რეი ალენმა "მაიამი" აირჩია

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა.

NBA-ს ახალი ჩემპიონი "მაიამი ჰიტი" შემადგენლობას ვარსკვლავი ვეტერანით, რეი ალენით შეავსებს. და ეს იმის მიუხედავად, რომ "ბოსტონმა" მცველს უკეთესი ფინანსური პირობები შესთავაზა.

როგორც ამერიკული პრესა წერს, "კელტებმა" თავისუფალ აგენტს 12 მილიონ დოლარად შეფასებული ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, "მაიამის" სამწლიანი კონტრაქტის ფასი კი მხოლოდ 9.5 მილიონი დოლარია. როგორც ჩანს, რეიმ კიდევ ერთი საჩემპიონო ტიტული ამჯობინა თანხას და ამიტომაც აირჩია "მაიამი". შეგახსენებთ, რომ ალენი 2007 წელს გადავიდა "ბოსტონში" და 2008 წელს ჩემპიონი გახდა. ეს
მისი ერთადერთი საჩემპიონო ტიტულია კარიერაში.

შესაძლოა, ალენის "ბოსტონიდან" წასვლა იმანაც დააჩქარა, რომ ამ გუნდმა ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გააფორმა ყოფილ დალასელთან, ჯეისონ ტერისთან.

* * *
გასულ უქმეებზე დადასტურდა 2006-07 წლების სეზონის საუკეთესო ახალბედას, ბრენდონ როის "მინესოტაში" გადასვლა. ამ მცველმა ერთწლიანი შესვენების შემდეგ განაახლა კარიერა და "მგლებთან" 10.4 მილიონ დოლარად შეფასებული ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პოლონეთის "პროკომის" ლიტველმა ლეგიონერმა, 21 წლის დონატას მოტეიუნასმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ჰიუსტონთან". ხელშეკრულების თანხა არ სახელდება. ლიტველი 2011 წლის დრაფტის მე-20 ნომერი იყო. გასულ სეზონში ის "პროკომის" რიგებში საშუალოდ 13.4 ქულასა და 7.5 მოხსნას აგროვებდა.

"ატლანტა ჰოქსის" მცველი ჯორდან ფარმარი კარიერას თურქეთის "ეფეს პილსენში" გააგრძელებს. ებრაული წარმოშობის ამერიკელი ცოტა ხნის წინ ტრეიდით აღმოჩნდა "ჰოქსის" რიგებში და ამ გუნდმა ფარმარის კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტა.

ჯორდანის ხელფასი თურქეთში წელიწადში 2.5 მილიონი დოლარი იქნება. ეს კალათბურთელი შარშან, ლოკაუტის პერიოდში "მაკაბის" შემადგენლობაში თამაშობდა. შემდეგ NBA-ში დაბრუნდა და "ნიუ ჯერსიში" საშუალოდ 10.4 ქულას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული