ამჯერად "მაიამი" ლოს ანჯელესში "კლიპერსთან" დამარცხდა. "ჰიტის" მარცხში დიდი წვლილი მიუძღვის მის მთავარ მწვრთნელს ერიკ სპოელსტრას, რომელმაც მესამე მეოთხედის ბოლოს ორი ცუდი შეცვლა გააკეთა.
თავდაპირველად მწვრთნელმა სკამზე დასვა კრის ბოში. ერთი მხრივ, ეს ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან გიგანტს ბევრი პერსონალური ჰქონდა, მაგრამ, მეორე მხრივ, მის ნაცვლად მოედანზე გამოსული ჰასლემი ძალიან დაბნეული ჩანდა.
მის გამო "მაიამის" სამწამიანი მთლიანად დაუცველი გახდა. მეოთხედის ბოლო წუთზე
მართალია, ჩელმერსი კრის პოლის მეურვეობას თავს ვერ ართმევდა ("კლიპერსის" პლეიმეიკერმა იმ მომენტისთვის თავისი გუნდის ზედიზედ ათი ქულა დააგროვა და ამან 10:2 გაქცევა გამოიწვია), მაგრამ ნომინალური პლეიმეიკერის გარეშე თამაში, როცა მოედანზე მეტოქეს პოლი და ბლედსოუ ჰყავდა, ძალიან სახიფათო იყო. საბოლოოდ, აქედან კარგი არაფერი გამოვიდა.
თავდაპირველად "კლიპერსის" ძირითადმა გამთამაშებელმა კიდევ სამი ქულა დააგროვა, მეოთხე მეოთხედის სტარტზე კი ბლედსოუს დრო დადგა, რომელმაც ზედიზედ რვა ქულა დააგროვა.
საბოლოოდ, მეტოქის რეაქტიული მცველების მიერ განადგურებული "მაიამი" უკვე 19 ქულას აგებდა, სათამაშო კი რვა წუთი რჩებოდა. იმ დროს აღარავის სჯეროდა, რომ "მაიამი" მორიგი მატჩის გადარჩენას შეძლებდა, მით უმეტეს, რომ ლებრონ ჯეიმსმა ორჯერ სულელურად დაკარგა ბურთი, ალენისა და ლუისის წყვილმა კი ოთხიდან სამი საჯარიმო ააცილა.
"კლიპერსმა" კი ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, ახლად დაწყებულ სეზონში "ლეიკერსსა" და "მაიამიზე" მოგებით იწონებს თავს. გუნდი მესამე ადგილზეა ლიგაში საშუალო შედეგიანობით. ამასთან, უფრო ნაკლებს უშვებს, ვიდრე "მილუოკი" და "ბოსტონი". ასე რომ, ეჭვი არავის ეპარება - "კლიპერსი" ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტია.
* * *
თუმცა დასავლეთი კონფერენციის ლიდერი არა "კლიპერსი", არამედ "მემფისი" გახლავთ. თან ეს სრულიად დამსახურებული წარმატებაა, რადგან "გრიზლისმა" ლიდერობა შარშანდელი ვიცე-ჩემპიონის დამარცხებით მოიპოვა, თანაც გასვლით შეხვედრაში.
არადა, "ოკლაჰომას" ცუდად არ უთამაშია - თამაშიდან 48-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა, კევინ დურანტმა 34 ქულა დააგროვა, უესტბრუკმა 13 შედეგიანი პასი შეასრულა. ეს ყველაფერი თითქოს გამარჯვების გარანტია უნდა ყოფილიყო და ასეც იქნებოდა, რომ არა მარტინი, რომელმაც თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო.
თუმცა დიდი შედეგიანობით არც "ოკლაჰომას" სხვა რეზერვისტები გამოირჩეოდნენ, რომლებმაც თამაშიდან მხოლოდ სამი ბურთი ჩააგდეს (13-დან). "გრიზლისში" კი მარტო ელინგტონმა მოათავსა ხუთიდან სამი ტყორცნა კალათში, ბეილესმა და პონდექსტერმა კი ჯამში რვა ზუსტი სროლა მიითვალეს.
მაგრამ "მემფისის" გამარჯვების მთავარი შემოქმედნი რენდოლფი და გეი გახდნენ. ამ წყვილმა ერთად 48 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა და მესამე მეოთხედში ორნიშნა უპირატესობა მოუტანა თავის გუნდს, რაც სტუმრებმა მატჩის ბოლომდე მშვიდად შეინარჩუნეს.
რა თქმა უნდა, აღნიშვნის ღირსია მარკ გასოლი, რომელსაც 44 წუთის განმავლობაში არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. სხვათა შორის, სწორედ აკურატულმა თამაშმა შეუწყო ხელი ჰოლინზის შეგირდებს გამარჯვებაში - მათ მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ რვაჯერ დაკარგეს ბურთი.
კლიპერსი-მაიამი 107:100
25:24, 27:30, 33:20, 22:26
კ: კროუფორდი (22+3 ჩაჭრა), გრიფინი (20+14 მოხსნა+6 პასი), პოლი (16+10 პასი+4 ჩაჭრა), ბატლერი (15), ბლედსოუ (12).
მ: ჯეიმსი (30+7 პასი), ალენი (14+5 ჩაჭრა), ბოში (11+9 მოხსნა+3 დაფარება), ლუისი (11).
ოკლაჰომა-მემფისი 97:107
30:20, 15:36, 26:25, 26:26
ო: დურანტი (34+10 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), უესტბრუკი (17+6 მოხსნა+13 პასი), იბაკა (17+8 მოხსნა).
მ: გეი (28+6 მოხსნა+5 პასი), რენდოლფი (20+11 მოხსნა), გასოლი (14+6 მოხსნა), პონდექსტერი (13), ბეილესი (12).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"