NBA. პლეი ოფი. 1/8 ფინალი: კარმელო ენტონიმ დიდი ტრიო გადაწონა

AutoSharing Option
ორი წამყვანი მოთამაშის დაკარგვის შემდეგ "ჩიკაგოს" კლასი ძალიან დაეცა. "ბულზმა" დერეკ როუზის გარეშე ორჯერ წააგო "ფილადელფიასთან", რომლის ბარიერი, წესით, უპრობლემოდ უნდა გაევლო; ახლა კი ლაზარეთში ჟოაკიმ ნოაც აღმოჩნდა და ტიბოდოს შეგირდების შანსები კიდევ უფრო მიზერული გახდა.

ყველაზე მეტად ფრანგი ცენტრის დაკარგვამ კარლოს ბუზერს შეუქმნა დისკომფორტი. მძიმე ფორვარდი ძალიან დაბნეული ჩანდა. თანაც, კარლოსმა სისულელეების ჩადენა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაიწყო: მატჩის ბოლოს, როცა გუნდები ქულა ქულაში მიდიოდნენ.

თავიდან ბუზერმა სირენამდე წუთით ადრე ავანტურული გარღვევა მოინდომა და ელტონ ბრენდისგან ბლოკი მიიღო. ხოლო მას
შემდეგ, რაც ჰოლიდეიმ ორი საჯარიმო გამოიყენა და სხვაობა ოთხი ქულა გახდა მასპინძლების სასარგებლოდ, ბუზერმა მარტივ სიტუაციაში ბურთი დაკარგა, რითაც საბოლოო განაჩენი გამოუტანა თავის გუნდს. ის მისი მეხუთე ტექნიკური შეცდომა იყო - ყველაზე მეტი ორივე გუნდის კალათბურთელებს შორის.

სხვათა შორის, გუშინ გვიან გახდა ცნობილი, რომ ნოა ვერც სერიის მეხუთე მატჩში დაეხმარება თავისიანებს.

ფილადელფია-ჩიკაგო 89:82
24:15, 20:27, 20:21, 25:19
ფ: ჰეიესი (22+8 მოხსნა+3 დაფარება), ჰოლიდეი (20+8 მოხსნა+6 პასი), იგუოდალა (14+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტერნერი (9+6 მოხსნა+3 პასი), იანგი (8), ბრენდი (7+9 მოხსნა+2 დაფარება), უილიამსი (7), მიქსი (2).
ჩ: ბუზერი (23+11 მოხსნა+4 პასი), უოტსონი (17+6 მოხსნა+4 პასი), გიბსონი (14+12 მოხსნა+4 დაფარება), დენგი (11+5 მოხსნა), ჰემილტონი (7), კორვერი (5+3 პასი), ლუკასი (4), აშიქი (1+6 მოხსნა+3 დაფარება), ბრიუერი (0+3 პასი).
სერია: 3-1

* * *
"ნიუ იორკმა" გვიჩვენა, რომ ბევრის მიღწევა შეუძლია მაშინ, როცა კარმელო ენტონი საკუთარ თამაშს პოულობს და ამარე სტაუდმაიერი სასარგებლოდ თამაშობს. ამ შემთხვევაში საქმეს არ აფუჭებს ტაისონ ჩენდლერის ექვსი პერსონალური, ბაირონ დევისის მძიმე ტრავმა ან სხვა იმედგაცრუებები.

რა თქმა უნდა, მელოს 41-მა ქულამ დიდი როლი ითამაშა წარმატებაში. თამაშის ბოლოს სწორედ მის გავლით ვითარდებოდა თითქმის ყველა შეტევა, თუმცა იყო გამონაკლისებიც. მაგალითად, სირენამდე წუთით ადრე სამქულიანი ჩააგდო მაიკ ბიბიმ.

თუმცა ვეტერანი პლეიმეიკერის ტყორცნას არ მოუტანია გამარჯვება მასპინძლებისთვის, რადგან მათ ადეკვატური პასუხი მიიღეს ლებრონისგან. მორიგი თანაფარდობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა.

20 წამის შემდეგ ენტონიმაც სამქულიანი ჩააგდო. კრის ბოშის შეცდომის შემდეგ კი კარმელო საჯარიმოების ხაზზე დადგა - მასზე თამაშის წესი ბატიემ დაარღვია, თანაც იმ დროს, როცა ენტონი სამქულიანს ასრულებდა. მელოს შეეძლო ნერვული დასასრული აეცილებინა თავიდან, მაგრამ სამიდან მხოლოდ ერთი ტყორცნა გამოიყენა...

საბოლოოდ, ზუსტი შეტევების გაცვლის შემდეგ, სტუმრებს 14 წამი რჩებოდათ ორქულიანი ჩამორჩენის გასაბათილებლად. ბოლო შეტევის დასრულება დუეინ უეიდს ანდეს, რომელმაც გარღვევა წამოიწყო, მაგრამ "ნიქსის" დაცვამ მას სამქულიანის ხაზთან დაახევინა. ამიტომაც მცველს მოუმზადებელი შორეული ტყორცნის შესრულება მოუწია და ბურთი ფარს ააცილა.

ნიუ იორკი-მაიამი 89:87
20:18, 18:26, 26:17, 25:26
ნ-ი: ენტონი (41+6 მოხსნა+4 პასი), სტაუდმაიერი (20+10 მოხსნა), სმიტი (7+5 მოხსნა+4 პასი), ბიბი (6+5 მოხსნა), ფილდსი (5), ჰარელსონი (4), ნოვაკი (3), დევისი (2), ჩენდლერი (1+9 მოხსნა).
მ: ჯეიმსი (27+4 პასი), უეიდი (22+6 პასი+4 ჩაჭრა+3 დაფარება), ბოში (17+9 მოხსნა), ჩელმერსი (6+5 მოხსნა+4 პასი), ჰასლემი (6+6 მოხსნა), ენტონი (4+6 მოხსნა), მილერი (3+5 მოხსნა), ბატიე (2+3 პასი).
სერია: 1-3

* * *
მატჩის წინ "ატლანტას" ფანებმა კარგი ამბავი შეიტყვეს - მათი ორი საყვარელი კალათბურთელი დაუბრუნდა მოედანს: ჯოშ სმიტი და ელ ჰორფორდი. თითქოს ამით უნდა გაზრდილიყო სტუმრების თამაშის ხარისხიც და მორალური გაწყობაც, მაგრამ ამ დუეტმა ბევრით ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი.

სმიტმა, მართალია, ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ ამასთან, ექვსჯერ დაკარგა ბურთი და არც თამაშიდან ტყორცნების პროცენტი ჰქონდა მაღალი - 13-იდან მხოლოდ ხუთი ზუსტი სროლა. გარდა ამისა, მან კინაღამ მწყობრიდან გამოიყვანა პირსი.

სმიტთან შეჯახებისას პოლი მოედანზე დაეცა და მუხლზე მოიკიდა ორივე ხელი. ვეტერანი მოედნიდან გავიდა, თუმცა მისი დახმარება საჭირო აღარ იყო, რადგან სხვაობა 30 ქულას შეადგენდა.

რაც შეეხება ჰორფორდს, ის შორს არის ოპტიმალური კონდიციებისგან. ასაკოვანი კევინ გარნეტის წინააღმდეგაც კი ახალგაზრდა ცენტრი აგებდა ძალასა და სისწრაფეში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ელმა ბოლო მატჩი 11 იანვარს ჩაატარა.

ბოსტონი-ატლანტა 101:79
32:19, 32:22, 26:22, 11:16
ბ: პირსი (24), რონდო (20+16 პასი+3 ჩაჭრა), გარნეტი (13+5 მოხსნა), ალენი (12), ბასი (10+5 მოხსნა), დულინგი (10), ბრედლი (6), დენიელსი (4), სტიმსმა (2).
ა: სმიტი (15+13 მოხსნა+5 პასი), ჰორფორდი (12+5 მოხსნა), პარგო (11), ჯო ჯონსონი (9+3 პასი), უილიამსი (8), დამპიე (8), ტიგი (7+3 პასი), გრინი (4), ჰაინრიხი (2), მაკგრეიდი (2), ა. ჯონსონი (1).
სერია: 3-1

* * *
კიდევ ერთი გუნდი, რომელიც გავარდნის პირას დადგა, "დენვერ ნაგეტსია", თუმცა ეს მოსალოდნელი იყო. ოღონდ ისიც აღსანიშნავია, რომ ჯორჯ კარლის შეგირდებს ჰქონდათ მოგებისა და სერიაში ანგარიშის გათანაბრების შანსი.

მატჩის ბოლოს გუნდები თანაბრად მივიდნენ. სირენამდე წუთით ადრე დანილო გალინარიმ ანგარიში გაათანაბრა - 86:86.

იტალიელთან იყო დაკავშირებული შემდეგი ეპიზოდი. სწორედ აქ გაირკვა მატჩის ბედი - რამონ სეშენსის სამქულიანი გადამწყვეტი აღმოჩნდა. იმ დროს, როცა კალიფორნიელების პლეიმეიკერი ტყორცნას ასრულებდა, დანილო მოედანზე იწვა პაუ გასოლთან მძიმე შეჯახების შემდეგ - ეს მოულოდნელი რიცხობრივი უპირატესობა "ლეიკერსმა" შესანიშნავად გამოიყენა.

"ნაგეტსმა" პასუხის გაცემა ვეღარ შეძლო, რასაც კობი ბრაიანტის პასის შემდეგ სტივ ბლეიკის სამქულიანი მოჰყვა, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი.

"დენვერს" ვერ უშველა ბრაიანტის შედარებით სუსტმა თამაშმა (25-იდან 10 ზუსტი ტყორცნა და ხუთი შეცდომა). "ლეიკერსს" ერთი გამარჯვება დარჩა შემდეგ ეტაპზე გასვლამდე, სადაც მას "ოკლაჰომა" ელოდება.

დენვერი-ლეიკერსი 88:92
28:26, 23:19, 20:25, 17:22
დ: გალინარი (20+6 მოხსნა), მილერი (15+7 მოხსნა), ლოუსონი (11+6 პასი), ჰარინგტონი (9+6 მოხსნა), მაკგი (8+4 დაფარება), ბრიუერი (7), ფარიდი (6+7 მოხსნა+3 დაფარება), მოზგოვი (6), აფლალო (6).
ლ: ბრაიანტი (22+8 მოხსნა+6 პასი), ბინუმი (19+7 მოხსნა), გასოლი (13+9 მოხსნა+6 პასი), ჰილი (12+11 მოხსნა), სეშენსი (12), ბლეიკი (10), ბარნსი (4).
სერია: 1:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული