NBA. პლეი ოფი. 1/2-ფინალი: ყველაფერი თავიდან იწყება

AutoSharing Option
სერიის მესამე მატჩში, სკოტ ბრუქსის სწორი ტაქტიკური კორექტივების შემდეგ, ყველა ინტერესით ელოდა გრეგ პოპოვიჩის საპასუხო სვლას.

გამოცდილ სპეციალისტს უნდა შეემცირებინა შეცდომების რაოდენობა, რომელიც მესამე შეხვედრაში კატასტროფული იყო. ვეტერანმა მწვრთნელმა მოლოდინს არ უღალატა: მან თავის შეგირდებს დაავალა, ნაკლებად გამოეყენებინათ პიკ-ნ-როლები, რასაც ბევრი შეცდომა მოყვებოდა. გარდა ამისა, სამწამიანში დაეტვირთათ დანკანი.

ამან "სპურსს" დაუბრუნა ჩვეული რიცხვები სამწამიანში დაგროვილი ქულებით (52 ამ მატჩში, 24 - წინა შეხვედრაში) და რეალიზაციის პროცენტი (50 პროცენტი მესამე შეხვედრაში, 40 - მესამეში). გარდა ამისა, შემცირდა შეცდომების რაოდენობა - 21
10-ის წინააღმდეგ.

მაგრამ უსაქმოდ არც "ოკლაჰომას" მწვრთნელი ყოფილა და მან მეტოქეს თამაშის ახალი გეგმა წარუდგინა, რომელშიც მთავარი როლი არ ეკისრებოდა პრესინგს და არც "თანდერის" სამეულის სნაიპერულ თვისებებს.

როცა დებიუტში პერკინსმა რამდენჯერმე შეუტია საშუალო მანძილიდან (დანკანისა და დიაოს ყურადღება სამწამიანის დაცვაზე იყო გადატანილი და "ოკლაჰომას" ცენტრი სრულიად თავისუფლად უტევდა), ყველას ეგონა, რომ ეს მისი პირადი ინიციატივა იყო.

როგორც შემდეგ მატჩის მსვლელობამ გვიჩვენა - ეს ბრუქსის დავალება იყო. პერკინსის, იბაკასა და კოლისონის ჯამში 25 ტყორცნა არ შეიძლებოდა, მათი პირადი ინიციატივა ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ ისინი საშუალოდ მატჩში ერთად ათ სროლაზე ცოტა მეტს ასრულებენ.

და უნდა ითქვას, რომ ასეთმა სტრატეგიამ სრულად გაამართლა - "სპურსის" დაცვა აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო ასეთი შეტევის წინააღმდეგ და ამან მეორე მეოთხედში ქულათა სხვაობის შესამჩნევი გაზრდა გამოიწვია "ოკლაჰომას" სასარგებლოდ.

რა თქმა უნდა, ბრუქსი შექებას იმსახურებს, მაგრამ პირველ რიგში, შემსრულებლები უნდა გამოვყოთ - თუნდაც წინააღმდეგობის გარეშე, საშუალო დისტანციიდან ტყორცნების გამოყენება იოლი არ არის.

ამ მხრივ, გუშინ პრობლემა არ ყოფილა, განსაკუთრებით იბაკასთვის, რომელმაც 11-იდან 11 ტყორცნა მოათავსა კალათში (და ოთხივე საჯარიმოც). აქედან ნახევარი საშუალო დისტანციაზე მოდიოდა.

ესპანელს მხოლოდ ერთი ზუსტი სროლა დააკლდა 12-იდან 12-ის გასაფორმებლად, რაც პლეი ოფის რეკორდის გამეორება იქნებოდა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის წინ დამყარდა.

მთელ ამ ფეერიას გვერდიდან უყურებდა "ოკლაჰომას" მთავარი ვარსკვლავი კევინ დურანტი, რომელმაც მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მხოლოდ ხუთჯერ ისროლა და მისთვის სასაცილო რვა ქულა მოაგროვა.

ის თავის შანსს ელოდა და მესამე მეოთხედის შუაში მწვრთნელისგან მიიღო მითითება ინიციატივის ხელში აღების შესახებ. სწორედ ამ დროს დავინახეთ, რა შეუძლია ბოლო რამდენიმე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს.

მასთან ერთად ჩაებნენ თამაშში ჰარდენი და უესტბრუკი. თუმცა ისინი მიხვდნენ, რომ სროლა ნაკლებად წაუვიდათ, გვერდზე გადგნენ და სცენა გუნდის ლიდერს დაუთმეს. მაგრამ, სანამ ისინი არკვევდნენ, ვის უკეთესი მიზანი ჰქონდა იმ დღეს, "სან ანტონიო" ჯინობილისა და ჯექსონის სამქულიანებით ორ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს.

უფრო ახლოს მისვლა სტუმრებმა ვერ შეძლეს: მოედანზე ერთი მოთამაშე გაბატონდა, რომელმაც ბოლო მეოთხედში 18 ქულა დააგროვა და დაჩრდილა იბაკას გმირობები.

საერთო ჯამში, მეოთხე მეოთხედი იყო დურანტისა და "სპურსის" მთელი შემადგენლობის დაპირისპირება და "ოკლაჰომას" ლიდერი ამ დუელში გამარჯვებული გამოვიდა.

ლეონარდის ზუსტი შორეული ტყორცნების სერიამ მცირე ხნით ააღორძინა ინტრიგა, რომელიც მალე გააქრო ჰარდენის სამქულიანმა სირენამდე ერთი წუთით ადრე. ამ დროის განმავლობაში ცხრა ქულის ამოქაჩვა "სპურსს" არ შეეძლო.

სერია ტექსასში ბრუნდება და მაყურებელს დიდი იმედი აქვს, მწვრთნელთა დუელი მეხუთე მატჩში გაგრძელდება.

ოკლაჰომა-სან ანტონიო 109:103
26:26, 29:17, 20:28, 34:32
ო: დურანტი (36+8 პასი+6 მოხსნა), იბაკა (26+5 მოხსნა+3 დაფარება), პერკინსი (15+9 მოხსნა), ჰარდენი (11+7 პასი+7 მოხსნა), კოლისონი (8), უესტბრუკი (7+5 პასი), სეფოლოშა (6+6 მოხსნა), ფიშერი (0+4 პასი).
ს-ა: დანკანი (21+8 მოხსნა), ლეონარდი (17+9 მოხსნა), ჯინობილი (13+4 პასი), დიაო (12+7 მოხსნა), პარკერი (12+4 პასი), ჯექსონი (11), ნილი (8), გრინი (7), ბლერი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (56.4/50), სამქულიანი (38.5/47.8), საჯარიმოები (76.2/62.5).
სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული