NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობი ბრაიანტიც კი კრიზისშია

AutoSharing Option
"ლეიკერსი" ამჯერად "ტორონტოს" ვერ გაუმკლავდა და ზედიზედ მეხუთედ წააგო სტუმრად.

კანადელები, უბრალოდ, დასცინოდნენ მეტოქეს პირველ და მეოთხე მეოთხედებში, როცა იოლად შედიოდნენ ფარქვეშ ან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ესროდნენ სამქულიანებს. დ’ენტონის შეგირდები ვერ ასწრებდნენ უკან დაბრუნებას და ერთიმეორის მიყოლებით უშვებდნენ მეტოქის კონტრშეტევებს.

ეს არა მარტო ზრდიდა სხვაობას, არამედ ნეგატიურად მოქმედებდა მთელ "ლეიკერსზე". სხვათა შორის, გუნდის კრიზისი უკვე ბრაიანტზეც აისახება, რომელიც ბოლო ორ მატჩში თამაშიდან 31 პროცენტის სიზუსტით ისროდა და მხოლოდ ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ისევ დააღალატა გუნდი დუაიტ ჰოვარდმა, რომელიც პირველი ნახევრის
ბოლოს, ორი ტექნიკური ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს. თუმცა "სუპერმენისგან" ისედაც არანაირი ხეირი არ იყო - 17 წუთში მან სამიდან მხოლოდ ერთი ტყორცნა გამოიყენა და ორი მოხსნა აიღო.

რა თქმა უნდა, "ტორონტოსაც" ჰქონდა ჩავარდნები და ამით "ლეიკერსს" შანსი გაუჩნდა, მაგრამ სტუმრებს ბრძოლის ჟინი არ ეტყობოდათ. შედეგად, მეოთხე მეოთხედში, "რეპტორზის" 10:0 გაქცევის შემდეგ, მასპინძელთა უპირატესობა 19 ქულამდე გაიზარდა. ზოგს ეჭვიც კი გაუჩნდა, რომ კალიფორნიელები ასეთი თამაშით ირიბად აჩქარებენ მწვრთნელის მორიგ ცვლას.

ახლა "ლეიკერსს" ორი გასვლითი მატჩი აქვს "მემფისთან" და "ჩიკაგოსთან", რასაც მოჰყვება ათიდან შვიდი გასვლა. არადა, კალიფორნიელებმა წელს სტუმრად 19-დან მხოლოდ ხუთჯერ მოიგეს. ბრძოლა პლეი ოფისთვის გრძელდება, შანსი არსებობს, მაგრამ ის თანდათან ქრება ყოველი ასეთი მატჩის შემდეგ.

* * *
რა მდგომარეობაშიც უნდა იყოს "დალასი", ის ყოველთვის ახერხებს სტუმრად "ორლანდოს" დამარცხებას. ეს უკვე ზედიზედ მეშვიდედ მოხდა. გარდა ამისა, "მეჯიქმა" ზედიზედ მეშვიდედ წააგო გუნდთან, რომელსაც მოგება/წაგების უარყოფითი ბალანსი აქვს. "ორლანდომ" კარგად დაიწყო პირველი მეოთხედი, მაგრამ გაანიავა 14-ქულიანი უპირატესობა, შემდეგ კი მეტოქეს გაქცევის საშუალება მისცა.

საფინალო სირენამდე შვიდნახევარი წუთით ადრე "მავერიქსის" უპირატესობა 13 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ მასპინძლებმა იმდენი შეძლეს, რომ ორ ქულამდე დაიყვანეს ჩამორჩენა. "დალასი" შოკში აღმოჩნდა. მის რიგებში მხოლოდ კოლისონი არ დაიბნა და სამქულიანი ჩააგდო, თუმცა რედიკმა იქვე შორეული ტყორცნით უპასუხა, მაგრამ "ჯადოქრებმა" მეტის გაკეთება ვერ შეძლეს. ნოვიცკიმ საჯარიმოები გამოიყენა, რედიკმა კი მეორე სამქულიანი ააცილა.

* * *
"ბოსტონმა" ზედიზედ სამი მატჩი წააგო და მეოთხედ დამარცხდა დეტროიტში. მთელი მატჩის განმავლობაში "კელტები" ერთხელაც არ ყოფილან წინ და დროის დიდი ნაწილი მეტოქის დევნას მოანდომეს. მათ მოახერხეს 18-ქულიანი სხვაობის თითქმის ბოლომდე შემცირება, მაგრამ იმდენჯერ გაექცათ მეტოქე, რომ ბოლოს დაიღალნენ ამ დევნისგან.

თან, "სელტიქსის" რიგებში ვერც ერთმა კალათბურთელმა ვერ იტვირთა ლიდერის როლი. ამის გაკეთება სცადა რონდომ, რომელმაც 15 პასი შეასრულა, მაგრამ ამასთან, 16 ტყორცნიდან მხოლოდ ოთხი მოათავსა კალათში.

* * *
ცენტრალური მატჩი გაიმართა დენვერში, სადაც სათამაშოდ ჩავიდა "ოკლაჰომა". შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა 16 იანვარს გაანადგურა ჯორჯ კარლის გუნდი და აქაც მოგების იმედი ჰქონდა, მაგრამ "დენვერი" ერთ-ერთი ყველაზე საშინაო გუნდია ლიგაში და მის არენაზე ყოველთვის დიდი ბრძოლა იმართება. ასე იყო ამჯერადაც.

მთელი მატჩის განმავლობაში 18-ჯერ იყო ანგარიში თანაბარი, რვაჯერ უპირატესობა ერთი გუნდიდან მეორისკენ გადადიოდა. ბოლოს "დენვერმა" თითქოს გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია, როცა 11 ქულით გავიდა წინ, მაგრამ დურანტის, მარტინისა და უესტბრუკის სამქულიანებით "ოკლაჰომამ" შეძლო მატჩის შემოტრიალება.

თამაში ოვერტაიმში გადავიდა. ამ სეზონში "თანდერს" ხუთი დამატებითი დრო ჰქონდა მოგებული, "დენვერს" – სამი. ოვერტაიმში ყველაფერი გადაწყვიტა კოლისონის შეცდომამ სირენამდე ექვსი წამით ადრე. "დენვერი" 117:116 იგებდა, როცა ფარიდმა ორი საჯარიმო ააცილა და მეტოქეს მატჩის მოგების შესანიშნავი შანსი მისცა, მაგრამ კოლისონმა შეტევაში მიიღო პესონალური. მასპინძლებმა ორივე ჯარიმა ჩააგდეს და კევინ დურანტს მოუმზადებელი სამქულიანის შესრულება მოუწია. მან ვერ შეძლო მეორე ოვერტაიმში მატჩის გადაყვანა.

უცნაური შეხვედრა ჩაატარეს "ოკლაჰომას" ლიდერებმა. დურანტმა და უესტბრუკმა, შესაბამისად, 37 და 36 ქულა დააგროვეს და თან ძალიან ცოტა დააკლდათ სამმაგ დუბლამდე, მაგრამ ამასთან, ამ დუეტმა ჯამში 12 შეცდომა დაუშვა და მხოლოდ 17 ტყორცნა მოათავსა კალათში 46 ცდიდან.

ტორონტო-ლეიკერსი 108:103
29:20, 24:29, 30:21, 25:33
ტ: კალდერონი (22+9 პასი), ფილდსი (18+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), დევისი (18+8 მოხსნა), ანდერსონი (14+8 პასი+3 ჩაჭრა).
ლ: ბრაიანტი (26+5 პასი), გასოლი (25+5 მოხსნა), ნეში (16+9 პასი), კლარკი (14+14 მოხსნა).

ორლანდო-დალასი 105:111
24:26, 24:31, 27:28, 30:26
ო: დევისი (24+6 მოხსნა+6 პასი), ნელსონი (20+6 მოხსნა+5 პასი), რედიკი (18), აფლალო (16+6 მოხსნა), ვუჩევიჩი (14+11 მოხსნა).
დ: მერიონი (20+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), კარტერი (15+6 პასი+3 დაფარება), მაიო (15), ბრენდი (14+6 მოხსნა), კამანი (13+8 მოხსნა), ნოვიცკი (12+7 მოხსნა+3 დაფარება), კოლისონი (11+9 პასი).

დეტროიტი-ბოსტონი 103:88
27:18, 25:30, 29:23, 22:17
დ: დრამონდი (16+7 მოხსნა), მონრო (15+11 მოხსნა+5 პასი), ნაითი (15+6 მოხსნა+5 პასი), ბაინუმი (15+5 პასი), პრინსი (14), სინგლერი (13+8 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა).
ბ: გარნეტი (16+7 მოხსნა), ლი (16+3 ჩაჭრა), გრინი (15), პირსი (10+8 მოხსნა), რონდო (8+9 მოხსნა+15 პასი+3 ჩაჭრა).

დენვერი-ოკლაჰომა 121:118 (ო)
25:25, 26:25, 30:29, 28:30, 12:9
დ: ბრიუერი (26+6 მოხსნა), გალინარი (18+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ფარიდი (16+10 მოხსნა+4 დაფარება), ჩენდლერი (12), ლოუსონი (11+5 მოხსნა+9 პასი), მილერი (11), კუფოსი (10+11 მოხსნა).
ო: დურანტი (37+7 მოხსნა+8 პასი), უესტბრუკი (36+8 მოხსნა+9 პასი), მარტინი (18+3 ჩაჭრა), იბაკა (16+6 მოხსნა).

სუპერსონიქსი აღდგება
როგორც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს, ძმები მალუფები დათანხმდნენ "საკრამენტო კინგზის" მიყიდვას სიეტლელი ბიზნესმენების ჯგუფისთვის, რომელსაც სათავეში უდგას კრის ჰანსენი.

გარიგების თანხა 525 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ლიგის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. თუმცა კლუბის გასხვისების პროცედურას თანხმობა უნდა მისცეს NBA-ს მმართველმა საბჭომ. ამბობენ, რომ ჰანსენი გუნდს სიეტლში გადაიტანს და მას "სუპერსონიქსს" დაარქმევს.

შეგახსენებთ, რომ სიეტლში დაწყებულია ახალი არენის მშენებლობა, რომელზეც ითამაშებს განახლებული "სუპერსონიქსი". არენა ექსპლუატაციაში 2015-16 წლების სეზონის დასაწყისში შევა. თავად "კინგზი" სიეტლში 2013-14 წლების სეზონისთვის გადავა და საშინაო მატჩებს ძველ Key Arena-ზე ჩაატარებს.

"კინგზის" ახალ მეპატრონეებს გრანდიოზული გეგმები აქვთ. მათ სურთ, განახლებული კლუბის ხელმძღვანელთა შემადგენლობაში შევიდეს NBA-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ფილ ჯექსონი. ასევე, ლაპარაკია გუნდში ლარი ბერდის მიწვევაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კობი ბრაიანტის ვარსკვლავური რეკორდი: ზედიზედ 15 "ოლ სტარი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული