რეგულარული ჩემპიონატი: ნაღვლიანი მოგება ჰიუსტონში

AutoSharing Option
"ფილადელფიამ" თავის მოედანზე შეწყვიტა "დალასთან" ექვსმატჩიანი წაგებათა სერია.

ძალიან ბევრს ცდილობდა ელტონ ბრენდი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, ბლომად ქულები დააგროვა მატჩის ბოლოს ვინს კარტერმა, რომელმაც სირენამდე ორი წუთით ადრე გააბათილა შვიდქულიანი ჩამორჩენა, მაგრამ ორი წამით ადრე საჯარიმოს ხაზიდან მაიოს აცილებამ ტექსასელებს სტუმრად მოგების შანსი დააკარგვინა.

თუმცა ჯო კრაუდერს სირენასთან ერთად შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მისი ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა.

"მავერიქსი" ღირსეულად ებრძოდა "სიქსერზს" მთელი სამი მეოთხედის განმავლობაში და წინ გასვლაც მოახერხა, მაგრამ დასასრულამდე რვა წუთით ადრე 10:0 გაქცევა გამოეპარა.

რიკ კარლაილის
გუნდმა ზედიზედ ხუთი შეტევა ბურთის დაკარგვით დაასრულა. თითქოს ეს დასასრული უნდა ყოფილიყო სტუმრებისთვის, მაგრამ მაიომ, კამანმა და კარტერმა შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნეს, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს.

საინტერესოა, რომ "ფილადელფიამ" წელს ექვსიდან ხუთჯერ მოუგო დასავლეთის გუნდებს.

* * *
გრძელდება "კლივლენდის" დაცემა - გუნდმა ბოლო 11-იდან ათი მატჩი წააგო. "კავალერებს" თავიანთი ლიდერის, კაირი ირვინგის გარეშე უჭირთ მთელი მატჩის სტაბილურად ჩატარება.

ამჯერადაც მესამე მეოთხედში "ფინიქსისგან" მიღებულმა გაქცევამ გადაწყვიტა მატჩის ბედი. "სანზი" 14:0 გაიქცა, რითაც დაასამარა "კლივლენდის" იმედები, რომელმაც მანამდე წინ გასვლა მოახერხა - 59:57. სპურტის ავტორები გახდნენ დადლი, ბიზლი და სკოლა.

საერთოდ, არიზონელები საუკეთესოები არიან ლიგაში ყველანაირი გაქცევისა და "ქამბექების" მიხედვით. თითქმის ყოველ მატჩში გამოსდით მათ ასეთი შოუ. ბოლო მეოთხედში, სტუმრებისგან მიღებული მორიგი ნოკდაუნის (11:3) შემდეგ, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

* * *
ნაღვლიანი იყო "ჰიუსტონის" დამაჯერებელი საშინაო გამარჯვება. მატჩის წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს "როკეტსის" მთავარი მწვრთნელის, კევინ მაკჰეილის ქალიშვილის ხსოვნას, რომელიც ამ დღეებში "კანის ტუბერკულოზით" გარდაიცვალა.

შეხვედრის შემდეგ მთელი გუნდი დაკრძალვის ცერემონიაზე გაემართა, საიდანაც ოკლამაში გაემგზავრა, სადაც ჯეიმს ჰარდენი პირველად შეხვდება თავის ყოფილ გუნდს.

"რაკეტებმა" შეძლეს ოდნავ მაინც ესიამოვნებინათ თავიანთი მწვრთნელისთვის. მთელი მატჩის განმავლობაში "ტორონტოს", ფაქტობრივად, შანსი არ ჰქონდა. ამაო იყო ბარნიანის ყველა ცდა, შეეცვალა მატჩის მსვლელობა. ჰარდენი, პატერსონი, ლინი და აშიქი დამაჯერებლად აკონტროლებდნენ შეხვედრას.

კანადელები ჯერჯერობით შარშანდელზე უარესად თამაშობენ, როცა მათ არ ჰყავდათ ლოური და ვალანჩუნასი. მაშინ დაცვა იყო მთავარი ფაქტორი, რის ხარჯზეც მიიღწეოდა იშვიათი გამარჯვებები, მაგრამ წელს არც დაცვა არსებობს და არც ხეირიანი შეტევა.

* * *
შეწყვიტა ზედიზედ ხუთმატჩიანი წაგებათა სერია "მინესოტამ", რომელმაც სტუმრად გატეხა "საკრამენტოს" წინააღმდეგობა. "მგლები" მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ, თუმცა მათი უპირატესობა 10 ქულის ფარგლებში მერყეობდა.

კაზინსმა და კომპანიამ დაძაბული ფინალის მოწყობაც კი მოახერხა, როცა წუთითა და 20 წამით ადრე სტუმრების უპირატესობა მხოლოდ ორ ქულას შეადგენდა, მაგრამ ამას მოჰყვა "მეფეების" დაცვის ჩავარდნა - მას გამოეპარა პეკოვიჩის ლეი-აპი და ლავის საშუალო ტყორცნა. სხვათა შორის, ლავმა სეზონის რეკორდი დაამყარა მოხსნების რაოდენობით - ერთით გაუსწრო კლივლენდელ ვარეჟაოს (23 მოხსნა).

ფილადელფია-დალასი 100:98
28:31, 25:25, 22:17, 25:25
ფ: ტერნერი (22), ტ. იანგი (20+7 მოხსნა), ჰოლიდეი (18+7 პასი+3 ჩაჭრა), უეინსი (10).
დ: კამანი (20), მერიონი (17+8 მოხსნა), ბრენდი (17+8 მოხსნა), კარტერი (15), კოლისონი (12+6 პასი+5 ჩაჭრა), მაიო (11+5 მოხსნა+7 პასი).

კლივლენდი-ფინიქსი 78:91
13:19, 19:18, 27:34, 19:20
კ: ვარეჟაო (20+18 მოხსნა), უეიტერსი (16+7 პასი), გი (12).
ფ: დრაგიჩი (19+5 მოხსნა+7 პასი), ბიზლი (15), სკოლა (14).

ჰიუსტონი-ტორონტო 117:101
29:23, 32:28, 38:28, 18:22
ჰ: ჰარდენი (24+6 მოხსნა+12 პასი+3 ჩაჭრა), პატერსონი (22+5 მოხსნა), პარსონსი (18+7 მოხსნა), ლინი (16+10 პასი+3 ჩაჭრა), აშიქი (13+18 მოხსნა), მორისი (11).
ტ: ბარნიანი (21), როსი (19+5 მოხსნა), კალდერონი (12+7 პასი), ვალანჩუნასი (12+5 მოხსნა), დეროზანი (12), დევისი (12).

საკრამენტო-მინესოტა 89:97
26:27, 19:21, 22:27, 22:22
ს: ტ. ევანსი (20+7 მოხსნა+6 პასი), კაზინსი (20+5 მოხსნა), ტომასი (12), ტორნტონი (12).
მ: ლავი (23+24 მოხსნა), რიდნური (18+5 პასი), პეკოვიჩი (16+8 მოხსნა), კირილენკო (14+6 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), ლი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული