"ლოს ანჯელეს ლეიკერსში" მთავარ მწვრთნელად მაიკ დ'ენტონი დაინიშნა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ახალი მთავარი მწვრთნელი იპოვა. კალიფორნიული გრანდის დამრიგებელი გახდა იტალიური წარმოშობის ამერიკელი მაიკ დ'ენტონი.

61 წლის დ'ენტონი ამ პოსტზე მაიკ ბრაუნს შეცვლის, რომელიც გუნდიდან 9 ნოემბერს გაუშვეს. მისი განთავისუფლების მიზეზი გახდა გუნდის არადამაკმაყოფილებელი გამოსვლა რეგულარული სეზონის სტარტზე: პირველ ხუთ მატჩში "ლეიკერსმა" მხოლოდ ერთი მოიგო, მანამდე კი რვა წინასასეზონო შეხვედრა დათმო.

დ'ენტონის დანიშვნამდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს ბრაუნის თანაშემწე ბერნი ბიკერსტაფი ასრულებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორი მატჩი მოიგო: დაამარცხა "გოლდენ სტეიტი" (101:77) და "საკრამენტო" (103:90).

როგორც სააგენტო AP-მ გაარკვია, მაიკ
დ'ენტონი ჯერჯერობით სრულყოფილად ვერ შეძლებს თავისი მოვალეობების შესრულებას. საქმე ისაა, რომ სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ მუხლზე ოპერაცია გადაიტანა. ამ დღეებში დ'ენტონი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ექიმები გაარკვევენ - შეძლებს თუ არა ის გუნდთან ერთად გასვლით მატჩებზე ფრენას.

შეგახსენებთ, რომ "ლეიკერსის" მწვრთნელის პოსტზე ძირითად კანდიდატად ფილ ჯექსონი განიხილებოდა, რომელიც აქამდე ორჯერ მუშაობდა კალიფორნიულ კლუბში (1999-2004 და 2005-11 წლებში) და ხუთჯერ მიიყვანა "ლეიკერსი" ჩემპიონობამდე. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ლეგენდარულ სპეციალისტთან მოლაპარაკება.

მაიკ დ'ენტონი სამწვრთნელო კარიერას იტალიაში იწყებდა. NBA-ში მას ოთხ გუნდში უმუშავია - "დენვერში", "პორტლენდში", "ფინიქსსა" და "ნიუ იორკში", საიდანაც 2012 წლის მარტში დაითხოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული