NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გადარჩენილი "სპურსი", ბრწყინვალე "კლიპერსი"

AutoSharing Option
დიდი სათამაშო დღე შედგა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში და ვიხილეთ 2007 წლის ფინალის მინი-რიმეიქი. აუტსაიდერის სტატუსის მიუხედავად, "კლივლენდმა" კინაღამ მოახერხა "სან ანტონიოს" დამარცხება, რომელშიც, როგორც იქნა, სამივე ლიდერმა (დანკანი, ჯინობილი, პარკერი) ერთად ითამაშა. საერთო ჯამში, "კლივლენდს" ორმა შეცდომამ არ მისცა სრულიად დამსახურებული გამარჯვების მოპოვების საშუალება. თავიდან, სირენამდე წუთნახევრით ადრე, მასპინძლებმა შეტევაში ააღებინეს მოხსნა დანკანს. ვეტერანმა სწრაფად მიაწოდა ბურთი ნილს, რომელმაც ზუსტი სამქულიანით გაათანაბრა ანგარიში.

ცხრა წამით ადრე, უეიტერსის ურთულესი ტყორცნის შემდეგ, "კლივლენდმა" დაიბრუნა ლიდერობა, მაგრამ ამჯერად, სკოტის შეგირდებმა დაცვაში დაუშვეს უპატიებელი
შეცდომა. მათ დიდი ყურადღება დაუთმეს პარკერის მეურვეობას და მიავიწყდათ ლეონარდი, რომელიც მარტო იდგა მოედნის კუთხესთან. ზუსტი სამქულიანი და "სან ანტონიომ" მინიმალური უპირატესობა მოიპოვა, რაც ბოლომდე შეინარჩუნა.

* * *
დაცვითი თამაშის ზეიმი ვიხილეთ "ბოსტონისა" და "ჩიკაგოს" მატჩში. ამასთან, "კელტებმა" ახალი ფურცელი ჩაწერეს ლიგის ისტორიაში, როცა მეორე და მესამე მეოთხედებში მხოლოდ 19 ქულა აიღეს - ეს არის ისტორიაში მესამე ყველაზე უარესი შედეგი მატჩის ამ მონაკვეთში დაგროვილი ქულების რაოდენობით.

გუნდებს ანტირეკორდების დამყარების კარგი შანსი ჰქონდათ, რადგან სირენამდე 5 წუთით ადრე, ანგარიში 59:54 იყო "ბოსტონის" სასარგებლოდ. ეს ის რიცხვებია, რომელიც, უფრო ხშირად, პირველი ტაიმის შემდეგ ფიქსირდება. თავად ეს ანგარიში მასპინძლების 10:0 გაქცევის შემდეგ დაფიქსირდა. ბოლო ხუთ წუთში კი გუნდები შედეგიანად ათამაშდნენ. "კელტებში" სამქულიანები ჩაიწერეს აქტივში პირსმა და ტერიმ, "ხარები" კი ქულებს ფარქვეშიდან და საჯარიმოს ხაზიდან აგროვებდნენ. საბოლოოდ, "ბოსტონს" გამარჯვება მოუტანა გარნეტის საშუალო ტყორცნამ სირენამდე 20 წამით ადრე. ამის შემდეგ, სტუმრებს სამქულიანი სჭირდებოდათ, მაგრამ რობინსონის შორეული ტყორცნა მიზანს აცდა.

* * *
"კლიპერსმა" 10-ქულიანი სხვაობით მოუგო "ჰიუსტონს", მაგრამ ის არ ასახავს იმ უპირატესობას, რაც კალიფორნიელებს აღნიშნულ შეხვედრაში გააჩნდათ. "როკეტსს" სასტიკი განადგურება არ აცდებოდა, ლოსანჯელესელებს პირველ მეოთხედში აღებული ტემპი ბოლომდე რომ შეენარჩუნებინათ. სადებიუტო 12 წუთში "კლიპერსმა" 46 ქულა დააგროვა, რომელთაგანაც 17 კერონ ბატლერის ანგარიშზე იყო. ასეთი სტარტი საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად. მასპინძლებმა აშკარად ძალები დაზოგეს, რადგან მათ წინ ჰქონდათ "ლეიკერსთან" პრინციპული დუელი. "ჰიუსტონისგან" კი ამ მატჩში ისედაც არავინ ელოდა მოგებას, რადგან "რაკეტებს" ტრავმის გამო აკლდათ ლიდერი ჯეიმს ჰარდენი.

* * *
"ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა: "დენვერთან" საშინაო ტრიუმფის შემდეგ, კანადურმა კლუბმა სტუმრად დაამარცხა "ნიუ იორკი". ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა "რეპტორზის" რეზერვისტმა ანდერსონმა, რომელმაც რვიდან ექვსი სამქულიანი ჩააგდო და 26 ქულა დააგროვა. მან ღირსეულად შეცვალა ლოური, რომელიც ზედმეტი ტექნიკური ჯარიმებისთვის ნაადრევად გაისტუმრეს მოედნიდან.

"ტორონტომ" შთამბეჭდავი სპურტი მოაწყო მესამე მეოთხედში, რითაც საკმარისი ჰანდიკაპი შეიქმნა და ის მატჩის ბოლომდე არ დათმო. ამასთან, კანადელებმა შესანიშნავად იმუშავეს კარმელო ენტონის წინააღმდეგ, რომელმაც თამაშიდან 24-ჯერ ისროლა და ხუთი ბურთი მოათავსა კალათში.

ნიუ იორკი-ტორონტო 88:92
18:14, 24:23, 18:28, 28:27
ნ-ი: სმიტი (26), ფელტონი (16+5 პასი+4 ჩაჭრა), ენტონი (12+12 მოხსნა), ჩენდლერი (10+9 მოხსნა), სტაუდმაიერი (10+7 მოხსნა).
ტ: ანდერსონი (26), დეროზანი (20), ლოური (12), ლუკასი (12), გეი (11+8 მოხსნა), ფილდსი (4+10 მოხსნა).

დეტროიტი-ვაშინგტონი 96:85
21:19, 23:26, 21:23, 31:17
დ: კალდერონი (24+5 მოხსნა), ბაინუმი (20+8 პასი), მონრო (16+18 მოხსნა), სინგლერი (12+7 მოხსნა), ვილანუევა (11+5 მოხსნა).
ვ: ოკაფორი (20+9 მოხსნა), უოლი (16+9 პასი), ნენე (10), არიზა (10), ბილი (10).

მილუოკი-ფილადელფია 94:92
18:28, 25:22, 29:25, 22:17
მ: ელისი (27+5 პასი), ჯენინგსი (21+5 პასი), დალემბერი(17+14 მოხსნა+3 დაფარება), დანლივი (11), მბა ა მუტე (10+8 მოხსნა).
ფ: ტერნერი (20), ჰოიესი (19+9 მოხსნა), ჰოლიდეი (16+5 მოხსნა+12 პასი), ნ. იანგი (14+5 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-პორტლენდი 99:63
19:14, 19:12, 29:18, 32:19
ნ-ო: დევისი (21+11 მოხსნა), ანდერსონი (14+7 მოხსნა), სმიტი (13), ამინუ (10+9 მოხსნა), ვასკესი (10+5 მოხსნა+8 პასი).
პ: ლილარდი (12), კლავერი (11+6 მოხსნა), ჰიქსონი (10+5 მოხსნა).

მინესოტა-იუტა 93:97
17:10, 23:32, 23:26, 30:29
მ: უილიამსი (24+16 მოხსნა), პეკოვიჩი (19+13 მოხსნა), რუბიო (18+9 მოხსნა+10 პასი+4 ჩაჭრა), რიდნური (18).
ი: მილსეპი (21+8 მოხსნა), ჯეფერსონი (20+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), კეროლი (11+5 მოხსნა), ფოიე (10), კანტერი (10).

დალასი-საკრამენტო 123:100
30:27, 29:17, 33:33, 31:23
დ: კარტერი (26+5 მოხსნა), კოლისონი (18+9 პასი), ნოვიცკი (17+8 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), კრაუდერი (11), მაიო (10+3 ჩაჭრა).
მ: ტ. ევანსი (23+3 ჩაჭრა), კაზინსი (17+13 მოხსნა), ტომპსონი (17+9 მოხსნა), ჯონსონი (16+6 მოხსნა), ტომასი (12).

კლიპერსი-ჰიუსტონი 106:96
46:28, 23:21, 19:23, 18:24
კ: გრიფინი (20+11 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), ბატლერი (19), ბილაპსი (19), კროუფორდი (13), პოლი (10+11 პასი+3 ჩაჭრა).
ჰ: პარსონსი (17+6 მოხსნა), ლინი (14+7 პასი), ანდერსონი (14+5 მოხსნა), მოტეიუნასი (13), პატერსონი (12+6 მოხსნა), მორისი (10+6 მოხსნა).

ორლანდო-ატლანტა 76:108
19:25, 17:32, 20:33, 20:18
ო: ნიკოლსონი (10+6 მოხსნა), ნელსონი (10).
ა: სმიტი (30+10 მოხსნა+5 პასი), ჰორფორდი (26+12 მოხსნა+5 პასი), ტიგი (7+11 პასი).

კლივლენდი-სან ანტონიო 95:96
22:21, 32:25, 19:28, 22:22
კ: უეიტერსი (20+6 მოხსნა), ზელერი (16+9 მოხსნა), ტომპსონი (10+7 მოხსნა), მაილზი (10+5 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (24+6 მოხსნა+7 პასი), ნილი (15), ლეონარდი (13+10 მოხსნა+4 დაფარება), დანკანი (13+6 მოხსნა+5 დაფარება), ბლეირი (12+5 მოხსნა).

ინდიანა-შარლოტი 101:77
30:29, 19:17, 21:14, 31:17
ი: ჯორჯი (23+12 მოხსნა+12 პასი), ჰენსბრო (19+10 მოხსნა), ჰილი (11), ჰიბერტი (10+8 მოხსნა+3 დაფარება), პენდერგრაფი (10+8 მოხსნა), მაინმი (10+5 მოხსნა+3 ჩაჭრა).
შ: მალენსი (19), ჰენდერსონი (14), სეშენსი (13), ბიიომბო (5+16 მოხსნა+4 დაფარება), ედრიენი (2+10 მოხსნა).

ბოსტონი-ჩიკაგო 71:69
24:15, 11:21, 8:13, 28:20
ბ: ბასი (14+9 მოხსნა), გარნეტი (12+11 მოხსნა), ტერი (12), ბრედლი (10).
ჩ: ბელინელი (12), ბუზერი (11+11 მოხსნა), ბატლერი (11+6 მოხსნა), ნოა (10+16 მოხსნა).

ბრუკლინი-დენვერი 119:108
23:26, 39:31, 33:24, 24:27
ბ: ჯონსონი (26+9 პასი), უოტსონი (25+6 პასი), ლოპესი (23+8 მოხსნა), ჰემფრიზი (14).
დ: ლოუსონი (26+9 პასი), ჰემილტონი (15), მაკგი (14), ბრიუერი (12), ჩენდლერი (11+7 მოხსნა), მილერი (8+10 პასი).

ვინსმა ლარის გადაასწრო
"დალას მავერიქსის" ვეტერანმა ფორვარდმა ვინს კარტერმა NBA-ის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში უკან ჩამოიტოვა ლეგენადური ლარი ბერდი. 36 წლის კარტერს 21 796 ქულა დაუგროვდა, რაც ყოფილი ბოსტონელის მონაგარზე ხუთი ქულით მეტია. ამის შესახებ წერს NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი. კარტერმა სნაიპერთა სიაში 29-ე ადგილზე გადაინაცვლა.

კარტერმა ბერდის შედეგი "საკრამენტოსთან" მატჩის დროს გააუმჯობესა. ამ შეხვედრაში "დალასმა" 123:100 მოიგო და ვინსმა თავის გუნდს 26 ქულა შესძინა. ყველაზე უკეთ ფორვარდს მესამე მეოთხედი გამოუვიდა, რომელშიც ხუთი სამქულიანი ჩააგდო.

მოქმედ კალათბურთელებს შორის კარტერი მეშვიდე ადგილზეა. მასზე წინ არიან: კობი ბრაიანტი, კევინ გარნეტი, დირკ ნოვიცკი, პოლ პირსი, რეი ალენი და ტიმ დანკანი.
ყველა დროის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელია ქარიმ აბდულ-ჯაბარი, რომელმაც 38 387 ქულა დააგროვა. მეორეზეა კარლ მელოუნი, მესამეზე - მაიკლ ჯორდანი.

თურქს დოპინგი მიუღია
ცნობილია, რომ სპორტის სათამაშო სახეობებში დოპინგ-სკანდალებს ნაკლებად აქვს ადგილი, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობენ. გუშინ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 20-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა “ორლანდო მეჯიქის” ფორვარდი ჰედო თურქოგლუ.
კალათბურთელის სისხლში აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატი – მეტენოლონი, რომელიც ანაბოლური სტეროიდების კატეგორიაში გადის. თურქმა აღიარა დანაშაული და ბოდიში მოიხადა NBA-ის, გუნდისა და გულშემატკივრების წინაშე.

თურქოგლუს სიტყვებით, მან მეტენოლონი გასულ წელს მიიღო მხარის ტრავმის მკურნალობის დასაჩქარებლად. ჰედომ განაცხადა, რომ მას უნდა შეემოწმებინა NBA-ში აკრძალული პრეპრატების სია და შემდეგ მიეღო სტეროიდები, მაგრამ დაავიწყდა ამის გაკეთება.

მიმდინარე სეზონში თურქმა 11 მატჩი ჩაატარა “ორლანდოს” რიგებში და საშუალოდ 2.9 ქულა და 2.4 მოხსნა დააგროვა. წლევანდელი რეგულარულის სტარტიი მან ხელის მოტეხილობის გამო გამოტოვა.

თურქოგლუ მერვე კალათბურთელია NBA-ის ისტორიაში, ვინც დისკვალიფიკაცია მიიღო აკრძალული პრეპარატის გამოყენების გამო.

წელს როუზს ვერ ვნახავთ?
“ჩიკაგო ბულზის” ლიდერი დერიკ როუზი, რომელიც აღდგენით კურსს გადის მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ, შესაძლოა, ამ სეზონში საერთოდ არ გამოჩნდეს მოედანზე. შარშანწინდელი სეზონის MVP-მ აღნიშნა, რომ იქამდე არ განაახლებს თამაშს, სანამ ასი პროცენტით არ იქნება ჯანმრთელი. შეგახსენებთ, რომ როუზი უკვე მონაწილეობს ვარჯიშებში, მაგრამ ჯერ სრულად დატვირთვა არ შეუძლია.

“ყველაფერი დამოკიდებულია ჩემს გადაწყვეტილებაზე, - ამბობს როუზი. - თუ თავს 110 პროცენტით მზად არ ვიგრძნობ, მოედანზე არ გავალ. სრულიადაც არ ვიღელვებ სეზონის სრულად გამოტოვებას. თუ ჯანმრთელობა საშუალებას არ მომცემს, არ გავრისკავ და არ ვიჩქარებ კარიერის განახლებას”.

გარნეტის ბოლო ოლ სტარი
“ყველა ვარსკვლავის მატჩმა”, რომელიც 17 თებერვალს ჰიუსტონში გაიმართება, შესაძლოა, “ნიუ იორკ ნიქსის” ლიდერის კარმელო ენტონის გარეშე ჩაიაროს, - იტყობინება ESPN. ფორვარდმა მარჯვენა ხელის ტრავმა “ტორონტოს” წინააღმდეგ გუშინდელ მატჩში მიიღო.

ტკივილის მიუხედავად, ენტონიმ მატჩი ბოლომდე ითამაშა და შემდეგ მიმართა ექიმებს. როგორც კალათბურელმა აღნიშნა, თუ ტკივილი არ გაივლის, ის არ გარისკავს თავის ჯანრთელობას და არ ითამაშებს “ოლ სტარზე”.

შეგახსენებთ, რომ “ყველა ვარსკვლავის მატჩში” მონაწილეობას ვერ მიიღებს “ბოსტონის” გამთამაშებელი რაჟონ რონდო, რომელიც სეზონის ბოლომდეა დამტვრეული. ასევე საეჭვო ჰიუსტონში “ჩიკაგოს” ცენტრის ჟოაკიმ ნოას თამაში.

* * *

ამასობაში გაირკვა, რომ კევინ გარნეტი წელს უკანასკნელად ითამაშებს "ყველა ვარსკვლავის მატჩში". "ბოსტონის" ვეტერანმა ფორვარდმა ამის შესახებ "ჩიკაგოსთან" მატჩის შემდეგ მიანიშნა. წელს, კეი ჯი მეთხუთმეტედ გამოვა "ოლ სტარზე".

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ისევ მიხილავთ ამ შოუზე, სადაც მეგობრებს შევხვდები და ოჯახთან ერთად დროს სასიამოვნოდ გავატარებ. არ მოვიქცევი ისე, თითქოს ისევ ვაპირებ "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობის მიღებას. უბრალოდ, მინდა ვისიამოვნო", - ამბობს ESPN-თან კომენტარში გარნეტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონის რეკორდი და კობის ყველაზე ცუდი მატჩი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული