"ლეიკერსი": 0-6 - კალიფორნიულ გრანდს სუპერმენის დებიუტმაც ვერ უშველა

AutoSharing Option
"ლეიკერსმა", როგორც იქნა, შეკრიბა ოპტიმალური შემადგენლობა. "საკრამენტოსთან" დუაიტ ჰოვარდის მოედანზე გამოჩენას ყველა ოვაციით შეხვდა.

"სუპერმენმაც" შესაბამისი თამაშით უპასუხა ამ მისალმებას. მისი პირველი სამი შეხება ბურთთან ნაყოფიერი გამოდგა: ჯერ მისი პასით კობი ბრაიანტმა სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ თავად ორი ხელით ჩატენა, მესამე შეხებით კი შედეგიანი გადაცემა გაუკეთა პაუ გასოლს.

საერთო ჯამში, ჰოვარდს არ ეტყობოდა ექვსთვიანი უთამაშებლობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია პარტნიორებთან ჯერ მოიკოჭლებს. რაც მთავარია, "სუპერმენი" დაბრუნდა და სადებიუტო შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა - 19 ქულა და 12 მოხსნა, რასაც ოთხი
დაფარებაც დაუმატა. ასევე, ჰოვარდის ანგარიშზე იყო ხუთი შეცდომა, თუმცა ამ მხრივ, მთელი "ლეიკერსი" სცოდავდა - გუნდმა 22 შეცდომა დაუშვა.

კალიფორნიული გრანდი წინასასეზონო მატჩების ნამდვილი აუთსაიდერია. "საკრამენტოსთან" შეხვედრამდე მას ხუთიდან ხუთი წაგება ჰქონდა და ვერც ამჯერად შეწყვიტა ეს უსიამოვნო სერია.

ამჯერად, "ლეიკერსი" თითქოს ახლოს იყო მიზანთან. კობიმ და პარტნიორებმა მეორე მეოთხედში 18:4 გაქცევა მოაწყვეს და დიდი შესვენებისთვის სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. მაგრამ "კინგზმა" მესამე მეოთხედში გაათანაბრა თამაშიც და ანგარიშიც და ყველაფერი მეოთხე მეოთხედს უნდა გადაეწყვიტა.

დასკვნით 12-წუთეულში მცირე უპირატესობა "ლეიკერსს" ჰქონდა. მასპინძლებს მოედანზე სასტარტოს წევრები ჰყავდათ და მათ ბოლო წუთისთვის თავიანთ გუნდს სამქულიანი უპირატესობა მოუტანეს - 92:89. მაგრამ "საკრამენტომ" ამას 10 უპასუხო ქულა დაუპირისპირა.

თამაშში გარდატეხა დამარკუს კაზინსმა შეიტანა, რომელმაც ზედიზედ ორი ორქულიანი მოათავსა კალათში, ნეშმა და ბრაიანტმა კი თავიანთი ტყორცნები ააცილეს.

"ლეიკერსმა" სეზონის წინ მეექვსე შეხვედრა ჩაატარა და მეექვსედ დამარცხდა.

* * *
"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი ამარე სტაუდმაიერი ორ-სამ კვირას გამოტოვებს, - წერს ამერიკული პრესა. მაგნიტო-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მოთამაშეს მუხლი აქვს დაზიანებული.

ამარეს ოპერაცია არ სჭირდება, მაგრამ ექიმებმა ვარჯიშებისგან თავის შეკავება ურჩიეს.

ასე რომ, სტაუდმაიერი გამოტოვებს სეზონის დასაწყისს და მას მძიმე ფორვარდის პოზიციაზე, სავარაუდოდ, კარმელო ენტონი შეცვლის.

ორლანდო-სან ანტონიო 104:100
22:24, 28:17, 29:31, 25:28
ო: ნიკოლსონი (18), დევისი (17), რედიკი (14+5 პასი), მური (14+8 პასი), ნელსონი (12+ 5 პასი).
ს-ა: გრინი (13), ჯინობილი (12), პარკერი (10), ჯექსონი (10), ნილი (10).

ბოსტონი-ფილადელფია 79:88
22:21, 19:30, 21:15, 17:22
ბ: გრინი (12+10 მოხსნა+4 დაფარება), რონდო (12+10 პასი), ბასი (10), ლი (10).
ფ: რაიტი (20+5 მოხსნა), ნ. იანგი (15+6 მოხსნა), ჰაუსი (12), ჰოლიდეი (10+6 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ტერნერი (10+5 მოხსნა).

ოკლაჰომა-დენვერი 108:101
30:19, 27:31, 24:31, 27:20
ო: დურანტი (16+6 მოხსნა+5 პასი), ჰარდენი (16), იბაკა (16+3 დაფარება), კუკი (13), უესტბრუკი (11+9 პასი), ჯექსონი (10).
დ: გალინარი (26+5 მოხსნა), ლოუსონი (17+11 პასი), ბრიუერი (15), ფარიდი (12), მაკგი (10).

ლეიკერსი-საკრამენტო 92:99
29:28, 28:18, 15:28, 20:25
ლ: ბრაიანტი (21+5 მოხსნა), ჰოვარდი (19+12 მოხსნა+4 დაფარება), გასოლი (14+8 მოხსნა+5 პასი), უორლდ პისი (14+4 ჩაჭრა).
ს: კაზინსი (16+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბრუქსი (16), ტორნტონი (15+6 მოხსნა), ევანსი (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული