ბიჭი, რომელიც ორ თვეში ვარსკვლავი გახდა

AutoSharing Option
გასული საკალათბურთო სეზონის მთავარი ისტორია "ნიუ იორკ ნიქსის" მცველ ჯერემი ლინს უკავშირდება: ბიჭს, რომელიც სულ რაღაც სამ თვეში გადაიქცა NBA-ს მთავარ მარკეტინგულ ბრენდად.

დასაწყისი - პირველი დაბრკოლება
2006 წლის ზაფხული. შტატის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში გამარჯვებამ სკოლის მოსწავლე ჯერემი ლინს არ მისცა საშუალება, საკალათბურთო თვალსაზრისით სერიოზული კოლეჯისგან მიეღო შეთავაზება.

სამაგიეროდ, სწავლის დონე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოხვედრილიყო კონფერენცია Ivy League-ის უნივერსიტეტში, რომელიც ელიტურ კერძო სასწავლებლებს აერთიანებს. იქ არ იხდიან სპორტულ სტიპენდიებს, მაგრამ კარგ განათლებას იძლევიან. ლინმა ჰარვარდის წინადადება მიიღო - მისი
მწვრთნელი გუნდში ადგილის გარანტიას იძლეოდა.

24.06.2010. ჯერემის გულის დასაწყვეტად, NBA-ს კლუბებმა ის დრაფტზე არ შეამჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ კალათბურთელმა სტუდენტურ ჩემპიონატზე კარგად ითამაშა, კონფერენციის ბევრი რეკორდი გააუმჯობესა და სხვადასხვა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. რვა გუნდში სინჯებმა წარუმატებლად ჩაიარა.

"მიწევდა ერთი-ერთზე, ორი-ორზე, სამი-სამზე თამაში. მე კი ამაში ძლიერი არ ვარ", - იხსენებს ლინი.

15.07.2010. "დალასიდან" მიწვევა და ზაფხულის ლიგაში ამ გუნდში თამაში - ერთგვარი ავანსი იყო. იმ საღამოს ლინს, ალბათ, პირველად მოეკიდნენ სერიოზულად.

მოედანზე მისი ოპონენტი აღმოჩნდა 2010 წლის დრაფტის პირველი ნომერი ჯონ უოლი. ამ უკანასკნელმა გაუსწრო ლინს შედეგიანობით (21 13-ის წინააღმდეგ), მაგრამ თამაშიდან მხოლოდ ოთხი ბურთი (19-დან) ჩააგდო, ბოლო მეოთხედი კი საერთოდ წააგო ყველასთვის უცნობ ახალბედასთან.

ბოლო 12-წუთეულში ლინის 11-მა ქულამ "დალასს" გამარჯვება მოუტანა. მატჩის ბოლოს ჯერემის ყოველი შეხება ბურთთან მაყურებლის აღფრთოვანებული შეძახილებით სრულდებოდა, კომენტატორებმა კი სხვა თემები საერთოდ მიივიწყეს.

პირველი ცდა - იმედგაცრუება
21.07.2010. ზაფხულის ლიგაში გამოსვლამ სკაუტებზე შთაბეჭდილება მოახდინა და ლინმა რამდენიმე წინადადება მიიღო, მათ შორის, "დალასიდან" და "ლეიკერსიდან". მაგრამ ჯერემიმ თავის საყვარელ გუნდთან - "გოლდენ სტეიტთან" ორწლიანი ხელშეკრულება არჩია.

06.08.2010. ხელი მოეწერა Nike-თან სამწლიან სარეკლამო კონტრაქტს, თუმცა თანხის ოდენობა მთლად შთამბეჭდავი არ ყოფილა.

09.10.2010. "უორიორზის" პირველი საშინაო საგამოფენო მატჩი. ლინი მოედანზე ბოლო მეოთხედში შევიდა, მაგრამ იმ საღამოს ყველაზე დიდი ოვაცია დაიმსახურა. ეს არ ყოფილა გასაკვირი - ადგილობრივი ბიჭი დიდი სიმპათიით სარგებლობდა კალიფორნიელ გულშემატკივრებს შორის, რომელთა დიდი ნაწილი აზიური წარმოშობის ყმაწვილებისგან შედგებოდა.

28.12.2010. ლინი სულ უფრო ხშირად რჩება სათადარიგოთა სკამზე. დეკემბერში მწვრთნელებს მოთმინება აღარ ეყოთ და ჯერემი პირველად გაუშვეს ფარმ-კლუბში (სულ ასეთი რამ სეზონში სამჯერ მოხდა). D-ლიგის "რენო ბიგჰორნზში" ერიკ მუსელმანი მუშაობდა, რომელმაც ლინს ბევრი სასარგებლო რჩევა მისცა.

მცველი უკეთ უმკლავდებოდა ორმაგ მეურვეობას, აღარ ვარდებოდა დაგებულ "ხაფანგებში" და უკეთ სროლა დაიწყო. NBA-ში მან 29 მატჩი ჩაატარა და ასევე ახალგაზრდა ტალანტების - მონტა ელისისა და სტივენ კარის ჩრდილში მოექცა.

2011 წლის სექტემბერი. მუხლის ტრავმის მკურნალობის შემდეგ ჯერემიმ ABA-ს ლიგაში, ჩინეთის ქალაქ გუანგჯოუს გუნდ "დონგუანში" რამდენიმე მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი ჩემპიონი გახდა, ჯერემიმ კი MVP-ის ტიტული მიიღო.

09.11.2011. "გოლდენ სტეიტმა" ლინთან გამოთხოვება გადაწყვიტა. გუნდს დეანდრე ჯორდანისთვის სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვა სჭირდებოდა. გარდა ამისა, გამთამაშებლის პოზიციაზე გაიფორმეს ჩარლზ ჯენკინსი.

12.12.2011. ლინი "ჰიუსტონმა" მეოთხე პლეიმეიკერის როლზე აიყვანა. ჯერემი საჩვენებელ მატჩებში გასინჯეს, იმედი გაუცრუვდათ და დაითხოვეს.

ბოლო შანსი და სასწაული
27.12.2011. ლინს სეზონის ბოლომდე კონტრაქტი შესთავაზა "ნიუ იორკმა". ხელშეკრულებას დამატებითი პუნქტი ჰქონდა: შეთანხმება 10 თებერვლამდე იყო გარანტირებული. ამიტომაც ლინს სწორედ ამ თარიღამდე უნდა გამოეჩინა თავი. თუ არადა, მორიგი გუნდის დატოვება მოუხდებოდა.

17.01.2012. ლინი ისევ აღმოჩნდა ფარმ-კლუბში - ამჯერად "ერი ბეიჰოქსში". სამი დღის შემდეგ პირველივე მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 11 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი. სამი დღის შემდეგ ის "ნიქსში" დააბრუნეს.

03.02.2012. იმ საღამოს "ნიუ იორკმა" ხელიდან გაუშვა ლიდერობა "ბოსტონთან" მატჩის მეოთხე მეოთხედში და განრისხებულმა მწვრთნელმა მაიკლ დ'ენტონიმ გადაწყვიტა, რომ შემადგენლობაში ცვლილებები იყო საჭირო.

04.02.2012. ლინის შანსი - სწორედ ის, მილიონში ერთხელ რომ გეძლევა. ახალბედა იმან შუმპერტმა ტრავმა მიიღო, თამაშგარეში რჩებოდა ბაირონ დევისიც. პირველი ნომრის პოზიცია შესუსტდა. თანაც, გუნდს აკლდა კარმელო ენტონი, ხოლო ამარე სტაუდმაიერი მატჩს ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო ტოვებდა.

მაიკ დ'ენტონიმ ბრძოლაში ჯერემი ლინი შეუშვა - და მან აჩვენა თამაში, რომელმაც მთელი ლიგა განაცვიფრა.

36 წუთში (სეზონის წინა შეხვედრებში მან ჯამში 55 წუთი ითამაშა) ჯერემიმ დააგროვა 25 ქულა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა; თანაც, გაუმკლავდა "ნეტსის" ვარსკვლავ პლეიმეიკერს დერონ უილიამსს (44 წუთში 21 ქულა). "ნიუ იორკმა" მოულოდნელად მოიგო, ლინმა კი მინიმუმ კიდევ ერთი შანსი დაიმსახურა.

06.02.2012. ლინის პირველი გამოჩენა სასტარტოში - 28 ქულა, 8 პასი და 8 შეცდომა 45 წუთში. შედეგი - "იუტაზე" გამარჯვება და პრესის აღფრთოვანება.

08.02.2012. ლინის ახალი მსხვერპლი - ჯონ უოლი "ვაშინგტონიდან". 23 ქულა, 10 პასი - ლინის პირველი ორმაგი დუბლი კარიერაში. "ნიუ იორკმა" 14 ქულით გაიმარჯვა.

დიდება
10.02.2012. "ნიქსთან" მატჩის წინ კობი ბრაიანტმა ჟურნალისტებს სთხოვა, ცოტა რამ მოეყოლათ ლინის შესახებ, მაგრამ მოედანზე კობის ხუმრობისთვის არ ეცალა: "ნიუ იორკმა" 92:85 მოიგო, ბრაიანტის 34 ქულას კი ლინმა 38-ით უპასუხა. "ჩემი აზრით, ეს ბრწყინვალე ისტორიაა, - ამბობდა ბრაიანტი. - ეს არის მონდომებისა და შრომისადმი სიყვარულის შედეგი. კარგი მაგალითია ბავშვებისთვის". კობი ასეთი მართალი არასოდეს ყოფილა.

"ლეიკერსზე" მოგებიდან 24 საათის განმავლობაში, ლინის ფოლოვერების რიცხვი Weibo-ზე ("ტვიტერის" ჩინური ვერსია) 200 ათასიდან 800 ათასამდე გაიზარდა.

12.02.2012. New York Daily News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლინმა ილაპარაკა იმის შესახებ, რომ იაო მინი მისთვის უფროს ძმასავითაა და მას თითქმის ყოველდღე ელაპარაკება ტელეფონით. ამავდროულად, ჩინური პრესა სიფრთხილეს იჩენს.

ლინი - მტკიცე ქრისტიანია, რაც ეწინააღმდეგება კომუნისტური მორალის პრინციპებს; თანაც ტაივანი (სწორედ ამ ქვეყნიდანაა ჯერემი წარმოშობით) დიდად არ ეხატება გულზე ჩინეთის მთავრობას. ჯერემის "ეთნიკურ ჩინელს" უწოდებენ. თუმცა ეს ხელს არ უშლის სააგენტო "სინხუაში" ლინის შესახებ საქებარი სტატიის გავრცელებას.

იმავე საღამოს ლინი პირველად შეეჯახა დაცვით სქემას, რომელიც სპეციალურად მისთვის მოიგონეს.

მინესოტელმა რიკი რუბიომ დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა: მატჩის მეორე ნახევარში ლინმა 13-დან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო და ოთხი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამის შესახებ არავინ იხსენებს: ჯერემიმ ბოლო წამებზე ძალიან მნიშვნელოვანი საჯარიმო ჩააგდო. "ნიუ იორკმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო.

NBA-ს ოფიციალური ვებგვერდის მთავარ გვერდზე გამოჩნდა სათაური - LINSANITY! ამ სიტყვით გამოხატეს ის ბუმი, რომელიც ჯერემი ლინის გარშემო შეიქმნა. სტატიაში აღწერილია ლინის სახელობის ატრიბუტიკის გამოჩენა, ქალი გულშემატკივრების მხრიდან ფანატიზმის გამოვლენა, ნაჩვენებია ტელეწამყვან ჯეი ლენოს ფოტო, რომელიც ლინის მაისურშია გამოწყობილი...

13.02.2012. ჟურნალი "ფორბსი" ჯერემი ლინს ყველაზე სწრაფად პროგრესირებად სპორტულ ბრენდად ასახელებს. თებერვლის პირველ კვირაში MSG-ის ("ნიქსის" მფლობელი კომპანია) აქციები 6 პროცენტით გაიზარდა. 66 პროცენტით ამაღლდა "ნიუ იორკის" ტელერეიტინგები. ამ ყველაფრის გამო ბრენდ "ლინის" ფასი 14 მილიონ დოლარად შეფასდა.

"ფორბსის" მოლოდინი: თუ ლინი გააგრძელებს კონტრაქტს "ნიუ იორკთან", კლუბის შემოსავლები 25-50 მილიონით გაიზრდება, ლიგის შემოსავლები - 40-80 მილიონით, თავად ჯერემის კი სარეკლამო კონტრაქტებიდან 10-20 მილიონი დოლარის იმედი უნდა ჰქონდეს.

იმავე დღეს ლინის ადვოკატებმა სასამართლოში მოითხოვეს მოთამაშისთვის სიტყვა Linsanity-ზე კომერციული უფლებების გადაცემა. სანამ ამ საკითხს იხილავდნენ, ორი მამაკაცი, რომლებმაც ჯერ კიდევ 2010 წელს დაარეგისტრირეს დომენი - Linsanity.com, წარმატებით ყიდის მაისურებს "ნიქსის" მცველის გამოსახულებითა და წარწერით.

14.02.2012. "ნიუ იორკის" ვიზიტი ტორონტოში, რომლის მოსახლეობის 11 პროცენტი აზიური წარმოშობის კანადელებისგან შედგება. შესაბამისად, პირველად Air Canada Center-ზე ანშლაგი შედგა, დილის გახურებაზე კი 75 რეპორტიორი და 16 ტელეკამერა დაფიქსირდა. მაიკ დ’ენტონიმ ისიც კი თქვა: "რა ხდება, უკვე პლეი ოფი დაიწყო?"

ჯერემიმ არ დააღალატა გუნდი და მაყურებელი. მან 27 ქულა დააგროვა და 11 შედეგიანი პასი მიითვალა, რაც პირადი რეკორდი იყო. რაც მთავარია, სირენასთან ერთად გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო.

ლინის ფოლოვერების რაოდენობა Weibo-ზე ორჯერ გაიზარდა და მილიონს გადააჭარბა.

15.02.2012. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბარაკ ობამასთან ერთად მსჯელობდა ჯერემი ლინის თამაშზე. პრეზიდენტმა მომხდარს უწოდა "ბრწყინვალე ისტორია, რომელმაც შეიძლება მთელი სპორტი შეცვალოს".

17.02.2012. ზედიზედ შვიდი მოგების შემდეგ "ნიქსმა" ლინით სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი წააგო. 26 ქულით, 5 გადაცემითა და 4 ჩაჭრით მიღებული შთაბეჭდილება ჯერემის ცხრა შეცდომამ გააფერმკრთალა. ESPN-მა ამ მატჩს ასეთი სათაური მიუძღვნა - Chink In the Armor. ეს, ფაქტობრივად, მინიშნება იყო: სიტყვა chink-ს ხმარობენ ჩინური წარმოშობის ამერიკელთა მიმართ აგდებული დამოკიდებულებისთვის. ნახევარი საათის შემდეგ სათაური შეცვალეს, ESPN-ის პასუხისმგებელი თანამშრომელი კი გაანთავისუფლეს რასისტული სლენგის გამო.

19.02.2012. ლინის რეაბილიტაცია. მორიგი დაზარალებული აღმოჩნდა მოქმედი ჩემპიონი "დალასი". 28 ქულა, 14 პასი, 5 ჩაჭრა, 7 შეცდომა და "ნიქსის" დამაჯერებელი საშინაო მოგება.

20.02.2012. ლინმა საჯარო გახადა Facebook-ზე თავისი პროფაილი. ნახევარი დღის განმავლობაში მან 700 ხელმომწერი მიიღო, დღეს კი მათი რაოდენობა 2.5 მილიონს უტოლდება.

ლინს მიეძღვნა ჟურნალ Sports Illustrated-ის გარეკანი და მთავარი სტატია.

20.02.2012. გაზეთმა New York Daily News-მა დაწერა, რომ Nike ემზადება ლინთან კონტრაქტის გასაგრძელებლად, რომელსაც 2013 წელს გასდიოდა ვადა. ბუნებრივია, ახალი პირობებით - ჰონორარი 2-4 მილიონი დოლარი წელიწადში.

24.02.2012. მიუხედავად იმისა, რომ უმსხვილესმა ამერიკულმა გამოცემებმა ჯერემის "ოლ სტარტზე" მიწვევისკენ მოუწოდეს, მას მხოლოდ ახალბედებისა და მეორეწლიანების მატჩში თამაშის საშუალება მისცეს.

27.02.2012. Sports Illustrated-ის ზედიზედ მეორე ნომრის გარეკანზე გამოსახეს ლინი. "ნიქსის" შესახებ მიძღვნილ მასალაში საინტერესო იყო "ბაფალო ბილზის" კვოტერბეკის რაიან ფიტცპატრიკის ციტატა: "მე აღარ მეძახიან ჰარვარდის კურსდამთავრებულს. ყველა მიწოდებს ბიჭს, რომელიც ლინთან ერთად ერთ კოლეჯში სწავლობდა".

14.03.2012. მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ’ენტონიმ გადადგომის შესახებ გამოაცხადა. მისი როლის შესრულება დროებით ასისტენტ მაიკ ვუდსონს დაეკისრა. იმავე საღამოს გუნდი იოლად გაუსწორდა "პორტლენდს", ლინმა კი თავისი ვარსკვლავური პერიოდის განმავლობაში სტატისტიკურად ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა - 6 ქულა, 6 პასი, 6 შეცდომა.

ექსპერტებმა ლინსენიტის ჩავარდნაზე ლაპარაკი დაიწყეს - თითქოს მისი წარმატების საიდუმლო დ’ენტონის სათამაშო სისტემაში იყო - იმ მწვრთნელისა, რომელიც აღმერთებს სწრაფ კალათბურთსა და კარგ პლეიმეიკერებს.

19.03.2012. ამასობაში გაფორმდა პირველი მსხვილი სარეკლამო კონტრაქტი. ავტომწარმოებელმა Volvo-მ ლინი აშშ-სა და ჩინეთში თავისი ბრენდის სახედ გამოაცხადა.

20.03.2012. ლინის ფოლოვერების რაოდენობა Weibo-ზე 2.6 მილიონამდე გაიზარდა.

21.03.2012. მაიკ დ’ენტონის გარეშე "ნიუ იორკის" სერიამ ხუთ მოგებას მიაღწია. ლინი უკვე ცოტას თამაშობს და ვეღარ ბრწყინავს "გიჟური" შედეგიანობით (14.8 ქულა, 6.0 პასი, 4.8 მოხსნა 29 წუთში), მაგრამ რჩება გუნდის ძირითად ფიგურად.

26.03.2012. ლინმა ტრავმის გამო პირველი მატჩი გამოტოვა. თებერვლამდე ამას ვერავინ შეამჩნევდა, მაგრამ მარტში პრესამ "ნიქსის" სერიოზულ საკადრო დანაკარგის შესახებ დაწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული