NBA. ფინალი: "ჰიტი" წინ გავიდა

AutoSharing Option
მეოთხე მეოთხედის პირველად მოგების შემდეგ "მაიამიმ" ფინალურ სერიაში დაწინაურება მოახერხა.

ფლორიდელებმა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მესამედ მოიგეს ფინალის მესამე შეხვედრა.

ზედიზედ მესამე მატჩში "ოკლაჰომამ" ჩააგდო დებიუტი. "მაიამიმ" 8:0 გაქცევა მოაწყო, რის გამოც სტუმრების მწვრთნელს უკვე მეხუთე წუთზე ტაიმ-აუტის აღება და მოედანზე ჰარდენის გამოყვანა მოუწია.

ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო, რადგან დურანტს ძალიან ავიწროებდა ლებრონ ჯეიმსი, უესტბრუკმა კი სამი ტყორცნა ააცილა მიზანს. აქედან ორი სწრაფი გარღვევა იყო და "თანდერის" გამთამაშებელს გვერდით თავისუფალი პარტნიორები ჰყავდა.

სტუმრებმა შეაჩერეს "მაიამის" გაქცევა, თუმცა "ჰიტი" ჯერ ისევ
ფლობდა ინიციატივას - ძირითადად, ფარქვეშ ბრძოლაში უპირატესობის წყალობით. პირველ მეოთხედში მასპინძლებმა მეტოქის ფარზე ხუთჯერ მოხსნეს ბურთი.

ტრადიციისამებრ, წარუმატებელი დასაწყისის შემდეგ "ოკლაჰომამ" სწრაფად დაიწყო ჩამორჩენის გაბათილება.

მეორე მეოთხედიდან მოყოლებული, ინიციატივა ხელიდან ხელში გადადიოდა, თუმცა დიდი შესვენებისთვის, უპირატესობას მაინც ჯეიმსი და მისი თანაგუნდელები ფლობდნენ.

ეფექტური იყო ორი წუთის განმავლობაში უეიდის სამი შეჭრა სამწამიანში, რაც შვიდ ქულაში გამოიხატა.

რეალურად, ეს იყო ბოლო მონაკვეთი შეხვედრაში, როცა დუეინი შექებას იმსახურებდა.

მეოთხედის ბოლოს კი პირველად და უკანასკნელად შეხვედრაში "გაიღვიძა" ბატიემ. ფინალური სერიის პირველ ორ მატჩში ფორვარდმა ცხრა სამქულიანი ჩააგდო, ახლა კი მხოლოდ ორი ზუსტი შორეული ტყორცნით შემოიფარგლა - ორივეჯერ მეორე მეოთხედის ბოლოს.

ამის წყალობით, "მაიამი" დიდ შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდა. აღსანიშნავია, რომ ფინალური სერიის პირველ სამ მატჩში 11 სამქულიანი ისტორიაში მხოლოდ ერთ კალათბურთელს ჰქონდა ჩაგდებული - 2009 წელს ორლანდოელ რაშარდ ლუისს.

მესამე მეოთხედში "თანდერმა" კინაღამ გარდატეხა შეიტანა თამაშში. სტუმრებმა შვიდნახევარი წუთის განმავლობაში თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩაააგდებინეს მეტოქეს.

12:3 გაქცევა და ორნიშნა უპირატესობა ფიშერის სამქულიანის შემდეგ მოვლენათა განვითარების სავსებით ლოგიკური გაგრძელება ჩანდა.

მაგრამ სულ მალე "ოკლაჰომას" დაცვის ორმა უხეშმა შეცდომამ დიდი გაჭირვებით მოპოვებული უპირატესობა დააკარგვინა ბრუქსის გუნდს. თავიდან იბაკა შეშინდა იმის გამო, რომ ბატიე მორიგ სამქულიანს ჩააგდებდა და სროლის მომენტში დაჯარიმდა.

22 წამის შემდეგ იგივე შეცდომა დაუშვა გამოცდილმა ფიშერმა ჯონსის წინააღმდეგ. "ჰიტი" იმ დღეს თითქმის უშეცდომოდ ისროდა საჯარიმოებს - 35-იდან 31 და მისმა ფორვარდებმა იმ სულელური პერსონალურების შემდეგ სამ-სამი თავისუფალი ჩააგდეს. ჯეიმსის შორეული ტყორცნის შემდეგ კი მასპინძლები მეოთხე მეოთხედს მცირე უპირატესობით შეხვდნენ - 69:67.

მიუხედავად ამისა, მატჩის ბოლო ნაწილს "ოკლაჰომას" ფანები იმედით ელოდნენ, რადგან მათმა საყვარელმა გუნდმა ყველაზე კარგად იცის შეხვედრის ბოლო წუთების ჩატარება. თანაც, ამ გუნდის რიგებში თამაშობს დურანტი, რომელმაც წინა ორი მატჩის მეოთხე მეოთხედებში 33 ქულა დააგროვა. ასეთი რამ 1976 წლის შემდეგ არავის გაუკეთებია.

მაგრამ ამჯერად კევინმა მხოლოდ ოთხი ქულა დააგროვა. ორივე გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა, თან მეტოქეებმა 15-ჯერ დაკარგეს ბურთი 12 წუთის განმავლობაში. მასპინძლების ანგარიშზე ცხრა ტექნიკური წუნი იყო. ერთმა შეცდომამ კინაღამ სერიოზული პრობლემები მოუტანა "მაიამის".

სირენამდე ორი წუთით ადრე უეიდს ბურთი მოპარა სეფოლოშამ და თავად დაასრულა ეპიზოდი ჩატენვით.

გარკვეული დროის შემდეგ უესტბრუკის საშუალო ტყორცნამ სტუმრების დეფიციტი მინიმალურამდე შეამცირა, მაგრამ იქვე "თანდერმა" ვერ მოიგერია შემდეგი იერიში და ბოშმა ორი საჯარიმო გამოიყენა, შემდეგ კი "ოკლაჰომამ" მეტად უშინაარსო შეტევა ჩაატარა. დურანტმა საშინელი წინააღმდეგობის ფონზე ისროლა და ააცილა.

ამასთან, ფორვარდს არ შეეძლო აგრესიულად ეთამაშა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ხუთი პერსონალური ჰქონდა დაგროვილი.

თამაშის გადარჩენის შანსი "თანდერს" კიდევ ჰქონდა, მაგრამ თავიდან უესტბრუკმა ვერ გაათანაბრა შორეული ტყორცნით, ჯეიმსის საჯარიმოს შემდეგ კი "ოკლაჰომას" გამთამაშებელმა და სეფოლოშამ ვერ გაუგეს ერთმანეთს ბურთის გვერდითი ხაზიდან შემოტანის დროს, რამაც მორიგი შეცდომა გამოიწვია.

ასე რომ, "ჰიტმა" სერიის მესამე მატჩი მოიგო. ასეთი რამ 2006 და 2011 წლებში მოხდა. პირველ შემთხვევაში ფლორიდელებმა მოიგეს ჩემპიონის ტიტული, შარშან დამარცხდნენ. საინტერესოა, რა მოხდება ამჯერად.

მაიამი-ოკლაჰომა 91:85
26:20, 21:26, 22:21, 22:18
მ: ჯეიმსი (29+14 მოხსნა+3 პასი), უეიდი (25+7 პასი+7 მოხსნა), ბოში (10+11 მოხსნა+2 დაფარება), ბატიე (9), ჯონსი (6), ჰასლემი (6), მილერი (4), ჩელმერსი (2+3 პასი).
ო: დურანტი (25+6 მოხსნა+2 დაფარება), უესტბრუკი (19+5 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), პერკინსი (10+12 მოხსნა), ჰარდენი (9+6 პასი+6 მოხსნა), ფიშერი (9), სეფოლოშა (6+3 ჩაჭრა), იბაკა (5+5 მოხსნა+2 დაფარება), კოლისონი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (37.8/42.9), სამქულიანები (30.8/22.2), საჯარიმოები (88.6/62.5).
სერია: 2-1

ბრუქსი სამ წელს არ თანხმდება
"ოკლაჰომა-სიტის" მთავარმა მწვრთნელმა სკოტ ბრუქსმა უარყო კლუბის შეთავაზება კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. ამ სპეციალისტს წლევანდელ ზაფხულს უმთავრდება "თანდერთან" კონტრაქტი.

ხელმძღვანელობამ სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა ბრუქსს, რომლის მიხედვითაც, ის 11 მილიონ დოლარს მიიღებდა. მწვრთნელი და მისი აგენტი კი ოთხწლიან კონტრაქტს ითხოვენ. ამიტომაც მოლაპარაკებები ზაფხულისთვის გადაიდო.

ბრუქსი მეოთხე სეზონია, ავარჯიშებს "ოკლაჰომას" და ამ გუნდს 174 მატჩი მოაგებინა (125-ჯერ დამარცხდა).

წააგო, მაგრამ დარჩა
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი პაბლო ლასო თავის დღევანდელ თანამდებობაზე მინიმუმ 2014 წლამდე დარჩება. ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის წაგების შემდეგ ლასო მოელაპარაკა "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ სპეციალისტმა მადრიდული გუნდი 2011 წლის ზაფხულში ჩაიბარა.

პაოსა და კობის ცხენი მეორეა
ცხენმა Siempre Mio-მ, რომლის თანამფლობელები არიან "ლეიკერსის" ლიდერები - პაუ გასოლი და კობი ბრაიანტი, "ჰოლივუდ პარკის" იპოდრომზე დოღში მიიღო მონაწილეობა.

ცხენი, რომელიც კალიფორნიული კლუბის ემბლემით გამოდიოდა, თავიდანვე წინ გაიჭრა, მაგრამ თანდათან გაფლანგა უპირატესობა და ფინიშზე მეორე მივიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული