Grinnell-ის უნივერსიტეტის გუნდმა გაანადგურა Faith Bapt. Bible ანგარიშით - 179:104.
ამასთან, გამარჯვებული გუნდის მოთამაშემ ჯეკ ტეილორმა 138 ქულა დააგროვა! მის ანგარიშზეა - 27 ზუსტი სამქულიანი, 25-ორქულიანი და შვიდი საჯარიმო.
საერთო ჯამში, მან მეტოქის ფარის მიმართულებით 108-ჯერ ისროლა, იმ დროს, როცა დანარჩენმა გუნდმა - 28-ჯერ.
საინტერესოა, რომ დამარცხებული გუნდის რიგებში 70 ქულა ჩააგდო დევიდ ლარსონმა, მაგრამ ტეილორის გამოსვლის ფონზე მისი შედეგიანი თამაში არავის შეუმჩნევია. 138 ქულა ერთ თამაშში - NCAA-ს ყველა დივიზიონის ახალი რეკორდია.
ჯეკ ტეილორის 138 ქულა NCAA-ის ლიგის მესამე დივიზიონში!
"ახლაც არ მჯერა, რომ ეს რეალობაა", - განაცხადა ტეილორმა ისტორიული მატჩის შემდეგ. საინტერესოა, რომ წინა ორ შეხვედრაში ტეილორმა ჯამში 41 ტყორცნიდან მხოლოდ 11 მოათავსა კალათში, მაგრამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მას მიზანი გაესწორებინა: "გუნდსა და მწვრთნელს უნდოდათ, რომ შეტევა გამეგრძელებინა", - ყვება ტეილორი.
პირველი ტაიმის შემდეგ მის ანგარიშზე 58 ქულა მოდიოდა. "მეგონა, რომ დაახლოებით 30 ქულა მქონდა ჩაგდებული, - ამბობს ტეილორი. - მაგრამ მწვრთნელი მომიახლოვდა და მითხრა, რომ 58 ქულაზე ვიყავი გაჩერებული. მაშინ მივხვდი, რომ ეს შეიძლებოდა განსაკუთრებული საღამო ყოფილიყო".
მეორე ტაიმში გულშემატკივრებმა ტეილორის გვარის სკანდირება დაიწყეს და შოუს გაგრძელებას ითხოვდნენ. "მატჩის ბოლოს უკვე წარმოდგენილი მქონდა, რომ ძალიან ბევრი ქულის პატრონი ვიყავი".
მატჩის შემდეგ ჯეკი საყოველთაოდ პოპულარული გახდა და მის მიღწევას NBA-ს ვარსკვლავებიც კი გამოეხმაურნენ.
"ჯეკ ტეილორ, შენ დაიმსახურე "ჯეკ დენიელსი", - დაწერა თავის "ტვიტერზე" კევინ დურანტმა. კარმელო ენტონი შოკირებული იყო, როცა ამ ამბის შესახებ შეიტყო: "მსგავსი არაფერი გამეგო.
ყველაფერი ისეა, როგორც ვიდეოთამაშში. როგორ შეიძლება მატჩში 100 ტყორცნის შესრულება?!" რეიმონდ ფელტონმა იხუმრა: "ალბათ, ახლა იდაყვი ძალიან სტკივა!" კობი ბრაიანტმა, რომელსაც თავად უყვარს შედეგიანობის რეკორდების დამყარება, შეაქო ტეილორი: "ეს სიგიჟეა. მნიშვნელობა არ აქვს, რა დონეზე შეძელი ეს. 138 ქულა - ფანტასტიკაა!"
საინტერესოა, რომ ამ რეკორდის დასამყარებლად ტეილორს 36 წუთი დასჭირდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"