რეგულარული ჩემპიონატი: ფინალის რიმეიქი

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის კალენდრის შემდგენლებმა, ტრადიციულად, საშობაო დღეს საინტერესო მატჩები შემოგვთავაზეს, რომელთაგანაც ცენტრალური იყო მატჩი მაიამიში - ჩემპიონი ფინალისტ "ოკლაჰომას" იღებდა.

შეხვედრამ გაამართლა მოლოდინი - ხუთი ტექნიკური ჯარიმა, 57 საჯარიმო ტყორცნა (აქედან 38 სტუმრებმა ისროლეს)... ეს მაჩვენებლები კარგად მეტყველებს იმ დაძაბულობაზე, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე სუფევდა.

პირველი ნახევარი ჩაუვარდა "ოკლაჰომას" ლიდერ კევინ დურანტს, რომელმაც ძალიან მალე მიიღო ორი პერსონალური. "ჰიტმა" ისარგებლა კევინის მოედანზე არყოფნით და აქტიურად შეუტია, თანაც დაცვა არ ავიწყდებოდა.

ასე რომ, კვლავ ვიხილეთ ჩემპიონის შესრულებით დაბალანსებული კალათბურთი. დურანტის
გარეშე ფლორიდელთა დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდა უესტბრუკი. მხოლოდ მარტინს წაუვიდა თამაში, რასაც მხარი აუბა მოედანზე დაბრუნებულმა დურანტმა.

"მაიამი" დამაჯერებელ სტარტს უნდა უმადლოდეს მარიო ჩელმერსს, რომელიც ძალიან ნაყოფიერი იყო არა მხოლოდ საწყის მეოთხედში, არამედ ბოლო 12-წუთეულშიც და საბოლოოდ, 20 ქულა დააგროვა.

თუმცა ბრუქსის შეგირდებს ყველაფერი ცუდად არ ჰქონდათ. "მაიამის" 13-ქულიანი უპირატესობა სტუმრებმა მალე გააბათილეს - "თანდერისთვის" ასეთი ჩამორჩენა პრობლემა არ არის. "ოკლაჰომას" ყველა შემსრულებელს ძალიან კარგი განწყობა ჰქონდა.

დურანტმა სასტარტო პრობლემების მიუხედავად 33 ქულა მოიპოვა, უესტბრუკი არ ივიწყებდა თავის მოვალეობებს და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.

შესაბამისად, მეოთხე მეოთხედში "ოკლაჰომას" წარმატების რეალური შანსი გაუჩნდა. დურანტის ხუთი ქულის წყალობით, სირენამდე 15 წამით ადრე სტუმრები სამ ქულას აგებდნენ.

"თანდერის" ლიდერმა ანგარიშის გათანაბრება მაინც ვერ შეძლო, მაგრამ მოხსნა უესტბრუკმა მოიპოვა, რომლის ტყორცნამაც ასევე მიზანს ვერ მიაღწია - თუმცა მას ამაში აქტიურად უშლიდა ხელს უეიდი.

რთული სათქმელია, იყო თუ არა იქ წესის დარღვევა, თუმცა უესტბრუკმა იკამათა და ტექნიკური ჯარიმა მიიღო, რაც ავტომატურად "ოკლაჰომას" წაგებას ნიშნავდა, რადგან იმ დღეს "მაიამიმ" საჯარიმოს ხაზიდან 19-დან 19 ჩააგდო.

* * *

"ბოსტონისა" და "ბრუკლინის" დუელში მოულოდნელად სნაიპერის როლი რაჟონ რონდომ მოირგო, მაგრამ შედეგიანი გადაცემების მხრივ მოიკოჭლებდა - მხოლოდ 5 პასი მიითვალა.

თუმცა ეს არ ყოფილა "სელტიქსისთვის" პრობლემა, რადგან თამაშის ორგანიზების ფუნქცია პოლ პირსმა იტვირთა, რომელსაც სროლა არ მისდიოდა, სამაგიეროდ, ათი პასი ჩაიწერა აქტივში.

თუმცა ბოსტონელთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ახალბედა ჯარედ სალინჯერი გახდა, რომელმაც მოედანზე 33 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 16 ქულა დააგროვა.

ეს მისთვის ჯერჯერობით კარიერის რეკორდი გახლავთ. თანაც დებიუტანტი ასე თუ ისე უმკლავდებოდა ბრუკ ლოპესის მეურვეობას.

"ნეტსის" მხრიდან სხვა სერიოზული საფრთხე არ იგრძნობოდა: დერონ უილიამსმა მხოლოდ შვიდჯერ ესროლა, ჯო ჯონსონმა თამაშიდან ათი ტყორცნა ააცილა (14-დან), სათადარიგოები ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ. საბოლოოდ, მასპინძლებმა უღიმღამო თამაშით მხოლოდ 76 ქულა დააგროვეს.

გამორჩეული იყო ეს შეხვედრა კევინ გარნეტისთვის - ახლა, მის ანგარიშზეა 1282 შეხვედრა და ამ მაჩვენებლით ის ყველა დროის სიაში გაუთანაბრდა მე-15 ადგილზე მყოფ ჩარლზ ოუკლის.

* * *

სხვა მატჩებთან შედარებით, "ჰიუსტონისა" და "ჩიკაგოს" შეხვედრის აფიშა დიდად გამორჩეული არ ყოფილა, თუმცა საინტერესო იყო ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი გუნდის დაპირისპირება ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი კოლექტივის წინააღმდეგ. ამჯერად, შეტევამ დაცვას აჯობა.

ჩიკაგოში "რაკეტებმა" 120 ქულა დააგროვეს, ამასთან, განსაკუთრებით მონდომებული იყო ყოფილი "ხარი" ომერ აშიქი.

დამატებითი სტიმულის ხარჯზე, თურქმა ცენტრმა სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - დააგროვა 20 ქულა, 18 მოხსნა და სამი დაფარება.

ასეთი სტატისტიკა "ჰიუსტონის" არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონია 2005 წლის შემდეგ (ბოლოს ეს გააკეთა იაო მინმა).

შედარებისთვის, "ჩიკაგოს" მრისხანე ტრიომ ნოას, ბუზერისა და გიბსონის შემადგენლობით ერთად მხოლოდ 16 მოხსნა დააგროვა.

იმის გათვალისწინებით, რომ "როკეტსის" ერთბაშად რვა (!) კალათბურთელმა ჩააგდო ტყორცნების ნახევარზე მეტი, ხოლო ჯერემი ლინმა მორიგი ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში, ტიბოდოს შეგირდებს თამაშის მოგების შანსი პრაქტიკულად არ ჰქონია.

ბრუკლინი-ბოსტონი 76:93
24:22, 18:34, 16:17, 18:20
ბრუკ: უოლასი (15+6 მოხსნა), ლოპესი (15+8 მოხსნა), ჯონსონი (12), უილიამსი (10+6 პასი).
ბოს: რონდო (19+6 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), სალინჯერი (16+7 მოხსნა), გრინი (15), ტერი (11), პირსი (8+10 პასი+5 მოხსნა), გარნეტი (8+10 მოხსნა).

მაიამი-ოკლაჰომა 103:97
27:24, 27:24, 20:24, 29:25
მ: ჯეიმსი (29+8 მოხსნა+9 პასი), უეიდი (21+5 მოხსნა), ჩელმერსი (20), ბოში (16+6 მოხსნა).
ო: დურანტი (33+7 მოხსნა), უესტბრუკი (21+11 მოხსნა), იბაკა (15+6 მოხსნა), მარტინი (15).

ჩიკაგო-ჰიუსტონი 97:120
22:27, 19:31, 27:36, 29:26
ჩ: რობინსონი (27), ბელინელი (15), დენგი (14+5 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (26+5 მოხსნა+6 პასი), პარსონსი (23+5 მოხსნა), აშიქი (20+18 მოხსნა+3 დაფარება), ლინი (20+11 პასი), მორისი (10+5 მოხსნა).

აღმოსავლეთი
1. მაიამი 19/6*
2. ნიუ იორკი 20/8*
3. ატლანტა 16/9
4. ინდიანა 16/12*
5. ჩიკაგო 15/12
6. მილუოკი 14/12
7. ბრუკლინი 14/13
8. ბოსტონი 14/13
9. ფილადელფია 13/15
10. ორლანდო 12/15
11. ტორონტო 9/19
12. დეტროიტი 9/21
13. შარლოტი 7/20
14. კლივლენდი 6/23
15. ვაშინგტონი 3/22

დასავლეთი
1. კლიპერსი 22/6*
2. ოკლაჰომა 21/6*
3. სან ანტონიო 21/8*
4. მემფისი 18/7
5. გ. სტეიტი 18/10
6. ჰიუსტონი 15/12
7. მინესოტა 13/12
8. დენვერი 15/14
9. იუტა 15/14
10. ლეიკერსი 14/14
11. პორტლენდი 13/13
12. დალასი 12/16
13. ფინიქსი 11/17
14. საკრამენტო 9/18
15. ნიუ ორლეანი 5/22
* - დივიზიონის ლიდერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული