზის" ფანებმა ისიც მოღალატედ მონათლეს.

კრისი Sports Illustrated-სთვის მიცემულ ინტერვიუში გვიყვება თავის დამოკიდებულებაზე პრესის მიმართ, კანადელი ფანების უმადურობასა და თანამედროვე პროფესიული სპორტის მორალურ ყოფაზე.

- რა გამოცდილება შეიძინეთ წლევანდელი ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზრის დროს?

- მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ არაერთგვაროვან სიტუაციებში ვლინდება ზოგიერთი ადამიანის ნამდვილი სახე. გარდა ამისა, კიდევ ერთხედ დავრწმუნდი, რა დიდ როლს თამაშობს თანამედროვე საზოგადოებაში პრესა და ტელევიზია. ვფიქრობ, ჩემი და ლებრონ ჯეიმსის ტრანსფერთან დაკავშირებული სიტუაცია იმის დამამტკიცებელი იყო, თუ რამდენად შეიცვალა დღევანდელი თაობა.

- ამან შეცვალა თქვენი დამოკიდებულება პრესისა და გულშემატკივრების მიმართ?
- ის ფაქტი, რომ "მაიამიში" სამი ვარსკვლავი შევიკრიბეთ, აბსოლუტურად ყველას ვერ გაახარებდა. ჩემი გადაწყვეტილების გამო კმაყოფილი ვარ, "მაიამის" ფანებიც ასეთივე მდგომარეობაში არიან. მაგრამ ყველა მზად არ არის შენი სიხარულის გასაზიარებლად - ეს ჯერ კიდევ ჩემმა მშობლებმა მასწავლეს. მთავარია გააკეთო ის, რასაც თავად მიიჩნევ საჭიროდ და არ უნდა მიაქციო ყურადღება უამრავ რჩევასა და აზრს. რა თქმა უნდა, სხვისი რჩევების მოსმენა აუცილებელია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ შენ უნდა მიიღო და მოგვიანებით, ამ გადაწყვეტილებაზე შენვე უნდა იტვირთო პასუხისმგებლობა. მთავარია მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინო საკუთარი მიზნის მისაღწევად და ყურადღება არ მიაქციო არაკეთილისმსურველთა სიტყვებს. მით უმეტეს, რომ ცუდის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე კარგის.

- არ გიკვირთ, რომ პრესამ "მაიამისგან" ერთგვარად საზოგადოების მტერი შექმნა?
- სიტუაციის ასე დამძიმება არ ღირს, რადგან უკმაყოფილოების გარდა, ბევრი ისეთი ადამიანი არსებობს, რომლებიც სიხარულით შეხვდნენ "მაიამიში" ჩემი და ლებრონის გადასვლას. და მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ გუნდის გულშემატკივრებზე. თუმცა ზოგიერთი ადამიანის საქციელმა გამაკვირვა. სიმართლე გითხრათ, ვერ გავაცნობიერე მომხდარის მასშტაბები.

- როგორი რეაქცია ჰქონდათ თქვენს გადასვლაზე "ტოროტოს" ფანებს?
- ახლა ყველაფერი ჩაწყნარდა. მაგრამ პირველ დღეებში ყველა მხრიდან მესმოდა ასეთი ტიპის ფრაზები: "კრის, ამდენი წელი აქ ყოფნის შემდეგ ეს როგორ გააკეთე?" მე ვამბობდი და კიდევ არაერთხელ გავიმეორებ - ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პირადული არაფერია. ჩავთვალე, რომ "მაიამიში" გადასვლა ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და გადავდგი კიდეც ეს ნაბიჯი. ეს საქმიანი გადაწყვეტილება იყო. როცა მოთამაშე წარმატებას აღწევს, მას ჰგონია, რომ ყოველთვის ერთი გუნდისთვის ითამაშებს. მაგრამ ბიზნესისთვის ასეთი რამეებს არ აქვს მნიშვნელობა. მე უბრალოდ საკუთარ გულს მოვუსმინე და ვფიქრობ, ასევე მოიქცეოდა ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა მე მაკრიტიკებს. არაფერი არ არის ისეთი მარტივი, ვიდრე ადამიანების გაკიცხვა საკუთარი შეხედულებების მიხედვით.

- რატომ გადაწყვიტეთ "ტორონტოს" დატოვება?
- მინდოდა გაწონასწორებული გადაწყვეტილება მიმეღო, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული სხვადასხვა გარემოებაზე. მინდოდა ისეთ გუნდში გადასვლა, რომელსაც საჩემპიონო ამბიციები გააჩნია. ასეთი გუნდი "მაიამი" გახდა. საქმე იმაში არ არის, რა არ ჰქონდა "ტორონტოს", არამედ იმაში - რა ჰქონდა "მაიამის".

- თავისუფალი აგენტების ბაზარზე არსებობს ცნება - ერთგულება?
- ასეთი რამ არც უნდა არსებობდეს. ერთგულება - ეს რაღაც ბონუსივითაა. შესანიშნავია, როცა ადამიანს ასეთი თვისება გააჩნია, მაგრამ პროფესიონალ სპორტსმენს უფლება არ აქვს დაამსხვრიოს საკუთარი კარიერა ლოიალურობის გამო. ბიზნესში გრძნობების ადგილი არ არის. ეს იგივეა, რომ შენი მეგობარი მაისურს ხუთ დოლარად ჰყიდდეს, მის გვერდით, სრულიად უცნობი ადაიმანი, იგივე მაისურს ოთხ დოლარად. და შენმა მეგობარმა გკითხოს: "კი მაგრამ, ერთგულება?", შენ კი ამ დროს ფიქრობ: "რატომ უნდა დავხარჯო ზედმეტი დოლარი". სპორტი უკვე დიდი ხანია გახდა გლობალური ინდუსტრია და ადამიანებმა უნდა ისწავლონ მისი შემოსავლის წყაროდ აღქმა.

- თქვენი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ არ გსურდათ "მეხუთე ნომრის" პოზიციაზე თამაში. მაგრამ "მაიამის" შემადგენლობას თუ გადავხედავთ, იქ არ მოიძებნება ახალგაზრდა, კვალიფიციური ცენტრი, რომელიც დიდ დროს გაატარებს მოედანზე. ამაზე რას ფიქრობთ?
- რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ ისეთ მომენტებს, როცა სათამაშო სიტუაცია საკუთარ პირობებს მიკარნახებს და ცენტრის პოზიციაზე თამაში საჭირო გახდება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, "მეხუთე ნომრად" დიდი ხანი თამაში არ მომიწევს, როგორც ეს "ტორონტოში" იყო. ამიტომაც იმედი მაქვს, "მაიამის" მწვრთნელი ჩემში მხოლოდ მძიმე ფორვარდს ხედავს.

- ჯეფ ვან განდიმ განაცხადა, რომ "ჰიტმა" შეიძლება დაამხოს "ჩიკაგო ბულზის" 1995-96 წლების რეკორდი, როცა სეზონში 72 მოგება დაუგროვდა. ბევრი ელოდება თქვენგან ამას. თავად რას ფიქრობთ?
- პირველ რიგში, არავის არ უნდა გვეშინოდეს. მით უმეტეს, როცა ბრძოლაში გიწვევენ. მართლაც გვაქვს 73 მატჩის მოგების კარგი შანსი და რატომ არ უნდა ვცადოთ? სხვადასხვა რეკორდის გარშემო დიდ აჟიოტაჟი იქმნება, ჩვენ კი უბრალოდ კალათბურთს ვითამაშებთ. თუ გინდა იყო მაიკლ ჯორდანის, ლარი ბერდის ან მეჯიქ ჯონსონის მსგავსი, მაშინ გონებაში შიში არ უნდა გაივლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული