ტონი პარკერს დარჩენა უნდა, დანკანს მეხუთე ტიტული

AutoSharing Option

"სან ანტონიო სპურსის" გამთამაშებელმა ტონი პარკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას ცალსახად აღნიშნა, რომ არ სურს მომავალ წელს "სპურსის" დატოვება.

"ერთხელ უკვე ვთქვი, რომ სან ანტონიოში დარჩენა მინდა. თუ გუნდის ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტს არ შემომთავაზებს, ამას გაგებით შევხვდები, თუმცა ჩემი სურვილი გასაგებია - არსად წასვლა არ მინდა", - ამბობს ფრანგი მცველი.

"ბევრს ჰგონია, რომ ასეთ განცხადებებს მიმდინარე კონტრაქტის გამო ვაკეთებ, რომელსაც გაისად გასდის ვადა, მაგრამ ასე არ არის. პირველ რიგში, დანკანსა და კიდევ ერთი ტიტულის მოპოვების შანსებზე ვფიქრობ", - დაამატა პარკერმა, რომელსაც 2011

წლის ზაფხულში უმთავრდება 6-წლიანი კონტრაქტი. ამ ხელშეკრულების მიხედვით ტონის წელიწადში 11 მილიონი დოლარი ეკუთვნის.
ანალიტიკოსთა აზრით, პარკერს მისი სავარაუდო ტრეიდის შესახებ უამრავი ჭორისა და ვარიანტების ფონზე მოუწევს მთელი მომავალი სეზონის ჩატარება, როგორც ეს შარშან არგენტინელი მანუ ჯინობილის შემთხვევაში იყო.



ამასობაში, "სპურსის" წამყვანი მოთამაშე ტიმ დანკანი შესანიშნავ ფორმაში ხვდება ახალ ჩემპიონატს. ფორვარდი ამაღლებული განწყობით იწყებს საწვრთნელ შეკრებას და მზად არის მეხუთე ტიტულისთვის საბრძოლველად. თუმცა "სან ანტონიოს" სამწვრთნელო შტაბი დანკანისთვის სათამაშო დროის შემცირებას აპირებს. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ამ ზაფხულს "სპურსის" რიგები შეავსო ბრაზილიელმა ტიაგო სპლიტერმა.
"ჩემი აქტიურობის შემცირებას შარშანაც ვგეგმავდით, მაგრამ ამან არ გაამართლა. საერთოდ, მზად ვარ შეუცვლელად ვითამაშო, მაგრამ ეს არ იქნება სასარგებლო არც ჩემსთვის და არც გუნდისთვის.
"სპურსმა" უნდა იპოვნოს ბალანსი და დაუბრუნდეს იმ თამაშს, რომლითაც ჩემპიონატებს იგებდა. პირადად მე იქამდე ვაპირებ თამაშს, სანამ "საბურავები არ მომძვრება", - ამბობს რეგულარული ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო მოთამაშე.


ლებრონი ლეგენდებზე არ ბრაზობს

"მაიამი ჰიტის" ახალწვეულმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ მისი მისამართით ლეგენდარული კალათბურთელების კრიტიკული გამონათქვამები მხოლოდ მოტივაციას უმაღლებს და მოედანზე საბრძოლველად განაწყობს.
"ყველაფერი წარსულში დარჩა. მთელი ზაფხულის განმავლობაში უამრავი ფრაზა მოვისმინე. გარკვეულ კრიტიკულ მომენტებს ველოდი, რაღაც კი მოულოდნელობა აღმოჩნდა ჩემთვის. რაც არ უნდა იყოს, გადაწყვეტილები უკვე მივიღე და ცხოვრება გრძელდება. ჩარლზ ბარკლიზე, მეჯიქ ჯონსონსა და მაიკლ ჯორდანზე გაბრაზებული არ ვარ. სწორედ მათ გაუკვალეს კალათბურთში გზა ჩემნაირ კალათბურთელებს", - განაცხადა ჯეიმსმა.
"განსაკურთებით ის მაკვირვებს, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვინც კალათბურთში ვერ ერვკევა, რჩევა-დარიგებებს მაძლევს, არადა, საკუთარ ცხოვრებაში ვერ გაკვეულა. ასეთ მომენტებში მოტივაცია მემატება და უფრო მეტს ვფიქრობ სეზონის მთავარ მიზანზე", - დაამატა ჯეიმსმა.


დირკს დალასში უნდა ჩემპიონობა

საწვრთნელი ბანაკის გახნის წინ, "დალას მავერიქსის" ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ტეხასურს კლუბის მიმართ, რომელსაც 12 წელია ემსახურება.
"სხვა სპორტული ფორმა არ მომიხდება. ეს მშობლიური ქალაქიდან გაქცევის ტოლფასი იქნებოდა, მე კი ასეთი რამ არ მჩვევია. ცხადია, რომ ჩემი მიზანი საჩემპიონო ბეჭდის მოპოვებაა, მაგრამ ამ ამოცანის მისაღწევად კლუბის შეცვლას არ ვაპირებ", - ამბობს გერმანელი ფორვარდი.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს დირკმა 4 წლით გააგრძელა კონტრაქტი "მავერიქსთან" და ამის სანაცვლოდ 80 მილიონ დოლარს მიიღებს.


დიდი ტრეიდი ჩაიშალა
როგორც Yahoo! Sports-ის კორესპონდენტი ადრიან ვოინაროვსკი იტყობინება, არ შედგება ოთხმხრივი გაცვლა, რომლის მიხედვითაც "დენვერ ნაგეტსის" ლიდერი კარმელო ენტონი "ნიუ ჯერსი ნეტსში" უნდა გადასულიყო.
სანდო წყაროზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ "ნეტსმა" შეწყვიტა ვარსკვლავური ფორვარდის გადაბირების მცდელობა. შეგახსენებთ, რომ "ნიუ ჯერსისა" და "დენვერის" გარდა, ტრეიდში "შარლოტსა" და "იუტას" უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

მაგეტი გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს

არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს "მილუოკი ბაქსის" წამყვანი ფორვარდის კორი მაგეტის აღდგენითი კურსი. ამის გამო, კალათბურთელი მონაწილეობას ვერ მიიღებს წინასასეზონო მრტჩებში. მაგეტიმ ივლისში ტრავმირებულ ფეხზე ოპერაცია გადაიტანა.
კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ "ბაქსის" მწვრთნელები მაინც აპირებენ კორის საწვრთნელი მატჩებში ჩართვას, თუმცა კალათბურთელი მიაჩნია, რომ ვერ შეძლებს თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენას.
"მოედანზე ზოგიერთი ილეთის ჩვენება უკვე შემიძლია, მაგრამ ისე არა, როგორც ამას ჩემგან ელიან. აღდგენითი კურსი აშკარად დროში გაიწელა", - იტყობინება მაგეტი, რომელიც შარშან საშუალოდ მატჩში 19.8 ქულასა დ 5.3 მოხსნას აგროვებდა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული