NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსისთვის" ჩემპიონი ადრეა

AutoSharing Option
კარგი საჩუქარი გაუკეთეს NBA-ის კლუბებმა - "ნიუ იორკ ნიქსმა" და "დეტროიტ პისტონზმა" ბრიტანელ გულშემატკივრებს. მათ რეგულარული ჩემპიონატის მატჩი ლონდონში ჩაატარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურ მასპინძლად "პისტონზი" მიჩნეოდა, შეხვედრა "ნიუ იორკის" 16:0 გაქცევით დაიწყო, რის შემდეგაც ყველას ეგონა, რომ მატჩში არანაირი ინტრიგა არ იქნებოდა. მაგრამ, პირველი ტაიმის შემდეგ, "დეტროიტმა" შეძლო ძალების მობილიზება, გამოიყენა "ნიქსის" დროებითი მოდუნება და დაახლოებით იგივე სპურტით უპასუხა მეტოქეს.

თუმცა მაიკ ვუდსონის შეგირდები, ამჯერად, წაგებას არ აპირებდნენ (მათ მხოლოდ სამი მოგება ჰქონდათ ბოლო რვა მატჩში) და მალე დაიბრუნეს
კომფორტული უპირატესობა, რომელიც ბოლომდე არ გაუშვიათ ხელიდან.

აღვნიშნავთ, რომ ამ სეზონში პირველად გამოჩნდა "ნიუ იორკის" რიგებში იმან შუმპერტი, რომელმაც რვა ქულით გამოიჩინა თავი. ძალიან აქტიური იყო ამარე სტაუდმაიერი - მან 20 წუთში 17 ქულა დააგროვა.

* * *

ძალიან ცუდად გამოიყურება "მინესოტა". "მგლებმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგეს, "კლიპერსმა" კი კრის პოლის გარეშე, მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო. თუ "ჰიუსტონთან" წინა მატჩში კალიფორნიელებს გარკვეული ძალისხმევა დასჭირდათ, ამჯერად, "კლიპერსს" არანაირი პრობლემა არ შექმნია. გამონაკლისი იყო მხოლოდ მეორე მეოთხედის დასასრული, როცა სტუმრები ოთხ ქულამდე მიუახლოვდნენ მეტოქეს. მაგრამ, ამას მოჰყვა რამდენიმე გაფუჭებული შეტევა და "მგლებმა" შეტევაში პრობლემებით გაატარეს დარჩენილი დრო. ისინი თამაშიდან 35 პროცენტის სიზუსტით ისროდნენ, მათმა სათადარიგოთა სკამმა კი პირწმინდად წააგო დუელი "კლიპერსის" რეზერვისტებთან - 25:43.

* * *

26 წელი ვერ ახერხებდა "მილუოკი" ფინიქსში გამარჯვებას. "ირმების" წაგებათა სერია 24 მატჩს აღწევდა. დღეს "სანზი" ისე საშინლად გამოიყურება, რომ პირველად 2004 წლის შემდეგ, ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო შინ, თანაც ამ მარცხში არიზონელები თავად არიან დამნაშავენი.

მეოთხე მეოთხედში "ფინიქსმა" თამაშიდან სროლების 29 პროცენტი გამოიყენა და ექვსი შეცდომა დაუშვა, თანაც ბოლოსკენ "მილუოკიმ" 10:0 სპურტის განხორციელება მოახერხა და ამან ნოკაუტში ჩააგდო ელვინ ჯენტრის გუნდი.
"ფინიქსმა" ბოლო 15 მატჩში 13 წააგო და კვლავაც ბოლო ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში.

* * *

მივადექით დღის ცენტრალურ შეხვედრას, რომელშიც "ლეიკერსი" ჩემპიონ "მაიამის" იღებდა.

ფლორიდელებისთვის ეს იყო ზედიზედ მეექვსე გასვლითი შეხვედრა. აღნიშნულ მატჩში ნათლად გამოჩნდა, რომ ამ მომენტისთვის, კალიფორნიელთა რიგებში არ არის კალათბურთელი და არ არსებობს სათამაშო სქემა, რომელიც მეტოქის სწრაფ გარღვევებს შეაჩერებდა. ფაქტობრივად მთელი მატჩში განმავლობაში, "ჰიტი" ატერორებდა "ლეიკერსის" სამწამიან ზონას (68:28).

მაგრამ "მაიამისაც" არ აქვს ყველაფერი წესრიგში. მის რიგებში მხოლოდ ჯეიმსისა და უეიდის გამოყოფა შეიძლება, ბოშს კი საერთოდ არ წაუვიდა თამაში. მეოთხე მეოთხედამდე, ორივე გუნდის თამაშის ხარისხი მოიკოჭლებდა. "ჰიტი" ვერ ახერხებდა გაქცევას, რადგან მის რიგებში მხოლოდ ორი კალათბურთელი თამაშობდა, "ლეიკერსს" კი სპურტის საშუალებას არ აძლევდა გაუთავებელი შეცდომები და კობის ჩავარდნა (3/16 პირველ სამ მეოთხედში).

ბოლო 12-წუთეულში ბრაიანტი, როგორც იქნა, ათამაშდა. მხოლოდ მისი მონდომებით შეძლო "ლეიკერსმა" "მინუს რვიდან" ორქულიან უპირატესობამდე ასვლა. მაგრამ ამაზე, "მაიამის" თავისი პასუხი აღმოაჩნდა - სათადარიგოთა სკამიდან დაბრუნებულმა რეი ალენმა შვიდი ქულა დააგროვა. ბოლოსკენ, ისევ უბედურება დაემართა დუაიტ ჰოვარდს საჯარიმოების რეალიზაციის მხრივ, "ჰიტის" დაცვა კი გაუვალი გახდა და კალიფორნიელებს ბოლო ორწუთნახევარში ქულა არ დააგროვებინა.

"ლეიკერსი" ისევ დამარცხდა სერიოზულ მეტოქესთან. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში, კალიფორნიელები მხოლოდ სამი მოგებით დაიკვეხნიან ძლიერ გუნდებთან - "ნიუ იორკთან", "ბრუკლინთან" და "დენვერთან". ძირითადად, "ლეიკერსი" ამარცხებს ისეთ გუნდებს, რომლებსაც პლეი ოფში მოხვედრის შანსი არ გააჩნიათ. სიტუაციას ვერ უშველა მაიკ დ’ენტონის მისვლამ და ვერც ნეშმა მოახერხა "ლეიკერსის" გაძლიერება, გუნდი სტაბილურად ვერ იყენებს ჰოვარდის ფაქტორს... ბრაიანტი კი მარტო ვერ ახერხებს გუნდის თრევას, მით უმეტეს მაშინ, როცა მის წინააღმდეგ სეზონში საუკეთესო დაცვას თამაშობს უეიდი.

დეტროიტი-ნიუ იორკი 87:102
17:29, 24:27, 22:19, 24:27
დ: ბაინუმი (22), სინგლერი (15), პრინსი (12), მონრო (11+10 მოხსნა+5 პასი), დრამონდი (11+10 მოხსნა).
ნ-ი: ენტონი (26), სტაუდმაიერი (17), სმიტი (16+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნოვაკი (13), ჩენდლერი (10+14 მოხსნა).

მინესოტა-კლიპერსი 77:90
22:27, 21:20, 20:21, 14:22
მ: რიდნური (21+5 პასი), კირილენკო (15+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), უილიამსი (10+7 მოხსნა).
კ: კროუფორდი (22), გრიფინი (20), ბატლერი (12), ტურიაფი (11), ბარნსი (10+6 მოხსნა), ოდომი (2+12 მოხსნა+6 პასი).

ფინიქსი-მილუოკი 94:98
22:32, 34:21, 19:17, 19:28
ფ: ბრაუნი (20+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), სკოლა (16+8 მოხსნა), დადლი (13+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), დრაგიჩი (10).
მ: ელისი (24+6 პასი+3 ჩაჭრა), სანდერსი (19+15 მოხსნა), ჯენინგსი (16+5 მოხსნა), დანლივი (16+3 დაფარება), ჰენსონი (10+6 მოხსნა).

ლეიკერსი-მაიამი 90:99
22:26, 23:18, 20:29, 25:26
ლ: ბრაიანტი (22), უორლდ პისი (16), ჰოვარდი (13+16 მოხსნა), ჯეიმისონი (12+6 მოხსნა), პ. გასოლი (12).
მ: ჯეიმსი (39+7 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა), უეიდი (27+5 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონ ჯეიმსმა 20 ათას ქულას და 5 ათას პასს მიაღწია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული