შემდეგი სეზონი დერიკ როუზის გარეშე?

AutoSharing Option
ცუდი ამბავი შეიტყვეს "ჩიკაგო ბულზის" გულშემატკივრებმა. როგორც იცით, ამ გუნდის ლიდერმა დერიკ როუზმა "ფილადელფიასთან" სერიის პირველ მატჩში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გადაიტანა.

ახლა ირკვევა, რომ გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის აღდგენითი პროცესი, შესაძლოა, დიდი დროით გაიწელოს. საქმე, შესაძლოა, იქამდეც კი მივიდეს, რომ როუზმა ვერ შეძლოს მომავალ სეზონში თამაში.

როგორც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს, "ჩიკაგოს" ერთ-ერთი ექიმის ვარაუდით, როუზის მოედანზე დაბრუნებას 8-12 თვე დასჭირდება. ამიტომაც 23 წლის კალათბურთელს შემდეგი სეზონის სრულად გამოტოვება ემუქრება.

კარლაილი და
ტიბოდო რჩებიან
"დალას მავერიქსის" მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა თავის ამჟამინდელ კლუბთან. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კარლაილმა ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა თავისი გუნდი, მაგრამ წელს "მავერიქსი" პირველივე წრიდან გამოეთიშა პლეი ოფს.

52 წლის კარლაილი მოთამაშის რანგში "ბოსტონის", "ნიუ იორკისა" და "ნიუ ჯერსის" რიგებში გამოდიოდა.

2001 წელს ის "დეტროიტის" დამრიგებელი გახდა, 2003-ში "ინდიანაში" გადავიდა, 2008 წლიდან კი "დალასს" ავარჯიშებს. 2001-02 წლების სეზონში მან საუკეთესო მწვრთნელის პრიზი დაიმსახურა.

* * *
ამასობაში "ჩიკაგოს" გენერალურმა მენეჯერმა გარ ფორმანმა დაადასტურა კლუბის სურვილი, კონტრაქტი გააგრძელოს მთავარ მწვრთნელ ტომ ტიბოდოსთან.

"ჩვენ ჯერ კიდევ შემოდგომაზე დავიწყეთ მოლაპარაკება მრავალწლიან კონტრაქტზე, - განაცხადა ფორმანმა. - ახლა გრძელდება კონტრაქტის დეტალების განხილვა.

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ტომი შესანიშნავი სპეციალისტია, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობს გუნდში და ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია ლიგაში. იმედია, ის ჩვენთან დიდი ხნით
დარჩება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული