NBA. პლეი ოფი. 1/8-ფინალი: "ლეიკერსი" გავიდა, "კლიპერსი" ჯერ არა

AutoSharing Option
უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამ წყვილში ფავორიტის დასახელება რთული საქმეა - ეს არის თანაბარი გუნდების დაპირისპირება. ამიტომაც მიაღწია სერიამ მეშვიდე მატჩამდე.

მთელი სეზონი ორივე გუნდს უჭირდა სტუმრად თამაში და პირიქით, ლაღად თამაშობდა საკუთარ კედლებში. ამიტომაც ბევრს ეგონა, რომ მეექვსე მატჩში "კლიპერსი" შინ მოუგებდა "მემფისს" და ექვს მატჩში დაასრულებდა სერიას; მით უმეტეს, რომ წინა ორი შეხვედრა კალიფორნიელებს შინ მოგებული ჰქონდათ.

მაგრამ გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ "კლიპერსის" ლიდერები ვერ იყვნენ სათანადო ფიზიკურ ფორმაში.

შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კრის პოლმა და
ბლეიკ გრიფინმა დაზიანებების გამო სათადარიგოთა სკამზე გაატარეს.

მართალია, ტრავმები სერიოზული არ იყო, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პოლი მეექვსე მატჩში საკუთარი თავის ჩრდილი ყოფილიყო, თანაც, დაბინტული თითებით უწევდა თამაში მო უილიამსს. მან წინა შეხვედრასთან შედარებით ათით ნაკლები ქულა დააგროვა და თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო.

ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ უფრო აქტიურად თამაში სტუმრებმა დაიწყეს. მაგალითად, პირველი პერიოდის ბოლოსკენ მათი უპირატესობა 9 ქულას შეადგენდა.

იმ მომენტისთვის შვიდი ქულა იყო გეის ანგარიშზე, ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა კონლიმ. პოლს კი ამ მომენტისთვის ქულაც არ ჰქონდა მოპოვებული - მისი პირველი ზუსტი ტყორცნა მეორე მეოთხედის ბოლოზე მოდის. იმ მომენტისთვის კალიფორნიელები მიუახლოვდნენ მეტოქეს და ოთხ ქულაზე შორს აღარ გაუშვიათ. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ სტუმრებმა პირველ ტაიმში 13 შეცდომის დაშვება მოასწრეს.

მიუხედავად ამისა, "მემფისი" მაინც ინარჩუნებდა უპირატესობას და მასპინძლები პირველად წინ მესამე მეოთხედის ბოლოს გავიდნენ, როცა ბატლერმა ჩააგდო შორეული ტყორცნა. მეოთხე მეოთხედის სტარტზე "კლიპერსმა" დიდი ნაბიჯი გადადგა სერიაში გამარჯვებისკენ.

იანგის, უილიამსისა და ბლედსოუს ზუსტი ტყორცნებით მასპინძლები სირენამდე რვა წუთით ადრე რვა ქულით დაწინაურდნენ. ისე ჩანდა, რომ სტუმრები კვლავ ჩააგდებდნენ მეოთხე მეოთხედს და ამ შეხვედრასაც დათმობდნენ.

მაგრამ ამჯერად ყველაფერი პირიქით მოხდა. კონლისა და გეის მონდომებით, "მემფისი" 17:4 გაიქცა და ისევ თავდაყირა დადგა ყველაფერი. საბოლოოდ, სტუმრებს სირენამდე აღარ გაუშვიათ ხელიდან უპირატესობა.

არადა, "კლიპერსს" ჰქონდა გადარჩენის შანსი, რადგან ბოლო ნახევარ წუთში "მემფისმა" ექვსიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ფოიეს სამქულიანით მასპინძლებმა სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს, მაგრამ სათამაშო მხოლოდ სამი წამი რჩებოდა და დარჩენილ დროში "კლიპერსმა" ჯარიმის აღებაც ვერ მოასწრო.

მეშვიდე მატჩი "მემფისის" მოედანზე გაიმართება და შეიძლება ლიგის ისტორიაში დაფიქსირდეს მეცხრე შემთხვევა, როცა ერთი გუნდი სერიას 1:3-იდან მოიგებს.

კლიპერსი-მემფისი 88:90
16:25, 22:17, 28:24, 22:24
კ: გრიფინი (17+6 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბლედსოუ (14+6 პასი), პოლი (11+7 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), მარტინი (10+2 დაფარება), ბატლერი (10), ფოიე (9), ჯორდანი (7), ევანსი (6+10 მოხსნა+3 დაფარება), უილიამსი (2), იანგი (2).
მ: გასოლი (23+9 მოხსნა+3 პასი), რენდოლფი (18+16 მოხსნა+3 დაფარება), გეი (13+6 მოხსნა+3 პასი), კონლი (13+9 პასი), ალენი (8+2 დაფარება), სპეიტსი (6), მაიო (4), პონდექსტერი (3), ჰადადი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43/45.5), სამქულიანები (26.7/30), საჯარიმოები (64/63).
სერია: 3-3

* * *
"ლეიკერსმა" მაინც გატეხა "დენვერის" წინააღმდეგობა და შვიდმატჩიანი სერიის შემდეგ გავიდა მეოთხედფინალში.

აღნიშნულ შეხვედრაში "ლეიკერსს" დაუბრუნდა დისკვალიფიკაციამოხდილი მეტა უორლდ პისი და დიდი როლიც ითამაშა კალიფორნიელების გამარჯვებაში. გარდა იმისა, რომ ყოფილ რონ არტესტს სოლიდური სტატისტიკა ჰქონდა, მან განძრევის საშუალება არ მისცა დანილო გალინარის - იტალიელმა ცხრიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო.

არადა, აპენინელის ზუსტი ტყორცნები ძალიან სჭირდებოდა "დენვერს", რადგან მის რიგებში ბევრს არ წაუვიდა სროლა. გარდა ამისა, სტუმრებს სწრაფი შეტევებიც არ გამოუვიდათ - ამის საშუალება მათ "ლეიკერსის" მაღლებმა არ მისცეს. ცნობისთვის, ბინუმისა და გასოლის წყვილმა მეტოქის ფარზე 20 (!) ბურთი მოხსნა.

ასევე, "ლეიკერსის" სასარგებლოდ ლაპარაკობს კომბინაციების მრავალფეროვნება. თანაც, მასპინძლები არ ცდილობდნენ, მხოლოდ კობი ბრაიანტი გაეყვანათ სასროლად. საინტერესოა, რომ კობის არ ჰქონდა პირველი ადგილი მის გუნდში სროლების რაოდენობით. ბრაიანტს ყველაზე ხარისხიანად გვერდში რეზერვისტი ბლეიკი დაუდგა, რომელმაც ექვსიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო.

აქედან ბოლო სამქულიანმა მეოთხე მეოთხედის შუაში მასპინძლები ხუთი ქულით გაიყვანა წინ. ხოლო, როცა "ნაგეტსმა" შეხვედრისთვის ინტრიგის დაბრუნება სცადა, ბრაიანტმაც გაისროლა - მისმა სამქულიანმა სირენამდე 48 წამით ადრე "ლეიკერსი" რვა ქულით გაიყვანა წინ. "დენვერისთვის" ეს საბოლოო განაჩენი იყო.

ლეიკერსი-დენვერი 96:87
25:24, 23:18, 21:26, 27:19
ლ: გასოლი (23+17 მოხსნა+6 პასი+4 დაფარება), ბლეიკი (19+3 პასი), ბრაიანტი (17+8 პასი), ბინუმი (16+18 მოხსნა+6 დაფარება), უორლდ პისი (15+5 მოხსნა+4 ჩაჭრა+ 2 დაფარება), სეშენსი (4), ჰილი (2).
დ: ლოუსონი (24+6 პასი+5 მოხსნა), ჰარინგტონი (24), აფლალო (15+3 პასი), მაკგი (6+14 მოხსნა+5 დაფარება), ფარიდი (6+10 მოხსნა), ბრიუერი (4), მილერი (3+11 მოხსნა+8 პასი), გალინარი (3+3 პასი), მოზგოვი (2+2 დაფარება).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (39.3/39.3), სამქულიანები (45.8/26.9), საჯარიმოები (65.2/71.4).
სერია: 4-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული