ამ დროის განმავლობაში, ნიუიორკელებმა ცხრიდან რვა ბურთი ააცილეს კალათს, სამჯერ დაკარგეს ბურთი და მსაჯებს 10 (!) პერსონალური გამოსტყუეს, თანაც, აქედან სამი ტექნიკური იყო და კიდევ ერთი - არასპორტული.
"ნიქსს" არ მისდიოდა სამქულიანები (19-დან 5), ხოლო "მემფისის" ლიდერები სტაბილურად აგროვებდნენ ქულებს. თუმცა "ნიუ იორკი" არ დანებდა და მეოთხე მეოთხედში მატჩის გადარჩენა სცადა.
სტუმრებმა 21-ქულიანი ჩამორჩენა რვა ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ
ბოლო 193 წამში გეიმ რვა ქულა დააგროვა და შეუნარჩუნა თავის გუნდს უპირატესობა. თანაც, ფორვარდმა კარიერაში 8000-ქულიან ზღვარს გადააჭარბა. ეს მეორე შედეგია "გრიზლისის" ისტორიაში - უფრო მეტი ქულა მხოლოდ პაუ გასოლს აქვს (8966).
მეორე დღეს "მემფისთან" მიმართებაში კიდევ ერთ ისტორიურ მომენტს ჰქონდა ადგილი. "გრიზლისმა" სტუმრად დაამარცხა "შარლოტი" და თავის 17-წლიან ისტორიაში პირველად გახდა მთელი რეგულარული ჩემპიონატის ლიდერი.
თანაც, ეს სრულიად დამსახურებული წარმატებაა - "შარლოტის" დამარცხებამდე, ლაიონელ ჰოლინზის შეგირდებმა ზედიზედ მოუგეს მოქმედ ჩემპიონ "მაიამის", შარშანდელ ფინალისტ "ოკლაჰომას" და ამ სეზონის სენსაციას - "ნიუ იორკს".
სხვათა შორის, "მემფისის" ბოლო მოგებამ ამერიკელ მოკრივეს ფლოიდ მეივეზერს მოუტანა სარგებელი, რომელიც აზარტული თამაშების დიდი მიყვარულია.
ცოტა ხნის წინ პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა მოკრივემ ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთ მატჩზე ფსონი დადო და დაახლოებით მილიონი დოლარი მოიგო. ახლა კი ფლოიდი "მემფისის" პირველი ტაიმის მოგებაზე 200 ათას დოლარს ჩავიდა.
"გრიზლისმა" პირველი ნახევარი ცხრა ქულის სხვაობით მოიგო, რამაც მეივეზერს 166 ათასი დოლარის ოდენობის მოგება მოუტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"