არც ლებრონი, არც მაიამი

AutoSharing Option

ახალი სეზონის წინ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ლიგის ოცდაათივე კლუბის გენერალურ მენეჯერებს შორის ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვის ყველაზე საინტერესო შედეგი შემდეგში მდგომარეობს - მხოლოდ ერთ ადამიანს სჯერა, რომ "მაიამი ჰიტის" ახალწვეული ლებრონ ჯეიმსი მომავალი სეზონის MVP გახდება. ხმების ორი მესამედი (67 პროცენტი) "ოკლაჰომას" ლიდერმა კევინ დურანტმა მოიპოვა.

დურანტის შემდეგ მოდის კობი ბრაიანტი - 26 პროცენტი. ლებრონის მსგავსად, ერთი ხმა მიიღო "ორლანდოს" ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა.

გენერალური მენეჯერები დარწმუნებულნი არიან, რომ წლის საუკეთესო დებიუტანტი დრაფტის პირველი ნომერი, ვაშინგტონელი ჯონ უოლი გახდება (68 პროცენტი).

საუკეთესო მცველი იქნება "იუტას" გამთამაშებელი დერონ უილიამსი (60%), საუკეთესო ფორვარდები - "დალასისა" და "ლეიკერსის" ლეგიონერები დირკ ნოვიცკი და პაუ გასოლი (29-29%), ხოლო საუკეთესო ცენტრი დუაიტ ჰოვარდი.
გამოკითხულთა 63 პროცენტს მიაჩნია, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" შეინარჩუნებს ჩემპიონის ტიტულს. 33 პროცენტი მიიღო "მაიამიმ", 4 პროცენტი - "ბოსტონმა". გენერალურმა მენეჯერებმა შარშანაც "ლეიკერსი" დაასახელეს ჩემპიონად და მათი პროგნოზი გამართლდა.

გუნდების ხელმძღვანელებმა ასევე დაასახელეს კონფერენციებისა და დივიზიონების გამარჯვებულები. 70 პროცენტს მიაჩნია, რომ აღმოსავლეთში პირველობას "მაიამი" მოიპოვებს, დასავლეთში - "ლეიკერსი" (96,4%). დივიზიონებში გამარჯვებულები ასე გამოიყურება: ატლანტის ოკეანე - "ბოსტონი" (100 პროცენტი); ცენტრალური - "ჩიკაგო" (82.1%), "მილუოკი" (17,9%); სამხრეთ-აღმოსავლეთი - "მაიამი" (74,1%), "ორლანდო" (25,9%); სამხრეთ-დასავლეთი - "დალასი" (71,4%), "სან ანტონიო" (28,6%); ჩრდილო-დასავლეთი - "ოკლაჰომა" (63,0%), "პორტლენდი" (22,2%), "იუტა" (11,1%); წყნარი ოკეანე - "ლეიკერსი" (96,4%), "ფინიქსი" (3,6%).


პეჟა გაისად წავა?

2010-11 წლების სეზონი, შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს პეჟა სტოიაკოვიჩისთვის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. შეგახსენებთ, რომ "ნიუ ორლეან ჰორნეტსის" სერბ ლეგიონერს ბოლო დროს ხშირად აწუხებს ტრავმები, რის გამოც ვერ ახერხებს სრულფასოვანი სეზონის ჩატარებას.
"ჩემთვის ეს იქნება მე-13 სეზონი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში და მინდა ის ტრავმების გარეშე ჩავატარო. გაისად 34 წლის გავხდები და მომიწევს კარიერის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ყველაფერი ჩემი ორგანიზმის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
ყოველი სპორტსმენისთვის კარიერის დასრულება ცხოვრების რთული ეტაპია. ზუსტად არ ვიცი, შევწყვეტ თუ არა თამაშს, მაგრამ ცხადია, რომ ერთი წლით უფრო "მოხუცი" გავხდები", - განაცხადა პეჟა სტოიაკოვიჩმა.

NBA-ს ბრაზილიაც ნახავს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა საჩუქარი გაუკეთა კალათბურთის ბრაზილიელ მოყვარულებს - ისინი მალე "ცოცხლად" იხილავენ ასოციაციის გუნდების თამაშებს. სტერნის თქმით, ბრაზილიაში NBA-ის გუნდების მონაწილეობით პირველი მატჩი 2014 წელს შედგება.
"მინდა გავახარო ბრაზილიელი გულშემატკივრები. 2014 წელს თქვენ იხილავთ პირველ მატჩს ლათინურ ამერიკაში, რომელშიც NBA-ის კლუბები მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა სტერნმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე.


უმცროსი საბონისი მოტივირებულია

ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელის არვიდას საბონისის ვაჟმა - ტაუტვიდას საბონისმა განაცხადა, რომ მთელს ცხოვრებას კალათბურთს მიუძღვნის. ამჟამად უმცროსი საბონისი ესპანეთის "უნიკახას" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს, აგრეთვე ლიტვის იუნიორთა ნაკრების წევრია, რომელმაც წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო - ფინალში რუსეთის ნაკრები გაანადგურა (90:61).
"რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყველასთვის არვიდას საბონისის ვაჟი ვარ, მაგრამ ეს არ მაღელვებს, - ამბობს ტაუტვიდას საბონისი "მარკასთვის" მიცემულ ინტერვიუში - ჩემი მთავარი ამოცანაა - ყოველდღიური პროგრესი, თამაშის ყველა კომპონენტში გაუმჯობესება, თანაგუნდელებისგან საუკეთესო თვისებების აღება. ამბობენ, რომ მოედანზე აკურატულად ვმოქმედებ, კარგად ვგრძნობ თამაშის რითმს... რაც შეეხება ჩემს მომავალს, ის მხოლოდ კალათბურთს უკავშირდება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული