ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყოველი წელი რაღაცით განსაკუთრებულია. საინტერესოა, რა გველოდება ახალ ჩემპიონატში და რას უნდა მიაქციოს ყურადღება კალათბურთის მოყვარულმა...
ბრენდონ როის დაბრუნება
ბევრი უკვე გამოეთხოვა ერთ დროს ვარსკვლავურ და ჯერ არც ისე "ბებერ" ბრენდონ როის. ის კი, როგორც გაირკვა, სულაც არ ფიქრობდა კარიერის დასრულებაზე.
ის, უბრალოდ, ამზადებდა თავის დაბრუნებას და ეს დრო მოვიდა. თავისუფალი აგენტების ბაზარზე როიმ თავიდანვე გამოაცხადა, რომ მინიმალური ხელფასი არ აინტერესებდა. ის
როი დამაჯერებლად აცხადებს, რომ NBA-ში საკუთარი თამაშის დაბრუნებას აპირებს, როცა მისთვის მატჩში 20 ქულის დაგროვება ჩვეულებრივი ამბავი იყო.
"მინესოტამ" დაუჯერა მას. სანახევროდ ევროპელებით დაკომპლექტებული გუნდი სერიოზულად აპირებს პლეი ოფში დაბრუნებას.
რთულია იმის წინასწარმეტყველება, როგორ ჩაატარებს სეზონს როი. შესაძლოა, მას ისევ შეუძლია თანაგუნდელების გაძღოლა. თუ ასეა, უნდა შევაქოთ "ვულვზის" ხელმძღვანელობა, რომ ამ ბიჭს მეორე შანსი მისცა.
არ არის მინი, არის ლინი
შეძლებს თუ არა ჯერემი ლინი "ჰიუსტონში" ისე თამაშს, როგორც ამას შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარში "ნიქსის" რიგებში აკეთებდა? სინამდვილეში, ეს არ არის მაინცდამაინც საჭირბოროტო საკითხი. ეჭვგარეშეა, ის თავის კონტრაქტს გაამართლებს.
კლუბში ისევ გაჩნდა აზიურ სახესთან დაკავშირებული ინვესტიციები. სწორედ იაო მინის პერიოდში შეიცვალა "როკეტსში" კლუბის ფერები და სიმბოლიკა. შრიფტი რაღაცით იეროგლიფებს დაემგვანა. გაჩნდა "ტოიოტა ცენტრი".
"მაიამის" ახალი აზიური ხელშეკრულებების გასაფორმებლად ნახევარი დედამიწის შემოვლა და ჩინეთში ფულის გამო ღიმილი და კალათბურთის თამაში დასჭირდა. "ჰიუსტონს" კი ეს კოზირი გუნდში ჰყავს. გზა გაკვალულია, ფინანსებზე შეუძლიათ არ ინერვიულონ.
არ უნდა განვსაჯოთ დერილ მორი. შესაძლოა, მან უკვე გააფორმა უახლოეს წლებში თავისი მთავარი კონტრაქტი. უბრალოდ, უნდა დავაკვირდეთ ჯერემის თამაშს. ვინ არის ის, ღირსეულია თუ არა მისი თამაში და იმსახურებს თუ არა ადგილს NBA-ს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში? სეზონი გვიჩვენებს.
განახლებული ნიუიორკული დერბი
იყო დრო, როცა ნიუ იორკს ორი გუნდი ჰყავდა - "ნეტსი" და "ნიქსი". მოგვიანებით, "ნეტსი" ქალაქს ოდნავ მოშორდა და "ნიუ ჯერსი ნეტსად" იწოდებოდა. ახლა, ისინი ისევ ქალაქში არიან. შეძლებენ თუ არა ბრუკლინელები პუბლიკის მნიშვნელოვანი ნაწილის საკუთარ მხარეს გადაქაჩვას? ეყოლებათ თუ არა "ნიქსის" საშინაო მატჩებზე გულშემატკივრები?
80-იანი წლების შუაში, "ნეტსისა" და "ნიქსის" მატჩებს დერბის უწოდებდნენ. ამ დერბის სახეები იყვნენ ძმები კინგები - ბერნარდი და ალბერტი.
უფრო ცნობილმა - ბერნარდ კინგმა კარიერა 1977 წელს "ნიუ ჯერსიში" დაიწყო, მოგვიანებით კი 1982 წელს, "ნიუ იორკში" გადაბარგდა.
ამავე დროს, 1981 წლის დრაფტზე "ნეტსმა" მისი უმცროსი ძმა ალბერტი აირჩია მეათე ნომრად. ასე გაჩნდა არა მხოლოდ მეზობლების, არამედ ძმების დაპირისპირება. 1987 წლამდე ძმები მეზობლები იყვნენ, მაგრამ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგნენ.
ახლა, დერბიზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია, მაგრამ, ვინ იცის - თუ "ბრუკლინი" შეძლებს ბრძოლა მოახვიოს თავს "ნიუ იორკს", ქალაქის მოსახლეობა ორ ნაწილად გაიხლიჩება.
პლეი ოფის მერვე საგზური დასავლეთში
ამ გადასახედიდან ისე ჩანს, რომ დასავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის მერვე საგზურისთვის დიდი ბრძოლა იქნება.
თუ საქმეში სერიოზული ტრავმები არ ჩაერევა, 2013 წელს, დასავლეთიდან პლეი ოფში აუცილებლად ვნახავთ შვიდ გუნდს: "ლეიკერსს", "კლიპერსს", "სან ანტონიოს", "ოკლაჰომას", "დენვერს", "მემფისსა" და "დალასს".
დარჩენილი ერთი საგზურისთვის შემდეგ კლუბებს შეუძლიათ ბრძოლა: "მინესოტას", "ფინიქსს", "იუტასა" და "გოლდენ სტეიტს". ამ მხრივ, რეგულარულის ბოლოსკენ მართლაც ძალიან საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი.
ენტონი დევისი და მისი კლასი
თუ 2012 წლის დრაფტზე გასაგები იყო, ვინ გახდებოდა პირველი ნომერი, 2013 წელს საუკეთესო ახალბედას ტიტულზე კი კამათი შეიძლება. რატომღაც, ჩრდილოამერიკელ ექსპერტებს შორის არ არის სრული თანხმობა იმაზე, რომ ენტონი დევისს სრული დომინირება ექნება სხვა დებიუტანტებზე.
თუ დევისის "აქციებს" ავიღებთ, ის, რა თქმა უნდა, ფავორიტია - დრაფტის პირველი ნომერი და ოლიმპიადაზე გამოსვლა ავალდებულებს ამას. მაგრამ მას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.
დემიან ლილარდმა, მაიკლ კიდ-გილჩირსტმა უკვე გამოიჩინეს თავი. არიან ასევე ტომას რობინსონი, ჰარისონ ბარნსი და ტერენს როსი, აგრეთვე შფოთიანი როის უაიტი.
დურანტის ჩამოყალიბება
ვერავინ უარყოფს იმას, რომ კევინ დურანტი უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავია. ცენტრის სიმაღლის ბიჭი მცველად თამაშობს, აქვს სნაიპერის ტყორცნა და ვეტერანისთვის დამახასიათებელი ცივი გონება. ლიგის სამგზის საუკეთესო სნაიპერი დღეისთვის NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.
მაგრამ ის ჯერ შორის არის სრულყოფამდე. მაგალითად, პირველი მოგებისთვის ლებრონს სამი სხვადასხვა ფინალის ჩატარება მოუწია. კევინის ანგარიშზე უკვე არის ერთი წაგებული ფინალური სერია. მას ჯერ არ ჰყოფნის ლიდერის თვისებები.
ამის ნათელი დადასტურებაა შარშანდელი ფინალური სერია. მაშინ, "მაიამის" ბევრი საჩუქარი გაუკეთა რასელ უესტბრუკმა და მისი შეჩერება ვერავინ შეძლო - ვერც მთავარმა მწვრთნელმა და ვერც დურანტმა პირველი ვარსკვლავის უფლებით. არის თუ არა ის ამის შემდეგ გუნდში პირველი ვარსკვლავი?
ის უფრო მოძლიერებული ჩანს, ვიდრე უნივერსიტეტში, მაგრამ კიდევ შეუძლია მუსკულატურის განვითარება. ეს არ არის უბრალო სიტყვები.
სეზონის წინ ბრუქსი ამბობს, რომ სურს უფრო ხშირად გამოიყენოს კევინი მეოთხე ნომრის პოზიციაზე.ვნახოთ რა გამოვა აქედან.
დერიკ როუზი
დერიკ როუზის თემა ძალიან აწუხებთ კალათბურთის თაყვანისმცემლებს. კალათბურთმა უკვე დაკარგა ათი წლის წინ კარგი პირველი ნომერი. ჯეი უილიამსს ბევრი აკლდა დერიკ როუზამდე, მაგრამ ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ გამთამაშებლად მიიჩნეოდა. პირველი სეზონის შემდეგ, მოტოავარიამ დაასრულა მისი გამოსვლა "ბულზში" და მთლიანად ლიგაში.
რაც შეეხება როუზს, მისი თამაში, ხშირად, ფიზიკურ თვისებებზეა აწყობილი. ძალიან მაღალი სიჩქარე, ფართო მხრები და მაღალი ნახტომი... რა დარჩება ამ ყველაფრისგან აღდგენის შემდეგ, არავისთვის არის ცნობილი.
ამიტომაც, მნიშვნელოვანია დერიკმა არ მიმართოს მოვლენათა ფორსირებას და გონივრულად დაგეგმოს დაბრუნება.
ყველაფერი, რაც ლეიკერსს უკავშირდება
მარტო "ლეიკერსზე" ათი ცალკე სიუჟეტის აღწერა შეიძლება, მაგრამ ასევე შესაძლებელია მათი ერთი სათაურით გაერთიანება: ნეშის ასაკი, ჰოვარდის ჯანმრთელობა, ბრაიანტის ეგოიზმი, ბრაუნის ნიჭი, ექს-არტესტის სულიერი მდგომარეობა, სათადარიგოთა სკამის დახმარება...
"ლეიკერსს" იდეალურთან მიახლოებული სასტარტო შემადგენლობა ჰყავს: დამცველი ცენტრი, სტოპერი, უნივერსალური მძიმე ფორვარდი, ლიდერი ვარსკვლავი და გენიალური გამთამაშებელი. რა არ ჰყოფნის ამ გუნდს?
მას არ ჰყოფნის ფილ ჯექსონი! შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტორმა იჩინოს თავი პლეი ოფში, თუმცა იმის გარანტიაც არ არსებობს, რომ მანამდე გუნდს ყველაფერი წესრიგში ექნება.
2000 წელს "ლეიკერსის" შემადგენლობა დიდად არ შეცვლილა 1999 წელთან შედარებით, მაგრამ 1998-99 წლების სეზონში კურტ რემბისის ხელმძღვანელობით გუნდი ჩემპიონი ვერ გახდა, ჯექსონის მოსვლით შემდეგ, ზედიზედ სამჯერ გახდნენ უძლიერესები, პაუზის შემდეგ, კიდევ ორჯერ.
შემადგენლობაში მაშინდელი ცვლილებებიდან უნდა აღვნიშნოთ მხოლოდ ბრაიან შოს მისვლა, აგრეთვე რონ ჰარპერის ტრანსფერი, რომელმაც თავისი მოგვარე დერეკი შეცვალა.
შეძლებს თუ არა მაიკ ბრაუნი სათადარიგოთა სკამიდან გუნდის თამაშის გაძლიერებას, როცა ეს საჭირო იქნება? ვარსკვლავური სასტარტო შემადგენლობის მიუხედავად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მაიამის ჩემპიონობა - არა შემთხვევითობა?
გასული წელი ლებრონის, შესაბამისად, "მაიამისა" იყო. მაგრამ საინტერესოა, როგორ იბრძოლებდა ფინალურ სერიაში "ჰიტი" სრულიად განსხვავებულ "სან ანტონიოსთან". ისევე მრავალმხრივი იქნებოდა მათი თამაში, როგორც ეს "ოკლაჰომასთან" სერიაში იყო? აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ უესტბრუკის სისულეელეები.
ახლა, ლებრონს ვერავინ ვერაფერს წამოაძახებს.
ყველა კითხვაზე მას მატერიალური პასუხი გააჩნია: მედლები, ბეჭედი, თასები. ფორმალურად, ის მეორე მაიკლ ჯორდანია, მაგრამ სინამდვილეში, მათ შორის ჯერ ისევ დიდი სხვაობაა. ამ მხრივ, ჯეიმსის პირველი გამოცდა იქნება შარშანდელი წარმატების გამეორება.
იქნებ, "მაიამი" ახალი საუკუნის მეორე "ბოსტონი" გახდეს? 2008 წელს ყველას ეგონა, რომ "სელტიქსზე" საშიში გუნდი არ არსებობდა, მაგრამ იმ წელს მოგებული ტიტული ერთადერთი გამოდგა "დიდი ტრიოსთვის" (გარნეტი, პირსი, ალენი), რივერსისთვისა და რონდოსთვის.
რამდენად შორს შეუძლია წავიდეს "ჰიტს". რა თქმა უნდა, ისინი რეი ალენით გაძლიერდნენ, კიდევ უფრო შეიკრნენ. მაგრამ ყველა სიტყვას ივიწყებენ, როცა თამაში იწყება.
კალათბურთი იმით არის კარგი, რომ ნებისმიერ სტერეოტიპს ამსხვრევს. 2013 წელს, ყველაზე მოსალოდნელ ფინალად მოჩანს "ლეიკერსისა" და "მაიამის" დაპირისპირება.
მაგრამ უნდა მოვიცადოთ, რადგან ასეთი რამ შეიძლება საერთოდ არ მოხდეს. მალე შევიტყობთ ქაღალზე გაწერილი ვისი გეგმა აღმოჩნდება მომგებიანი. ნებისმიერ შემთხვევაში, წინ ბევრი საინტერესო გველის!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
1. დალასს არამგონია მინესოტაზე და ჩამოთვლილ სხვა გუნდებზე უფრო დიდი შანსი ჰქონდეს, თან დირკი საოპერაციოა :)
2.სუპერ ფინალში არამგონია რომ ან მაიამი გავიდეს ან ლეიკერსი..
უფრო მგონია ბრუკლინი/ბოსტონი - ოკლაჰომა/სან ანტონიო.