აივერსონი ჩინეთშიც არ სჭირდებათ

AutoSharing Option

წარუმატებლად დასრულდა NBA-ის ვეტერანი ვარსკვლავის ალენ აივერსონისა და ჩინური კლუბის "ფოშანის" მოლაპარაკებები. მხარეებმა კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, კერძოდ, ხელშეკრულება ფინანსური უთანხმოების გამო არ გაფორმდა. 35 წლის მცველმა ისეთი ხელფასი მოითხოვა, რომლის გადახდა ამ ჩინურ კლუბს არ შეეძლო.


"დენვერ ნაგეტსის" მთავარი მწვრთნელი ჯორჯ კარლი მიიჩნევს, რომ ფორვარდმა კარმელო ენტონიმ არ უნდა იჩქაროს გუნდიდან წასვლა. კლუბის მთავარმა ვარსკვლავმა, რომელიც მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს, არ მოისურვა "დენვერთან" ახალი სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება, რომლის ღირებულება 65 მილიონი დოლარს შეადგენს. ენტონიმ უკვე გაყიდა

დენვერში საკუთარი სახლი და არაოფიციალური ინფორმაციით, "ნიუ იორკში" აპირებს კარიერის გაგრძელებას.
"მელოსთან და მის წარმომადგენლებთან საუბრისას მუდმივად ვუსვამ ხაზს, რომ დიდი პრობლემების მიუხედავად, გასულ სეზონში 53 მატჩის მოგება შევძელით, - ამბობს კარლი. - ახალ ჩემპიონატში უკეთესად გამოსვლა შეგვიძლია. ამიტომაც ვთავაზობ ენტონის ურთიერთობის გაგრძელებას".


როგორც წინა ნომერში ვწერდით, "შარლოტ ბობკეტსმა" ტრანსფერზე დააყენა ვეტერანი ცენტრი ერიკ დამპიე. კალათბურთელი ექვსი წელი "დალას მავერიქსში" თამაშობდა და ივლისში "შარლოტში" გადავიდა, თუ ამ კლუბმა არ მოისურვა დამპიესთვის მომავალ წელს 13 მილიონი დოლარის გადახდა და ცენტრი შემადგენლობიდან გამოიყვანა.
ახლა დამპიემ უნდა გადაწყვიტოს - სად გაატარებს მომავალ სეზონს? მის გადაბირებას "მაიამი" და "ჰიუსტონი" აპირებენ. ასევე აქტიურობს "ატლანტა".
ბოლო სეზონში ერიკმა "დალასში" 55 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 6,0 ქულა დააგროვა.


"ვაშინგტონ უიზარდსის" ფორვარდი ჯოშ ჰოვარდი ახალი სეზონის სტარტისთვის მზად არ იქნება. თავად კალათბურთელი ირწმუნება, რომ მოასწრებს რეგულარულის სტარტისთვის გამოჯანმრთელებას და "უიზარდსის" ხელმძღვანელობისთვის ლიდერის თვისებების დამტკიცებას, მაგრამ დედაქალაქური კლუბის ექიმების დასკვნით, ჯოში დეკემბრის დასაწყისამდე ვერ გავა მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ ჰოვარდმა შარშანდელი სეზონი "დალას მავერიქსში" დაიწყო, შემდეგ "ვაშინგტონში" გადავიდა, სადაც მხოლოდ ოთხი მატჩის ჩატარება მოასწრო. ჯოშმა მომავალი სეზონისთვის ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული