უოლის პირველი გაელვება

AutoSharing Option
გასულ ტურში ყველაზე საინტერესო ბრძოლა აღმოსავლეთის აუთსაიდერებმა - "ვაშინგტონმა" და "ფილადელფიამ" შემოგვთავაზეს. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელშიც 2010 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა ჯონ უოლმა სრულად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები. 29 ქულის და 13 პასის გარდა, დედაქალაქელთა ახალგაზრდა მცველმა 9 (!) ჩაჭრა მიითვალა, რითაც "უიზარდსის" საკლუბო რეკორდი განაახლა.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, პირველ რიგში უაღრესად დაძაბული დასასრული უნდა გამოვყოთ. მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე "ფილადელფიას" უპირატესობა 6 ქულას შეადგენდა. მასპინძლებმა სამ ქულამდე შეამცირეს სხვაობა და წამზე ოდნავ მეტი დაიტოვეს ბოლო შეტევისთვის.
"ვაშინგტონის" გადარჩენა D-ლიგის ყოფილმა მოთამაშემ კარტიე მარტინმა იკისრა, რომელმაც ანდრე იგუოდალას მჭიდრო მეურვეობის მიუხედავად, სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებით ხუთ წუთში კი უპირატესობას "უიზარდსი" ფლობდა, თუმცა "ფილადელფია" მთლად უშანსოდ არ ყოფილა. 15 წამით ადრე ელტონ ბრენდმა წინ გაიყვანა სტუმართა გუნდი, მაგრამ საპასუხო შეტევაში ვეტერანმა ბლეტჩზე მიიღო პერსონალური და ამ უკანასკნელმა ორივე საჯარიმო გამოიყენა. "სიქსერზმა" დარჩენილი 7 წამი იკმარა საბოლოო ტყორცნის განსახორციელებლად, მაგრამ იგუოდალა არაზუსტი იყო. "ფილადელფიამ" სტარტზე ოთხიდან ოთხი მატჩი წააგო - ამ გუნდს ასეთი ცუდი სტარტი 2001-02 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია.

ახლა კი ისევ ჯონ უოლის გმირულ თამაშს დავუბრუნდეთ. ვაშინგტონელი მესამე ახალწვეული გახდა ლიგის ისტორიაში, ვინც სამ სადებიუტო შეხვედარში 60 ქულაზე და 20 შედეგიან პასზე მეტი დააგროვა. მანამდე ასეთი შედეგი ოსკარ რობერტსონსა (1960-61) და კონი ჰოუკნისს (1969-70) ჰქონდათ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. უოლმა ჯამში 31 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რაც NBA-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგია სამ სასტარტო შეხვედრაში, თუმცა უოლი პირველ ადგილს იყოფს დემონ სტაუდმაიერთან (1995-96) და ჯამალ ტინსლისთან (2001-02).

სხვა მატჩებში ფავორიტებმა უშანსოდ დატოვეს კლასით დაბალი მეტოქეები. ასე მაგალითად, "მაიამიმ" "მინესოტა" არ დაინდო. პირველ მეოთხედში მეტნაკლებად თანაბარი თამაშის შემდეგ, ფლორიდელებმა უბრალოდ გადათელეს მეტოქეს. "დიდი ტრიო" გარდა, კვლავ კარგად წარმოაჩინა თავი ჯეიმს ჯონსმა. "ჰიტის" სნაიპერმა გადამწყვეტ მომენტში 5 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ დაასამარა მინესოტელთა იმედები.

იოლ გამარჯვებას მიაღწია მოქმედმა ჩემპიონმა "ლეიკერსმა". "მემფისთან" მატჩის ბედის დიდ შესვენებამდე გადაწყდა. კობი ბრაიანტმა და პაუ გასოლმა ამჯერადაც მთავარი როლი ითამაშეს გამარჯვებაში - ორივემ თამაშიდან ტყორცნები 50 პროცენტზე მაღალი სიზუსტით შეასრულეს. პირველი ტაიმის შემდეგ სხვაობა 27 ქულა იყო და შეხვედრამ ყოველგვარი აზრი დაკარგა.
სეზონის სტარტზე ლიგის საუკეთესო გამთამაშებელი ბოსტონელი რაჟონ რონდოა, რომელიც ფენომენალურ შედეგს აჩვენებს. "კლივლენდთან" წაგებულ მატჩს თუ არ ჩავთვლით, "კელტების" ფლეიმეიქერი მინიმუმ 17 (!) შედეგიანი პასის გარეშე არ ტოვებს მოედანს და ამ მომენტისთვის მისი საშუალო მაჩვენებელი 16.8 გადაცემას უტოლდება. "დეტროიტთან" მატჩის შემდეგ რონდო კლუბის საუკეთესო ასისტენტთა სიაში სემ ჯონსს გაუსწრო და 2211 შედეგიანი პასით მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.

ერთი მატჩი გადაიდო. უსაფრთხოების მოსაზრებებით მოედანზე ვერ გავიდნენ "ნიუ იორკი" და "ორლანდო". წინა დღეს გამართული NHL-ის მატჩის შემდეგ "მედისონ სკვერ გარდენის" ჭერის ასბესტისგან გასუფთავება დაიგეგმა, მაგრამ ამ პროცესის დროს მინერალის მსხვილი ნაჭრები მოედანზე დაეცა, ამიტომაც მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად საკალათურთო მატჩის გადატანა გადაწყდა. ჯერ უცნობია, როდის შეხვედებიან ერთმანეთს "ნიქსი" და "მეჯიქი.

კლივლენდი-ატლანტა 88:100
27:40, 20:19, 26:15, 15:26
კ: ჰიქსონი (31+5 მოხსნა), უილიამსი (12), პარკერი (10), ვარეჟაო (2+12 მოხსნა).
ა: უილიამსი (22), ჰორფორდი (16+12 მოხსნა), კროუფორდი (16), ჯონსონი (15+9 პასი+6 მოხსნა), ბიბი (15).

ვაშინგტონი-ფილადელფია 116:115 (ო)
27:28, 23:20, 22:18, 34:40, 10:9
ვ: უოლი (29+13 პასი+9 ჩაჭრა), ბლეტჩი (23+8 მოხსნა), იანგი (20), ტორნტონი (12+6 მოხსნა).
ფ: ბრენდი (21+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჰოლიდეი (14+13 პასი), იგუოდალა (12+9 პასი).

დეტროიტი-ბოსტონი 86:109
26:31, 18:26, 24:31, 18:21
დ:: ვილანუევა (17+7 მოხსნა), დეი (16+5 მოხსნა), სტაკი (15), გორდონი (14), პრინსი (10).
ბ: გარნეტი (22+6 მოხსნა), პირსი (21+5 მოხსნა), ალენი (16), ჯ. ო'ნილი (12), დევისი (10+5 მოხსნა), რონდო (9+17 პასი).

მაიამი-მინესოტა 129:97
33:27, 36:26, 29:17, 31:27
მაი: უეიდი (26), ჯეიმსი (20+12 პასი), ჯონსი (17+6 მოხსნა), ჰაუსი (15), ბოში (13+6 მოხსნა), ჰასლემი (11+10 მოხსნა).
მინ: ლავი (20+6 მოხსნა), ჯონსონი (13+5 პასი), ტელფეირი (13), პეკოვიჩი (12+8 მოხსნა), ბიზლი (11).

მილუოკი-პორტლენდი 76:90
27:21, 18:26, 17:26, 14:17
მ: მაგეტი (16), დელფინო (14+5 მოხსნა), ბოგუტი (12+9 მოხსნა).
პ: მეტიუზი (18+5 მოხსნა), როი (17+5 ჩაჭრა), ოლდრიჯი (14+8 მოხსნა+5 დაფარება+4 ჩაჭრა), კანინგენი (12+6 მოხსნა), მილერი (12+5 პასი), ჯონსონი (10+5 პასი), კემბი (2+13 მოხსნა).

ლეიკერსი-მემფისი 124:105
34:23, 39:23, 24:30, 27:29
ლ: ბრაიანტი (23+5 მოხსნა), პ. გასოლი (21+13 მოხსნა+5 პასი), ოდომი (17+8 მოხსნა+6 პასი), ბარნსი (16+14 მოხსნა), ბრაუნი (13), ბლეიკი (10).
მ: გეი (30), კონლი (16+8 პასი+5 მოხსნა), მ. გასოლი (11+8 მოხსნა+5 პასი), არტური (10+7 მოხსნა), ჰენრი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული