რეგულარული ჩემპიონატი: "ოკლაჰომა" ახალი ლიდერია

AutoSharing Option
დიდი სათამაშო დღე შედგა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში და რამდენიმე მატჩმა ძალიან საინტერესო ბრძოლაში ჩაიარა.

მხოლოდ ერთმა ტყორცნამ გადაწყვიტა "სან ანტონიოსა" და "იუტას" შეხვედრის ბედი. თუმცა დაძაბული ფინალის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, რადგან მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე "სპურსი" დამაჯერებლად იგებდა 8 ქულის სხვაობით.

მაგრამ ამის შემდეგ გრეგ პოპოვიჩის შეგირდები მათთვის არადამახიათებელ შეცდომებს უშვებდნენ და მეტოქეს 14:3 გაქცევის საშუალება მისცეს.

თვით ტიმ დანკანი და ტონი პარკერიც კი საშინლად გამოიყურებოდნენ. შეტევაში ცუდ თამაშს კიდევ შეიძლებოდა გამართლება ჰქონოდა, მაგრამ მეტოქისთვის საკუთარ ფარზე მოხსნის
მიცემა ნამდვილი დანაშაული იყო. ჯალათის როლი კი მო უილიამსმა იტვირთა, რომელმაც სირენასთან დაახლოებით რვა მეტრიდან ჩააგდო სამქულიანი.

* * *

კევინ დურანტის 35 ქულის მიუხედავად, "ოკლაჰომას" ძალიან გაუჭირდა "ნიუ ორლეანის" დამარცხება. ბრაიან რობერტსის ზუსტი სამქულიანის შემდეგ ანგარიში გახდა 89:88 "თანდერის" სასარგებლოდ. სათამაშო კი ცხრა წამი რჩებოდა.

პასუხად დურანტმა მხოლოდ ერთი საჯარიმო ჩააგდო, გრეივის ვასკესს კი შეეძლო ერთი სროლით მოესპო "ოკლაჰომასთვის" ზედიზედ მეცხრე მატჩის მოგების საშუალება, მაგრამ მისი სამქულიანი მიზანს ასცდა. "სან ანტონიოს" წაგების წყალობით, დურანტი და კომპანია რეგულარულის ლიდერი გახდა.

* * *
"შარლოტ ბობკეტსმა" კარგა ხნის წინ მოიგო სეზონში მეშვიდე მატჩი - ზუსტად იმდენი, რამდენიც მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში და იქიდან მოყოლებული, უკვე ზედიზედ ცხრა წაგება დაუგროვდა. არადა, იყო "კლიპერსთან" წარმატების შანსი - სირენამდე რვა წუთით ადრე აუტსაიდერი მინიმალური ანგარიშით აგებდა.

მაგრამ ამას მოჰყვა წუთნახევრის განმავლობაში ბარნსის ხუთი ქულა და "ბობკეტსს" მატჩის გადარჩენის შანსი აღარ ჰქონია.

თუმცა "კლიპერსთან" წაგებისთვის "შარლოტს" არ გაკიცხავენ, რადგან ამ გუნდმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო, რაც 1991-92 წლების სეზონის შემდეგ არ გაუკეთებია.

* * *
დრამატული ფინალი ჰქონდა "მაიამისა" და "გოლდენ სტეიტის" შეხვედრას. არ წაუვიდა თამაში "მეომრების" ლიდერს სტივენ კარის, რომელმაც მხოლოდ ცხრა ქულა დააგროვა და ექვსი შეცდომა დაუშვა. შესაბამისად, "გოლდენ სტეიტს" მოქმედ ჩემპიონთან შანსი არ უნდა ჰქონოდა.

მაგრამ "უორიორზმა" მეტოქეს ბრძოლა მოახვია თავს. სირენამდე სამი წუთით ადრე სტუმრები მხოლოდ ოთხ ქულას აგებდნენ, რის შემდეგაც ჯეიმსმა და კომპანიამ... ვერცერთხელ ჩააგდო. თავის მხრივ, კარიმ და ლიმ ანგარიში გაათანაბრეს.

ტაბლოზე ეწერა 95:95 და ბოლო შეტევის უფლება სტუმარ გუნდს ჰქონდა. გადამწყვეტი სროლა თითქოს ჯეკს უნდა შეესრულებინა, მაგრამ გამოცდილ ბატიესა და ალენს შორის უთანხმოებამ ფარქვეშ სრულიად მარტო დატოვა დრეიმონდ გრინი. საბოლოოდ, დრაფტის 35-ე ნომრად არჩეულმა დებიუტანტმა გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.

იუტა-სან ანტონიო 99:96
22:28, 31:16, 18:27, 28:25
ი: მილსეპი (24+12 მოხსნა+5 პასი), ჯეფერსონი (21), ჰეივორდი (19+7 მოხსნა+6 პასი), ფოიე (13).
ს-ა: დანკანი (22+21 მოხსნა+6 დაფარება), პარკერი (22+7 პასი), გრინი (12), სპლიტერი (10+6 მოხსნა).

ოკლაჰომა-ნიუ ორლეანი 92:88
17:19, 19:25, 22:18, 34:26
ო: დურანტი (35+9 მოხსნა), მარტინი (17+6 მოხსნა), უესტბრუკი (14+9 პასი).
ნ-ო: რობერტსი (16), ანდერსონი (14+7 მოხსნა+5 პასი), რივერსი (12), დევისი (11).

მაიამი-გ. სტეიტი 95:97
28:29, 24:24, 22:24, 21:20
მ: ჯეიმსი (31+5 პასი), ბოში (21+13 მოხსნა), უეიდი (14+5 პასი+3 ჩაჭრა), ალენი (14).
გ-ს: ტომპსონი (27+7 მოხსნა), ლი (22+13 მოხსნა), ჯეკი (20).

შარლოტი-კლიპერსი 94:100
21:23, 23:26, 27:29, 23:22
შ: მალენსი (19+8 მოხსნა), უოკერი (17+6 პასი), ჰენდერსონი (12), კიდ-გილკირსტი (11+8 მოხსნა), სეშენსი (11), ბიიომბო (10+9 მოხსნა).
კ: პოლი (19+5 მოხსნა+10 პასი), გრიფინი (19+5 მოხსნა), ბარნსი (19), ბლედსოუ (13+8 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული